ფსიქიკის ტოპოგრაფია, ცნობიერების დონეები.
კლასიკური ფსიქოანალიზი განარჩევს ცნობიერების სამ დონეს:
- ცნობიერი _ მოიცავს ფსიქიკურ შინაარსებს, რომლებიც აქ და ახლა ცნობიერდება. ჩვენი ფსიქიკის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი იმყოფება ცნობიერ დონეზე. გარკვეული შინაარსი ცნობიერ დონეზე რჩება დროის მცირე პერიოდის მანძილზე და შემდეგ სწრაფად იძირება ქვეცნობიერში ან არაცნობიერში. ამის გამო ადამიანის ფსიქიკას აისბერგსაც ადარებენ, რომლის ხილული წვერია მხოლოდ ცნობიერი, შეუდარებლად დიდი ნაწილი კი – არაცნობიერი, რომელიც აისბერგის ძირივით უხილავია.
- ქვეცნობიერი _ მოიცავს პიროვნების მთელ ფსიქიკურ გამოცდილებას, რომელიც მოცემულ მომენტში არ ცნობიერდება, თუმცა ადვილად შეიძლება გაცნობიერდეს სპონტანურად ან მინიმალური ძალისხმევით. მაგალითად, მოცემულ მომენტში არ ვაცნობიერებ ჩემი პირველი მასწავლებელი ქალი იყო თუ მამაკაცი, თუმცა ამის საჭიროებისთანავე შემიძლია ადვილად ამოვწიო ცნობიერში. ქვეცნობიერი დამაკავშირებელ ხიდებს ქმნის ფსიქიკის ცნობიერ და არაცნობიერ დონეებს შორის.
- არაცნობიერი _ ადამიანის ფსიქიკის ყველაზე უფრო ღრმა და იდუმალებით მოცული დონეა. ეს არის ცნობიერიდან განდევნილი ლტოლვები, გრძნობები და შინაარსები, რომლებიც განიდევნენ იმის გამო, რომ ტკივილს აყენებდნენ ან საფრთხეს უქმნიდნენ ცნობიერს. ამიტომ ისინი ვერასოდეს შეაღწევენ ცნობიერში თავისი პირველყოფილი, ბუნებრივი სახით. ფსიქიკური შინაარსების არაცნობიერში განდევნა არ ნიშნავს იმას, რომ არაცნობიერი ამ შინაარსების საპყრობილეა. განდევნა დინამიკური პროცესია და არა – სამუდამო გამოკეტვა ფსიქიკის სიღრმეებში. როგორიც არ უნდა იყოს არაცნობიერში განდევნილი შინაარსი და რის გამოც არ უნდა განდევნილიყო ის, მას აქვს ცნობიერში და ქცევაში შემოჭრის ტენდენცია. ადამიანის ქცევის (მათ შორის _ ყოველდღიური ქცევის) ზოგიერთი ასპექტები, როგორებიცაა იუმორი, წამოცდენები, უნებლიე შეცდომები, ფორმირებულია ცნობიერის მიღმა არსებული (არაცნობიერი) იმპულსებით. არაცნობიერი შეიძლება გამოვლინდეს შენიღბული ან სიმბოლური სახით და საკუთარი, ინსტიქტური, ლტოლვების არაპირდაპირი დაკმაყოფილება სიზმარში, ფანტაზიაში, თამაშში ჰპოვოს. სიმბოლოები, რომლებითაც არაცნობიერი სარგებლობს საკმაოდ ტიპიურია, შეიძლება ითქვას _ უნივერსალური და მათი ცოდნა განდევნილი და შენიღბული ტენდენციების გამოვლენისა და შესწავლის საშუალებას იძლევა, თუმცა რაც უფრო მეტია ასეთი ტენდენციების ცნობიერში შემოშვების წინააღმდეგობა, მით უფრო დამახინჯებული და ძნელად ამოსაცნობია ისინი.
პიროვნების სტრუქტურა, ფსიქიკის სტრუქტურული მოდელი.
პიროვნების ანატომიაში, ზიგმუნდ ფროიდმა განარჩია სამი ძირითადი სტრუქტურა: იდი, ეგო და სუპერ-ეგო. იდი აბსოლუტურად არაცნობიერია მაშინ, როცა ეგო და სუპერ-ეგო მოქმედებენ ცნობიერების სამივე დონეზე.
- იდი წარმოდგენილია ადამიანის უკიდურესად პრიმიტიული და ინსტიქტური ლტოლვებით. ის სრულიად არაცნობიერია და მჭიდრო კავშირშია ბიოლოგიურ მოთხოვნილებებთან, რომლებიც ენერგიით ავსებენ ჩვენს ქცევას. იდი ბნელი და ქაოტურია – ის არ ემორჩილება წესებს და კანონებს. პრიმიტიული ბუნების გამო იდი თავისუფალია ყოველგვარი შეზღუდვისგან – თავისი მიზნების აღსრულებისას, ხშირად, არ ითვალისწინებს უსაფრთხოების წესებს და ამდენად, შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს როგორც ინდივიდის, ისე – საზოგადოებისთვის. იდი ფსიქიკური სტრუქტურის ყველაზე უფრო ძველი რგოლია და ადამიანის ცხოვრების პირველად პრინციპებს გამოხატავს, რაც გულისხმობს ფსიქიკური ენერგიის დაუყონებლივ განმუხტვას ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზით. ფროიდი აღწერს პიროვნების დაძაბულობის მოხსნის ორ იდისმიერ მექანიზმს: რეფლექსურ მოქმედებას და პირველად პროცესებს. რეფლექსური მოქმედების დროს იდი ავტომატურად, აგზნებით პასუხობს და დაუყოვნებლივ ხსნის გამღიზიანებლისგან გამოწვეულ დაძაბულობას. რეფლექსური მექანიზმის არაეფექტურობის შემთხვევაში დაძაბულობის მოხსნაში ჩაერთვება იდის მეორე მექანიზმი – ე.წ. პირველადი პროცესები, რომლებიც წარმოადგენს პირველად წარმოსახვით პროცესებს – იდი ქმნის მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი ობიექტის ხატს. პირველადი პროცესების მაგალითებია სიზმრის, ოცნების, ჰალუცინაციურ-ფსიქოტური წარმოსახვები. პირველადი პროცესები წარმოადგენს ადამიანის აქტივობის არალოგიკურ, ირაციონალურ და წარმოსახვით ფორმას. პირველად პროცესებთან დაკავშირებული ქცევა დრამატულ ხასიათს იძენს მაშინ, როცა ინდივიდს არ შეუძლია ერთმანეთისგან გაარჩიოს მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი რეალური ობიექტი მისი ხატისგან. მაშასადამე, იდი მოქმედებს დაკმაყოფილების პრინციპით. ის ინდივიდის ენერგიის წყაროა. პიროვნების ყველა სტრუქტურა მისი ენერგიით საზრდოობს. როგორც კი ბავშვი ითვისებს, რომ მისი მოთხოვნილებებისა და სურვილების გარდა არსებობს გარე სამყაროც, ჩნდება პიროვნების მეორე სტრუქტურა – ეგო.
- ეგო ცნობიერის ცენტრია და პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღებაზე. ეგოს ფუნქცია იდის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა რეალობის გათვალისწინებით და რეალობასთან მიმართებით. ეგო იდის ევოლუციის შედეგია და სტრუქტურას, ფუნქციას და ენერგიას, გარკვეულწილად, იდისგან იძენს. ეგო მოქმედებს რეალობის პრინციპით. ამ პრინციპის შესაბამისად ის საჭიროების შემთხვევაში ამუხრუჭებს იდის განტვირთვებს; მიმართავს სხვა არხში ან აიძულებს თანდათანობით ხარჯვას. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რის საშუალებას იძლევა რეალობა, რამდენად ხელმისაწვდომია ლტოლვის საგანი. გამომდინარე აქედან, ეგო ასახავს და აანალიზებს სინამდვილეს, ახორციელებს ქცევის მოწესრიგებას. მის განკარგულებაშია ჩვენი მოტორული და კოგნიტური ფუნქციები. ეგო ეხმარება ორგანიზმს უსაფრთხოებისა და თვითგადარჩენის უზრუნველყოფაში. გადარჩენისთვის ბრძოლისას (როგორც სოციალურ გარემოსთან, ისე იდის ინსტიქტურ მოთხოვნილებებთან) ეგომ გამუდმებით უნდა ახორციელოს ფსიქიკური და გარემო რეალობების დიფერენცირება. ეგოს ფუნქცია ადამიანს აიძულებს იფიქროს, იაზროვნოს, გადაწყვიტოს, დაიხსომოს და ა.შ. ლოგიკურ აზროვნებაზე დაყრდნობით, რომელსაც ფროიდმა მეორადი პროცესები უწოდა, ეგოს შეუძლია ქმედება მიმართოს საჭირო მიმართულებით, რათა ინსტიქტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება განახორციელოს როგორც ინდივიდის, ისე საზოგადოებისთვის უსაფრთხო გზით. ეგოს გარეშე იდი, რომელიც მხოლოდ სიამოვნების პრინციპით ხელმძღვანელობს, დამღუპველი იქნებოდა. ამის მიუხედავად, იდი მუდმივად ცდილობს ეგოს შეეწინააღმდეგოს, დაეუფლოს მას. ამ ურთიერთობას ცხენისა და მხედრის ურთიერთობასაც ადარებენ, სადაც ცხენი იდია, ხოლო მხედარი ეგოა. მხედრის ფუნქციაა ცხენის მართვა და არა – პირიქით, თუმცა ეს არც ისეთი იოლი საქმეა და ზოგჯერ იდისა და ეგოს ურთიერთობაში არცთუ იდილიური სცენარი თამაშდება – მხედარს შეიძლება ცხენმა თავი წაართვას. მაშასადამე, ეგო წარმოადგენს პიროვნების “შემსრულებელ ორგანოს” – პრობლემების გადაწყვეტისა და ინტელექტუალური პროცესების სფეროს. ფსიქოანალიტიკური თერაპიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ეგოს ენერგიის გამოთავისუფლებაა იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს გარემოსთან ადაპტაცია და პრობლემების ქმედითი გადაჭრა.
- სუპერ-ეგო წარმოადგენს პიროვნების განვითარების უკანასკნელ სტრუქტურულ კომპონენტს. ეს არის ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმებისა და სტანდარტების ინტერნალიზებული ვერსია. სუპერ-ეგო თანდაყოლილი არ არის. თავდაპირველად სუპერ-ეგოს ფორმირებას ბავშვის ქცევის მიმართ მშობლების დამოკიდებულება განაპირობებს, ხოლო შემდეგ, როცა ბავშვის სოციალური სამყარო ფართოვდება, სუპერ-ეგოც განივრცობა ახალი სოციალური ჯგუფების ღირებულებებზე დამოკიდებულებით. განირჩევა სუპერ-ეგოს ორი ქვესისტემა: სინდისი და ეგო-იდეალი. სინდისი მოიცავს კრიტიკული თვითშეფასების უნარს, მორალურ აკრძალვებს და თვითბრალდების განცდას. სინდისი გამომუშავდება ბავშვის “არასწორი” ქცევის მიმართ მშობელთა უარყოფითი რეაქციებისა და დასჯის შედეგად. ეგო-იდეალის ფორმირების საფუძველია მშობლებისგან მოწონებული, შექებული და წახალისებული ქცევა, რაც, თანდათანობით, განაპირობებს ინდივიდში მაღალი, მორალური სტანდარტების ჩამოყალიბებას. სუპერ-ეგო სრულად ფორმირებულად ითვლება, როცა მშობელთა კონტროლს ჩაანაცვლებს თვითკონტროლი. სუპერ-ეგო ცდილობს პიროვნებაში დათრგუნოს საზოგადოებისთვის მიუღებელი იმპულსები; მიმართოს ადამიანის ფსიქიკური ფუნქციები და შინაარსები სრულყოფილებისკენ. სუპერ-ეგო იდეალისტია, ის ცდილობს ეგო დაარწმუნოს, რეალისტურთან შედარებით, იდეალისტური მიზნების უპირატესობაში.
Personality Theories: Basic Assumption, Research and Applications Subsequent Edition., Larry A. Hjelle., Daniel J. Ziegler., McGraw-Hill College.
https://www.verywellmind.com/the-conscious-and-unconscious-mind-2795946
იმედაძე ი. მეოცე საუკუნის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები., “ენა და კულტურა”, 2004
