როგორ ფსიქოლოგები ამბობენ, სხეულის ქონა ადვილი არ არის. პარადოქსია, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი სხეულის სიყვარული გვიჭირს. ვფიქრობთ, რომ ის მოუქნელია; არ მოგვწონს მისი სიმაღლე; არ მოგვწონს მისი წონა; არ მოგვწონს მისი ფორმები და ამის გამო შეგვიძლია შევიძულოთ ის. საკუთარი სხეულისადმი კრიტიკული განცდები ან იმედგაცრუება დროდადრო ყველას შეიძლება გაგვიჩნდეს, თუმცა, როცა ადამიანია მოცულია ამით, მოცულია საკუთარი სხეულის მიუღებლობით, მისი სიძულვილით, ეს პრობლემაა. რატომ? – იმიტომ, რომ საკუთარი სხეულის მიუღებლობამ შეიძლება მთელი ცხოვრება გაგიფუჭოს, შეგიზღუდოს სასიამოვნო აქტივობები, გაგირთულოს ურთიერთობები და მეტიც, გამოიწვიოს მენტალური პრობლემები.
საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვით განსაკუთრებით მოცული მოზარდობის ასაკია და ეს ნორმალურია, რადგან მოზარდის ორგანიზმი შესამჩნევად იცვლება, გარეგნობაში მკვეთრი გარდატეხები ხდება. მოზარდი გამუდმებით აკვირდება და აფასებს საკუთარ სხეულებრივ ცვლილებებს: კარგი ფორმები აქვს თუ არა? მოქნილია თუ მოუქნელი? ჰგავს ისეთი გარეგნობის ადამიანებს, რომლებსაც საზოგადოება აიდეალებს თუ ახლოსაც ვერ მივა მათთან? მოზარდისთვის დამახასიათებელია ის, რომ შეიძლება უკიდურესად შეუწყნარებელი იყოს ნებისმიერი თავისებურებისადმი იქნება ეს სხეულის კონსტიტუცია (მაგალითად, სიმსუქნე ან მეტისმეტი სიგამხდრე) თუ განვითარების ტემპი (ადრეული მომწიფება ან პირიქით, დაგვიანებული მომწიფება). ამ შეუწყნარებლობაში მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივი აზრი, განსაკუთრებით კი მასმედია და სოციალური მედია ასრულებს. ისინი ამკვიდრებენ სასურველი გარეგნობის სტერეოტიპებს, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო მოზარდებისთვის დამახასიათებელ გარეგნობასთან – სხეულისა და სახის თავისებურ პროპორციებთან, მოუხეშავ მოძრაობებთან, კანის პრობლემებთან და ა.შ. მოზარდი ხედავს რა, თუ როგორ განსხვავდება მისი გარეგნობა ეტალონების გარეგნობისგან, ეუფლება იმედგაცრუება, შფოთვა, უჩნდება თვითშეფასების პრობლემა.
მოზარდთა ასაკში საკუთარი გარეგნობის ღირსებაც და ნაკლიც განსაკუთრებული სიმკაცრით ფასდება, ამიტომ მოზარდი მიმართავს მკაცრ დიეტებს, ინტენსიურ ფიზიკურ ვარჯიშებს. მოზარდი ბიჭები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სიმაღლეს და კუნთურ მასას, გოგონები კი – სხეულის მასას და ფორმებს. ბევრი ნორმალური წონის გოგონა თვლის, რომ ჭარბი წონა აქვს და გამალებით მიმართავს წონის დაკლების ღონისძიებებს. ეს სახიფათო ტენდენციაა, რადგან როცა ასეთი შფოთვა უკიდურეობას აღწევს, შეიძლება განვითარდეს კვებითი ქცევის დარღვევა, ნერვული ანორექსია ან ბულიმია.
კვლევები აჩვენებს, რომ სკოლის ასაკის მოზარდებში, მიუხედავად სქესისა, შფოთვის მთავარი მიზეზი საკუთარი გარეგნობაა, კერძოდ – სიმაღლე, წონა და კომპლექცია. ნორმაში, ამგვარი შფოთვა მცირდება უფრო გვიან მოზარდობის პერიოდში. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საკუთარი სხეულით უკმაყოფილება ყველაზე უფრო გამოხატულია 13 წლის ასაკის გოგონებსა და 15 წლის ასაკის ბიჭებში. მომდევნო პერიოდში კი ამგვარი უკმაყოფილება მცირდება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში 11-18 წლის ასაკის გოგონებში ის უფრო მეტად გამოხატულია, ვიდრე – ბიჭებში. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მოზარდ გოგონებში საკუთარი სხეულის პოზიტიური ხატი პირდაპირ კავშირშია დედის მიერ საკუთარი სხეულის პოზიტიურ ხედვასთან.
საკუთარი სხეულის ხატი კომპლექსური ფენომენია. ჩვენ მას მარტივად ასე აღვწერთ: “მე მომწონს ჩემი სხეული” ან “მე არ მომწონს ჩემი სხეული”. სინამდვილეში კი ის შემდეგი ფაქტორების კომპლექსია:
- ჩემი აღქმა, თუ როგორ გამოვიყურები საკუთარ თვალში და სხვების თვალში;
- ჩემი გაგება, თუ რა შეუძლია ჩემს სხეულს;
- გაცნობიერება იმისა, თუ როგორ გადაადგილდებიან ჩემი კიდურები სივრცეში;
- ჩემს მიერ საკუთარი სხეულის სხვადასხვა ნაწილების შეფასება;
- საკუთარი სხეულის და მისი ნაწილების განცდა;
- საკუთარი სხეულის ზომების შეფასება;
- კულტურალური გავლენები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყურებოდე;
- ქცევები საკუთარ სხეულთან მიმართებით.
რა არის საკუთარი გარეგნობის უარყოფითი ხედვა
თუკი ქვემოთჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე გახასიათებს, მაშინ საკუთარი თავის უარყოფითი ხედვა შენც გეხება:
- თავს არიდებ გარკვეულ აქტივობებს საკუთარი სხეულის ზომის, წონის ან გარეგნული ნიშნების გამო;
- მალავ საკუთარ სხეულს იმ მიზნით, რომ სხვებმა არ დაინახონ ის, რაც შენ საკუთარ გარეგნობაში არ მოგწონს;
- ხშირ-ხშირად ამოწმებ საკუთარ სხეულს: სასწორზე დგები, სარკეში კრიტიკულად ათვალიერებ სხეულის ნაწილების;
- ატარებ განმეორებით (რიტუალურ) ღონისძიებებს გარეგნობის იმ ნაწილების დასამალად, რომლებიც არ მოგწონს;
- გაქვს უარყოფითი ფიქრები საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით;
- უხეში და დამამცირებელი ტერმინების, სიძულვილის ენის გამოყენებით საუბრობ საკუთარი სხეულის შესახებ;
- საკუთარ გარეგნობაზე ფიქრისას სევდა და ბრაზი გეუფლება;
- გინდა, რომ არ გავდე საკუთარ თავს, არამედ – სხვას;
- საკუთარი გარეგნობის შეცვლის მიზნით უკიდურესად მოცული ხარ ესთეტიური და პლასტიკური სამედიცინო პროცედურებით.
ჩამოთვლილ ქცევებს ბევრი ჩვენგანი დროდადრო მიმართავს. გარეგნობის მოწესრიგება, სრული ტანისამოსით სიარული ან საკუთარი თავის თვალიერება სარკეში აუცილებლობით არ ნიშნავს, რომ საკუთარი სხეულის უარყოფითი ხედვა გვაქვს. პრობლემა არის მაშინ, როცა ასეთი ქცევების გამოხატულების ხარისხი მაღალია ან ან ასეთი ქცევები მძიმედაა გამოხატული.
რა იწვევს საკუთარი გარეგნობის უარყოფით ხედვას?
საკუთარი გარეგნობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. მისი ფესვები შეიძლება ადრე ბავშვობაში მიდიოდეს. სწორდე ბავშვობის გამოცდილებამ შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე განაპირობოს საკუთარი გარეგნობისადმი ჩვენი დამოკიდებულება. კვლევები აჩვენებს, რომ 6-12 წლის ბავშვების 40%-50% უკვე წუხს საკუთარი გარეგნობის გამო.
საკუთარი გარეგნობის უარყოფითი ხედვის გამომწვევ ფაქტორთა შორის შეიძლება იყოს:
– მასმედიით და სოციალური მედიით ტირაჟირებული გარეგნობის ეტალონები და მათთან საკუთარი გარეგნობის შედარება;
– გარეგნობასთან დაკავშირებით ბავშვობის პერიოდის უარყოფითი გამოცდილება: კრიტიკა, გარიყვა, ჩაგვრა
– დაბალი თვითშეფასება;
– ისეთი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, რომლებიც უარყოფითად აფასებენ საკუთარ გარეგნობას;
– დეპრესია.
საკუთარი სხეულის მიუღებლობა შეიძლება აისახოს ცხოვრების სხვადასხვა მხარეზე და მეტიც, მენტალურ ჯანმრთელობაზე. შესაძლოა ჩამოყალიბდეს ისეთი მდგომარეობები, როგორებიცაა:
- კვებითი ქცევის დარღვევები;
- თვითშეფასების პრობლემები;
- გუნება-განწყობილების დარღვევები;
- შფოთვითი დარღვევები;
- თვითდაზიანების ქცევა;
- სხეულის დისმორფული დარღვევები.
ბევრ დროს ხარჯავ იმაზე ფიქრში, თუ როგორ არ მოგწონს საკუთარი სხეული? – ეს არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იმისა, თუ როგორ მოქმედებს საკუთარი სხეულის უარყოფითი ხედვა შენს მენტალურ ჯანმრთელობაზე.
განიცდი დისფორიას? – დისფორია არის წუხილის და ღრმა დისკომფორტის განცდა. ის შეიძლება ნებისმიერ საკითხთან იყოს დაკავშირებული – პირად ურთიერთობებთან, სამსახურთან, ფინანსურ მდგომარეობასთან და ასევე – საკუთარი გარეგნობის უარყოფით ხედვასთან. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოვლინდეს ისეთი დისკომფორტით დაწყებული, როგორიცაა საკუთარი გარეგნობის არმოწონება და დამთავრებული ისეთი ისეთი ქცევებით , როგორიცაა საკვების მკაცრი შეზღუდვა ან თვითდაზიანების ქცევა.
განიცდით დისმორფიას? – დისმორფია ეს არის აკვიატებული (ობსესიური) აზრი იმის შესახებ, რომ საკუთარი გარეგნობა ნაკლოვანია. ადამიანი, რომელიც დისმორფიას განიცდის, საკუთარ გარეგობას, საკუთარ სხეულს ისე არ ხედავს, როგორც ამას სხვა ადამიანები ხედავენ. ფიქრობს, რომ მისი სხეულის ესა თუ ის ნაწილი დამახინჯებულია მაშინ, როცა სინამდვილეში ეს ასე არ არის ან ფიქრობს, რომ სხვებზე მასიური სხეული აქვს მაშინ, როცა სინამდვილეში ეს ასე არ არის. დისმორფიის დროს ადამიანი უუნაროა უარი თქვას ასეთ აკვიატებულ ფიქრებზე.
გაღიზიანებს სხეულზე საუბარი? – ეს ნიშანი იმისა, რომ საკუთარი გარეგნობის უარყოფითი ხედვა უარყოფითად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე. ისეთ ვითარებაში, როცა საუბრის თემა გარეგნობა და სხვა ადამიანების გარეგნობაა, ხშირად აღმოჩნდებით, რადგან ჩვენი საზოგადოება ასეთი საუბრებისგან თავშეკავებით არ გამოირჩევა. თუ ძლიერ გაღიზიანებას განიცდი, როცა სხვები საუბრობენ შენს გარეგნობაზე, მაშინ ღირს დაფიქრებად, ხომ არ არის ეს იმის ნიშანი, რომ საკუთარი გარეგნობის უარყოფითი ხედვა გაქვს.
მეორეს მხრივ, საკუთარი გარეგნობის უარყოფითი ხედვა თავად შეიძლება იყოს განპირობებული რომელიმე მენტალური დაავადებით, როგორებიცაა სოციალური შფოთვითი ან გენერალიზებული შფოთვითი მდგომარეობა, დეპრესია, ობსესიურ-კომპულსიური დარღვევები.
რა ვუშველოთ საკუთარი გარეგნობის უარყოფითი ხედვას
კარგი ინფორმაცია: ეს დაძლევადია! საკუთარი გარეგნობისადმი უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლის ეფექტიანი გზა თერაპიაა. ამ მხრივ ყველაზე უფრო შედეგიან მიდგომებს გაგაცნობთ:
კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია – ის დაგეხმარება შეცვალო საკუთარ გარეგნობასთან მიმართებაში შენი ნეგატიური წარმოდგენები, გააჯანსაღო საკუთარი აზრები სხეულთან დაკავშირებით, ჩაანაცვლო საკუთარი გარეგნობის შესახებ შენს მიერ გამოყენებული კრიტიკული და სიძულვილის ენა, მართო სტრესი და შეძლო რელაქსაცია.
სხვა ფსიქოთერაპია – ნებისმიერი ფსიქოთერაპია (მათ შორის – ჯგუფური ფსიქოთერაპია) და ფსიქოთერაპიულ უსაფრთხო გარემოში საუბარი დაგეხმარება:
- გააცნობიერო საკუთარი გარეგნობის, საკუთარი სხეულისადმი შენი დამოკიდებულება;
- გააცნობიერო ის მიზეზები, რომლებმაც მიგიყვანეს საკუთარი გარეგნობის უარყოფით ხატამდე;
- შეცვალო შენი დამოკიდებულება საკუთარი სხეულის მიმართ;
- შეიყვარო საკუთარი სხეული.
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მედიკამენტური მხარდაჭერაც სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებით. ამის შესახებ კონსულტირებას მენტალური ჯანმრთელობის ექიმი სწევს.
როგორ შევიქმნათ საკუთარი სხეულის დადებითი ხედვა
ამ მიზნით გადადგი პირველი ნაბიჯები:
- სოციალური მედიის დეტოქსი – მიეცით საკუთარ თავს რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე იმისთის, რომ უფრო მეტი დაუთმო ცნობიერების სიცხადეს, საკუთარ თავთან ურთიერთობას, ვიდრე – სოციალურ ქსელებს, რომლებიც გბომბავენ სტერეოტიპებით;
- ჩამოწერე სია იმ თვისებების, რომლებიც მოგწონს საკუთარ თავში;
- გარემოცვაში გყავდეს ის ადამიანები, რომლებიც სიყვარულს და სიხარულს გაძლევენ, როგორც რეალურ, ისე ვირტუალურ სივრცეში;
- ჩამოწერე ყველა ის უარყოფითი აზრი, რაც საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით გიჩნდება. ამის შემდეგ გადაწერე იგივე, მხოლოდ ისე, რომ გამოიყენო საკუთარი თავის პატივისცემის გამომხატველი ტერმინები;
- გადააფასე სილამაზე ისე, რომ აღიქვა ის ნაკლებად ზედაპირულად, ნაკლებად სტერეოტიპულად;
- ტანისამოსის შერჩევისას პირველ ადგილზე დააყენე ის, თუ რომელ სამოსში იგრძნობ თავს კომფორტულად, კმაყოფილად;
- ივარჯიშე აქტივობებში, რომლებიც საშუალებას მოგცემს აღმოაჩინო, თუ რა შესძლებია შენს სხეულს;
- დაუთმე დრო სხვების დახმარებას.
როგორ შევიყვაროთ საკუთარი სხეული
საკუთარი სხეულის გამო უიმედობის განცდა ისეთი რამ არ არის, რითაც თქვენი ისტორია სრულდება. ბევრი რამ არსებობს, რის გაკეთებაც შეგიძლიათ საკუთარი სხეულის შესაყვარებლად. მისდიე ჩვენს რჩევებს და შედეგი არ დააყოვნებს:
1. დასვი შეკითხვები. ჩამოწერე სია, რამდენი რამ შეუძლია შენს სხეულს. ზოგჯერ იმდენად ვართ ჩაფლულები იმ განცდებში, რომ ჩვენი სხეული საკმარისად კარგი არ არის, რომ სრულიად გვავიწყდება ყველა ის გასაოცარი რამ, რისი გაკეთებაც ჩვენს სხეულს შეუძლია და რასაც ის იმის მიუხედავად აკეთებს, გვიყვარს ჩვენ ის თუ არა. როდესაც საკუთარი სხეულის მიმართ სიძულვილს გრძნობ, ძალიან სასარგებლოა დეტალურად აღწერო ყველა ის საქმე, რასაც შენი სხეული წარმატებით ართმევს თავს. ეს დაგეხმარება, აღიარო ის და იამაყო კიდეც მისით. დასაწყისისთვის რამდენიმე შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა, აი, ისინიც:
- სუნთქავ? – ხომ დადებითი პასუხი გაქვს? – ცოცხალი ხარ და გონზე ხარ. ხედავ, რა საოცრებას აკეთებს შენი სხეული? შენი ფილტვები შთანთქავენ ჟანგბადს, გადასცემს მას შენს სისხლს, შენი სისხლი კი ყველა შენს უჯრეს აწვდის მას. განა ეს სასწაული არ არის? – და ამას შენი სხეული აკეთებს. ის აქ არის, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იცოცხლო. შენი სხეული ამქვეყნად ერთადერთია, რომელიც შენია და ის შენი სიცოცხლისთვის მუშაობს. დაუფასე ეს, მადლიერი იყავი მისი.
- შენი თვალები ხედავენ? – თუ კი, ეს შესანიშნავია. შენი სხეული გაძლევს საშუალებას ხედავდე ყველაფერს, რაც გარს გვაკრავს. დააფასე ეს, მადლიერი იყავი. თუკი შენი თვალები არ ხედავენ, მაშინ დასვი შეკითხვა ასე: როგორ ისწავლე ამ შეგრძნების კომპენსირება? როგორ და შენი სხეულის საშუალებით. შენმა სხეულმა მონახა გზა, რომ იმ დანაკლისის კომპენსირება მოეხდინა, რომლის პირობებში მოუწია ფუნქციონირება და შენ ახლა ეს სამარჯვები გაქვს: მხედველობის მქონე ადამიანებზე უფრო განვითარებული სხვა შეგრძნებები. დაუფასე ეს, მადლიერი იყავი მისი.
- შეგიძლია სიარული? – თუ კი, ეს შესანიშნავია. შენი სხეული გაძლევს ამ შანსს მოიარო გარემო, რომელშიც ცხოვრობ. ადგე და წახვიდე იქ, სადაც გული გაგიწევს; მიიღო სიამოვნება თავისუფალი გადაადგილების უნარისგან. დააფასე ეს, მადლიერი იყავი. თუ არ შეგიძლია სიარული, მაშინ შეკითხვა ასე დასვი: როგორ ისწავლე სიარულის შეზღუდვის კომპენსირება? როგორ მიაღწია ამ უდიდეს რამეს, რომ შეგძლებოდა ფეხებით გადაადგილების გარეშე ყოველდღიური ცხოვრება, ფუნქციონირება? როგორ და შენი სხეულის გამოყენებით. შენმა სხეულმა მონახა გზა და ძალები, რომ იმ შეზღუდვის კომპენსირება მოეხდინა, რომლის პირობებში მოუწია ფუნქციონირება და შენ ახლა ადაპტირებული ხარ, შენ ახლა ისეთ ძალებს ფლობ, რის წარმოდგენაც კი გაუჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ფეხით დადიან. დაუფასე ეს, მადლიერი იყავი მისი.
არსებობს კიდევ ბევრი ასეთი შეკითხვა, რომლის დასმა შეგიძლია საკუთარი თავისათვის, ეს რამდენიმე მარტივი შეკითხვა მხოლოდ დასაწყისია ამ მოგზაურობის. რაც უფრო მეტად დავაფასებთ იმას, რასაც ჩვენი სხეული აკეთებს ჩვენთვის, მით უფრო ადვილი ხდება მისი ისეთად მიღება, როგორიც არის.
2. მიაღწიე სხეულის ნეიტრალიტეტს. სხეულის ნეიტრალიტეტი ეს არის მივიღოთ საკუთარი სხეული და დავაფასოთ ყველაფერი, რის გაკეთებაც მას შეუძლია იმის მიუხედავად, თუ როგორ გამოიყურება ის. სხეულის ნეიტრალიტეტის პრაქტიკა შეიძლება მოიცავდეს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით ყველაფერს. მაგალითად:
- იკვებებოდე ჯანსაღად, იკვებებოდე იმისთვის, რომ იკვებო და არა სჯიდე საკუთარ სხეულს ჭამით თუ შიმშილით, დიეტებით თუ შეზღუდვებით;
- ივარჯიშო სიმხნევისთვის, ჯანმრთელობისთვის და არა სჯიდე საკუთარ სხეულს მძიმე ფიზიკური ვარჯიშებით.
სხეულის ნეიტრალიტეტის პრაქტიკას დიდი სარგებლობა მოაქვს მენტალური ჯანმრთელობისთვის; მას შედეგად მოაქვს სტრესის შემცირება და კმაყოფილების გაზრდა; შედეგად მოაქვს მეტი მიმღებლობა როგორ საკუთარი, ისე სხვათა გარეგნობის და შედეგად, ნაკლები განსჯა, როგორც საკუთარი, ისე სხვათა გარეგნობის. ეს არ არის ადვილად დასაუფლებელი პრაქტიკა, მაგრამ ღირს ამაში ინვესტირება.
3. გაუკეთე სიკეთე შენს სხეულს. ჩვენი სხეული ყველაფერს ჩვენთვის აკეთებს, სამაგიეროდ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ მისთვის. დაიწყე მადლობით. გადაუხადე მადლობა საკუთარ სხეულს ყველაფრისთვის, რითაც ის გემსახურება. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს ძვირიანი მადლობა იყოს. გადაუხადე მას მადლობა თბილი აბაზანით ან გამამხნევებელი შხაპით, წამოწოლით ან ფეხების მაღალ პოზიციაზე დასვენებით, მასაჟით, კანის დამატენიანებელი პროცედურებით და ა.შ. გააკეთე ყველაფერი, რომ მიანიჭო საკუთარ სხეულს ის სიყვარული, რომელსაც ის იმსახურებს. ის ასმაგად დაგიბრუნებს.
4. დააწესე საზღვრები გარეგნობის შესახებ საუბრებში. ჩვენს სამყაროში, სადაც სხეულთან და გარეგნობასთან დაკავშირებული კომენტარები მძვინვარებს, თავი უნდა დავიცვათ. რითი? – საკუთარი მკაფიო საზღვრების დაწესებით. იმის ნაცვლად, რომ მუდმივად ნაწყენი და გაღიზიანებული იყო, პირდაპირ უთხარი ადამიანებს, თუ რა თემაზე საუბარია თქვენთვის კომფორტული და არაკომფორტული. ეს არის ამ პრობლემის დასასრული.
წყარო:
https://www.verywellmind.com/i-hate-my-body-what-to-do-if-you-feel-this-way-5184035
https://www.healthline.com/health/negative-body-image
https://www.medicalnewstoday.com/articles/249190
