რა არის კლაუსტროფობია
კლაუსტროფობია ფობიების ერთ-ერთი წარმომადგენელია. ეს არის დახურული სივრცის შიში. დახურულ სივრცედ განიცდება ლიფტი, თვითმფრინავი, პატარა და უღიობო სათავსო, გვირაბი, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფის კამერა, მეტრო და სხვა. კლაუსტროფობია შეტანილია მენტალური დარღვევების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, DSM-5), სპეციფიკური ფობიების ჯგუფში.
თუ კლაუსტროფობია გაქვს, მაშინ შენ უწყი, რომ დახურულ სივრცეში ძლიერი დისკომფორტი ან შფოთვა გეუფლება და მუდამ ჩაბეჭდილი გაქვთ გონებაში, რომ თავი აარიდო დახურულ სივრცეში მოხვედრას. ფობიამ შეიძლება ისე მოგიცვას, რომ ხშირად გეფიქრებოდეს ამაზე, ძილიც კი გაგიკრთეს. კლაუსტროფობია მნიშვნელოვან სირთულეებს განაპირობებს ყოველდღიურ ცხოვრებაში; შეუძლებელს ხდის ლიფტის მოხმარებას, ფრენას, მეტროთი მგზავრობას.
ადამიანების დაახლოებით 12.5% კლაუსტროფობიით ცხოვრობს, მათი უმრავლესობა ქალია. კლაუსტროფობიის მქონე ადამიანს თვითონ ჩაკეტილი სივრცის, როგორც ასეთის, კი არ ეშინია, არამედ იმის, რაც შეიძლება ჩაკეტილ სივრცეში მოხდეს. ობიექტურად, ჩაკეტილი სივრცე შიგ მყოფის თავისუფალი მოძრაობის შეზღუდვასთან არის დაკავშირებული. აღმოჩნდა, რომ ასეთ სივრცეებში შფოთვის რეაქციას ამჟღავნებენ ექსპერიმენტული ცხოველებიც. კლაუსტროფობიის მქონე ადამიანებს ჩაკეტილ სივრცეში აღეძვრებათ მოხრჩობის შიშიც.
რა ვიცით ეტიოლოგიაზე
კლაუსტროფობიის, ისევე როგორც სხვა სპეციფიკური ფობიების დროს, თავის ტვინის ფრონტალური წილი სათანადოდ ვერ არეგულირებს ლიმბური სისიტემის, კერძოდ ნუშისებრი სხეულის (ამიგდალას) ჰიპერაქტივობას. სპეციფიკური ფობიების მქონე ადამიანების ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ შიშის სტიმულის ზემოქმედება იწვევდა ლიმბური სისტემის აქტივაციას.
ფობიურ შიშს ახასიათებს ორი თავისებურება: შიშის სენსიბილიზაცია და შიშის ჰაბიტუაცია. შიშის სენსიბილიზაცია ეს არის მოვლენა, როცა სტიმული იწვევს შიშის გამძაფრებულ და გენერალიზებულ რეაქციას, მათ შორის ისეთი სტიმული, რომელიც პირდაპირ კავშირში არ არის საწყის სტრესორთან. სენსიბილიზაციის დროს აღინიშნება თავის ტვინის ნუშისებრი სხეულის (ამიგდალას) აქტივობის ზღურბლის დაქვეითება. ფობიური დისფუნქციისთვის დამახასიათებელია ის, რომ თავდაცვითი რეაქცია ირთვება შიშის ობიექტის წინასწარი დასწავლის გარეშეც. შიშის ჰაბიტუაცია წარმოადგენს დაქვეითებულ ემოციურ რეაქციას განმეორებით სტიმულებზე.
მეცნიერები ასახელებენ ადამიანის GPM6A გენს, რომელიც შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს კლაუსტროფობიის განვითარებაზე. ეს გენი განთავსებულია მე-4 ქრომოსომაზე (4q32-q34ე), ექსპრესირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, მათ შორის – ნუშისებრ სხეულში და კოდირებს სტრესის მარეგულირებელ ნეირონულ ცილას.
აშშ-ში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ცალკეული სპეციფიკური ფობიის ნიშნები ხშირად დაკავშირებულია ისეთ მდგომარეობებთან, როგორებიცაა პოსტტრავმული სტრესული დარღვევები, ბიპოლარული დაავადება, გენერალიზებული შფოთვა, ალკოჰოლიზმი, დეპრესია. ამდენად, მნიშვნელოვანია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სპეციფიკური ფობიები ყოველთვის არ არის დაკავშირებული ტრავმულ გამოცდილებასთან ან მენტალურ დაავადებასთან. ცნობილია ისიც, რომ კლაუსტროფობიის მქონე ადამიანებს სხვადასხვა ფსიქოპათოლოგიების მომატებული რისკი აქვთ.
რა სიმპტომები აქვს კლაუსტროფობიას
კლაუსტროფობიის სიმპტომები ჩაკეტილ სივრცეში ვითარდება და ის შფოთვის/პანიკური შეტევის მსგავსია; შეიძლება აღინიშნოს ფიზიკური და ემოციური გამოხატულებები. ფიზიკური სიმპტომებიდან აღწერილია:
- სუნთქვის გაძნელება
- კანკალი
- სახეზე სისხლის მოწოლა
- ოფლიანობა
- ტაქიკარდია და არტერიული წნევის მატება
- პირის სიმშრალე
- თავბრუსხვევა და გულის წასვლის შეგრძნება
- ჰიპერვენტილაცია
- გაშეშება
- მოხუთვის შეგრძნება
- ტკივილის მკერდის არეში
- შარდის გამოყოფა
- მუცელში ე.წ. პეპლების სიმპტომი
- ყურებში ხმაური
ემოციური სიმპტომებიდან აღწერილია:
- ყოვლისმომცველი შფოთვა ან შიში
- კონტროლის დაკარგვის შიში
- გულის წასვლის შიში
- სიკვდილის შიში
- სივრციდან გაქცევის დაუძლეველი სურვილი
- დაბნეულობა და დეზორიენტაცია
კლაუსტროფობიის მქონე ადამიანის მიერ საკუთარი შიში ცნობიერდება, როგორც ირაციონალური, თუმცა შეუძლებელია მისგან თავის დახსნა. ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი აუცილებლობით არ ვლინდება და როგორც წესი ინდივიდუალურად განსხვავებულია.
რაც შეეხება გართულებებს, კლაუსტროფობია არ არის დაკავშირებული თვითდაზიანებასთან და ამდენად – სასიცოცხლო რისკთან. კლაუსტროფობია შეიძლება სერიოზულ დამაბრკოლებლად იქცეს მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევის აუცილებლობის შემთხვევაში.
დიაგნოსტირება და მკურნალობა
კლაუსტროფობიის მართვა ინტერდისციპლინურია და მასში ჩართულები არიან ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, მენტალური ჯანმრთელობის კონსულტანტი, რომლებიც ისახავენ შემდეგ ამოცანებს:
- კლაუსტროფობიის შეფასება-დიაგნოსტირება;
- პაციენტისთვის ტიპიური სიმპტომების აღწერა;
- მკურნალობის შესაძლო ვარიანტების განხილვა;
- მკურნალობის ინტერდისციპლინური სტრატეგიის შემუშავება.
კლაუსტროფობიის შეფასება იწყება ანამნეზის მოკრებით. შეფასების დროს ხდება შიშის დიფერენცირება: შიში, რომელსაც ადამიანი განიცდის არის ნორმალური შიში, ფობია, გარკვეული სამედიცინო მდგომარეობის სიმპტომი თუ შფოთვითი მდგომარეობა. უნდა შეფასდეს, თუ რა გავლენას ახდენს შიში პიროვნების განვითარებაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ოჯახურ დინამიკაზე. დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება კლაუსტროფობიის სპეციფიკური კითხვარები.
მკურნალობის გარეშე კლაუსტროფობიის მქონე ადამიანს მოუწევს ცხოვრება ისე, რომ გამუდმებით გაურბოდეს დახურულ სივრცეებს. კლაუსტროფობიის დაძლევისთვის რეკომენდებულია სხვადასხვა თერაპია:
- ექსპოზიციური თერაპია. თერაპიული ტექნიკა გულისხმობს კონტროლირებად გარემოში პაციენტში შფოთვის გამოწვევას და დესენსიბილიზაციას – ფობიის აღმძრავი სიტუაციის მოდელირებას და შიშის თანდათანობით გადასწავლას. ექსპოზიციური თერაპია შეიძლება დაიწყოს ფოტომასალით, რომელზეც ჩაკეტილი სივრცეებია აღბეჭდილი. თანდათან თერაპევტი გეხმარებათ იმუშაოთ თქვენს პრობლემაზე უკვე ჩაკეტილი სივრცის შიგნით.
- კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია. ფსიქოთერაპიული სესიები, რომლებიც გეხმარებათ ნეგატიური დამოკიდებულების დაძლევაში. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია შეიძლება ჩატარდეს ექსპოზიციურ თერაპიასთან კომბინაციაში.
- ვირტუალური რეალობა. ვირტუალური სიმულაციის გამოყენებით შიშის ობიექტთან შეხება და დესენსიბილიზაცია – თამაში „კლაუსტროფობია“ დახურული სივრცეების სიმულაციით.
- რელაქსაცია და ვიზუალიზაცია. შფოთვის მოხსნის ტექნიკების გამოყენება, მათ შორის რელაქსაციური სავარჯიშოები, მედიტაცია, წარმოსახვითი ტექნიკები.
კლაუსტროფობიის მკურნალობის სტრატეგია შეიძლება გულისხმობდეს მედიკამენტურ მხარდაჭერასაც. ექიმის დანიშნულებით გამოიყენება ბენზოდიაზეპინები, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (ანტიდეპრესანტები) და სხვა. კვლევები აჩვენებს, რომ მედიკამენტური ჩარევა, კოგნიტურ-ბიჰევიორულ ფსიქოთერაპიასთან კომბინაციაში, უკეთესი შედეგის მომტანია.
მნიშვნელოვანია პაციენტის ინფორმირებულობა კლაუსტროფობიისა და მისი სიმპტომების შესახებ, ასევე – შფოთვის მოხსნის ტექნიკების შესახებ, თერაპიული შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც შეუძლია მიმართოს ინფორმირებული არჩევანის საფუძველზე.
წყარო:
https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK542327
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21746-claustrophobia
https://www.webmd.com/anxiety-panic/claustrophobia-overview
