ადამიანის მენტალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ჯანსაღი დამოკიდებულება ფულთან. ფულთან დაკავშირებულ ჩვენს ქცევას თუ დავაკვირდებით, ვაღიარებთ, რომ ეს ჩვენი ცხოვრების ისეთი მხარეა, რომელიც ხშირად კონტროლს მიღმა გვრჩება. იმის ცოდნა, თუ რა მიმართებაში არიან ერთმანეთთან ფული და მენტალური ჯანმრთელობა, ბევრ სირთულეს აგვარიდებს, დაგვეხმარება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
ფულისა და მენტალური ჯანმრთელობის ურთიერთმიმართება ასე შეიძლება გამოვხატოთ: მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აზიანებს ფინანსებს და ფინანსური პრობლემები აზიანებს მენტალურ ჯანმრთელობას.
მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აზიანებს ფინანსებს:
- როცა ადამიანი თავს დათრგუნულად გრძნობს, ამან შესაძლოა დაუქვეითოს მოტივაცია, განკარგოს საკუთარი ფინანსები; შეიძლება მოიცვას განცდამ, რომ ეს უსაჭირო და ფუჭია.
- ადამიანმა შეიძლება ფულის ხარჯვა სტრესის დაძლევის გზად აქციოს. მან დაისწავლა, რომ ფულის ხარჯვა სასიამოვნო განცდებს აღუძრავს და ისევ და ისევ უჩნდება ხარჯვის მოთხოვნილება იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნოს.
- მანიის ან ჰიპომანიის მდგომარეობაში ადამიანი ხშირად ღებულობს ფინანსებთან დაკავშირებულ იმპულსურ გადაწყვეტილებებს, რომელთა შედეგები შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.
- მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის სწავლისა და მუშაობის აქტივობებს, რაც თავის მხრივ შეამცირებს შემოსავლებს.
- მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებმა შეიძლება განაპირობოს დაუდევარი დამოკიდებულება ფულთან, ფულადი დანაზოგების საჭიროებასთან ან შეიძლება სრულად გააქროს ფულზე ზრუნვის ქცევა.
ფინანსური პრობლემები აზიანებს მენტალურ ჯანმრთელობას:
- ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვითი ან პანიკური დარღვევები.
- ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება განაპირობოს ძილის პრობლემები.
- ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა სათანადოდ ვერ ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე.
- ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება განაპირობოს ცხოვრების ხარისხის დაქვეითება, ურთიერთობების (მათ შორის – ოჯახური) გაუარესება, მარტოობა და იზოლაცია.
ფულთან დაკავშირებული განცდები. ფულთან ურთიერთობა ემოციურად ნეიტრალური არ არის, ის ხშირად საკმაოდ დიდ ემოციურ ჩართულობას გულისხმობს. ამ ემოციური მიმართებების გაცნობიერება პირველი ნაბიჯია ფულთან ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბების გზაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუკი ადამიანს წარსულში ფულთან დაკავშირებით მტკივნეული გამოცდილება აქვს, ამან შეიძლება მთელ მომდევნო პერიოდში განაპირობოს ფულთან მისი დამოკიდებულება, ხშირად – არაჯანსაღი. ფულთან მიმართებით ემოციური ჩართულობა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი სახით:
- ადამიანი შეიძლება განიცდიდეს თვითბრალდებას ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით.
- ადამიანი შეიძლება განიცდიდეს სირცხვილს ან თვითბრალდებას იმის გამო, რომ ფინანსური დახმარება სჭირდება, ითხოვს ან ღებულობს ასეთ დახმარებას.
- ადამიანი შეიძლება განიცდიდეს შფოთვას საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე ფიქრისას, ეუფლებოდეს შიში საკუთარი საბანკო ბალანსის შემოწმებისას; ჰქონდეს ძლიერი შფოთვა საბანკო ვალდებულების გამო.
- ადამიანისთვის შეიძლება სტრესული იყოს ის, რომ გამუდმებით სხვებს ეხმარება, მისგან მოელიან და სთხოვენ ფინანსურ მხარდაჭერას.
- ადამიანი, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე უმკლავდება ფინანსურ პრობლემებს, შეიძლება გამოიფიტოს, დაუქვეითდეს გუნება-განწყობილება, დაერღვას ძილი და სხვა.
როგორ მოვაქციო ჯანსაღ კალაპოტში ფულთან მიმართება:
გააცნობიერე ფულისადმი საკუთარი ემოციური დამოკიდებულება: დაუთმე დრო იმაზე ფიქრს, თუ რას გრძნობ ფულთან დაკავშირებით და რატომ. უპასუხე შეკითხვებს:
- გაქვს პერიოდები, როცა უფრო მეტს ხარჯავ? ან ფლანგავ? რა პერიოდებია ეს?
- გაქვს პერიოდები, როცა უფრო მეტად ზოგავ ფულს? რა პერიოდებია ეს?
- რას გრძნობ ფულის ხარჯვისას?
- განსხვავებულად გრძნობ თავს ხარჯვისას და დაზოგვისას?
- რა ემოციები გიჩნდება, როცა ფულზე ფიქრობ?
- ფულთან ურთიერთობის რომელი ასპექტები აუარესებს შენს გუნება-განწყობას?
აწარმოე შენი ხარჯების დღიური: ასეთ დღიურში აღრიცხავ რას ხარჯავ და რატომ. ასევე შეგიძლია ჩაიწერო, როგორ გრძნობდი თავს დახარჯვამდე და დახარჯვის შემდეგ. ასეთი ჩანაწერები დაგეხმარება ფულთან დაკავშირებული ჩვევების გაცნობიერებაში, ასევე – პრობლემური პერიოდების პროგნოსტირებასა და მათთან გამკლავებაში.
როგორ ავიცილოთ ფულის ფლანგვა:
თუ შენი პრობლემა ფულის ზედმეტი ხარჯვა ან ფულის ფლანგვაა, მაშინ ეს რჩევები შენთვისაა:
- აღიარე ეს პრობლემა და გააცნობიერე ის – მიმართავ ასეთ ქცევას სტრესის შესამცირებლად, გუნება-განწყობილების გამოსაკეთებლად თუ პირიქით, მაშინ, როცა აჟიტირებული ხარ? გააცნობიერე ასეთი ქცევის პერიოდულობა და წინაპირობები.
- გაუზიარე შენი ნდობით აღჭურვილ ადამიანს ეს პრობლემა და მიაწოდე ინფორმაცია მხარჯველობითი ქცევის პერიოდების თუ წინაპირობების შესახებ. ეს საშუალებას მისცემს მას, რომ ამ პერიოდებში მხარი დაგიჭიროს და ფსიქოლოგიურად დაგეხმაროს .
- დაუძლეველი ფლანგვის მოთხოვნილების შემთხვევაში გადაეცი შენი საბანკო ბარათი შენი ნდობით აღჭურვილ ადამიანს, ამასთან შენ თვითონ შეიზღუდე წვდომა ონლაინ-ბანკზე. ნაღდი ფულის შემთხვევაში, მიაბარე ის ამ ადამიანს, რათა შეგინახოს.
- უბრალოდ წაშალე ის აპლიკაციები, სადაც ფულს ხარჯავ ან ის აპლიკაციები, რომლებიც ფულის ხარჯვისკენ გიბიძგებენ.
- შეიზღუდე რეკლამებზე წვდომა სოციალურ მედიაში.
- გადადე ყიდვა, უთხარი საკუთარ თავს: „ხვალ ვიყიდი, თუ მაინც მომინდება“. შეინახე იმ ნივთების ფოტოები, რომლების ყიდვაც გსურს ან ჩაწერე ისინი სურვილების სიაში და უბრალოდ გადადე მათი ყიდვა.
- მოუძებნე ფულის ხარჯვას ალტერნატივა, გადაიტანე შენი ყურადღება სხვა რამეზე, რაც სიამოვნებას განიჭებს.
- როცა ფულის უკონტროლო ხარჯვა მენტალური დაავადებით არის განპირობებული, აცნობე ბანკს იმის შესახებ, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს, რათა გაითვალისწინოს ეს შენი ფინანსური მოთხოვნების (კრედიტის მოთხოვნა და სხვა) შემთხვევაში. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენე ის შესაძლებლობაც, რომ სრულად აიცილო თავიდან საკრედიტო ბარათები.
როგორ განვკარგოთ ფული.
- დარწმუნდი, რომ ღებულობ ყველა ფულად სარგოს, რაც გეკუთვნის და რისი უფლებაც გაქვს.
- შეინახე ერთად ფინანსური ტიპის ყველა დოკუმენტი, რათა საჭიროების შემთხვევაში ადვილად შეგეძლოს მათი პოვნა. ეს შეიძლება იყოს გადასახადები და ქვითრები, საბანკო ამონაწერები, სახელფასო ქაღალდები, ფინანსური შინაარსის კორესპონდენცია.
- რეგულარულად შეამოწმე საკუთარი საბანკო ბალანსი, რათა აკონტროლო ხარჯები.
- შეიტანე ფინანსური ვალდებულებები და აქტივობები განსაზღვრულ რუტინაში: გამოყავი ერთი და იგივე დრო ამ აქტივობებისთვის. მაგალითად, გადასახადების გადახდისთვის, ჯანმრთელობის გეგმიური შემოწმებისთვის, გარდერობის განახლებისთვის და სხვა.
- შეადგინე გეგმა, თუ რა აქტივობებზე გადაიტანო ყურადღება იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ განწყობაში შეამჩნევ ისეთ ცვლილებებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ხარჯებზე.
- თუ შესაძლებელია, ბარათების ნაცვლად გამოიყენე ნაღდი ფული და თან იქონიე მხოლოდ იმდენი, რამდენის დახარჯვაც ამ ჯერზე აუცილებელია. მაგალითად, პროდუქტების შესაძენად, გადასახადების გადასახდელად და ა.შ.
- შეადგინე საკუთარი ბიუჯეტი.
- შეადგინე ყველა იმ აუცილებლობის სია, რაზეც ყოველთვიურად უნდა დახარჯო ფული. ეს შეიძლება იყოს ქირის ან იპოთეკური გადასახადები, კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადები, საკვები პროდუქტების ხარჯი, ჰიგიენური საშუალებების ხარჯი და სხვა.
- გონივრულად მართე ფინანსური ვალები. მიიღე ვალებთან დაკავშირებული კონსულტაცია, ისარგებლე მოფიქრებისთვის საჭირო დროით და მიიღე გაცნობიერებული გადაწყვეტილება.
- გამოიყენე ისეთი საბანკო ანგარიშები, რომლებიც საშუალებას გაძლევს, ფული ცალკე ყულაბაში გადადო. ამან შეიძლება ხელი შეგიშალოს იმ თანხის გადახარჯვაში, რომელიც გჭირდება ქირის ან გადასახადებისთვის, აუცილებელი შენაძენებისთვის და სხვა.
- იქონიეთ გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუკი შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლებ საკუთარი ფინანსების განკარგვა, მაგალითად, იმ შემთხვევისთვის, რომ შეიძლება ავად გახდე. გეგმაში გაწერე, თუ რა ემართება შენს ფულს ამ შემთხვევაში, ვინ შეიძლება განკარგოს ის, ვინ შეიძლება შენს ნაცვლად მიიღოს ფინანსური გადაწყვეტილება, ვინ შეიძლება იყოს შენი მუდმივი მინდობილობის მქონე პირი ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში. ასეთი გეგმის ქონა გარკვეულობის და დაცულობის განცდას მოგცემს.
თუ დახმარება გჭირდება, ითხოვე და მიიღე ის.
- როცა ვერ ახერხებ საჭიროების დაკმაყოფილებას, ითხოვე და მიიღე დახმარება სირცხვილის და თვითბრალდების გარეშე. გახსოვდეს, ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს ისეთი აუცილებლობა, როგორიცაა საკვები, სამოსელი და საცხოვრებელი.
- გაარკვიე გეკუთვნის თუ არა სოციალური დახმარება და ისარგებლე ამით.
- გამოიყენე უფასო კვების პროგრამა.
- თუ შშმ პირი ხარ, გამოიყენე ყველა სოციალური მხარდაჭერა, რაც შშმ პირისთვის არის განკუთვნილი.
- მიმართე ენერგომომწოდებელს და გაარკვიე, რა შეღავათებით შეგიძლია ისარგებლო.
წყარო:
https://www.nhs.uk/every-mind-matters/lifes-challenges/money-worries-mental-health
https://www.moneyhelper.org.uk/en/everyday-money/credit/money-problems-and-poor-mental-wellbeing
