ზიგმუნდ ფროიდი განარჩევს პიროვნების განვითარების ოთხ თანმიმდევრულ სტადიას: ორალურს, ანალურს, ფალურს და გენიტალურს.
I სტადია: ორალური სტადია. ორალური სტადია გრძელდება დაბადებიდან დაახლოებით 18 თვის ასაკამდე. ამ პერიოდში ორალური ზონა ყველაზე მჭიდრო კავშირშია ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან და სასიამოვნო შეგრძნებებთან. ამიტომ პირის ღრუს, ტუჩებისა და ენის შეგრძნებები ახალშობილის აქტივობისა და ინტერესის მთავარი განმაპირობებელია. რამდენადაც ახალშობილი თავდაპირველად ვერ ახდენს საკუთარი სხეულისა და დედის მკერდის დიფერენცირებას (ახალშობილის ეგოცენტრულობა), წოვის პროცესში ის განიცდის ძღომისა და სინაზის შერეულ გრძნობას. გარკვეული დროის შემდეგ დედის ძუძუ ჩანაცვლდება საკუთარი სხეულის ნაწილით – ბავშვი დაიწყებს საკუთარი თითის ან ენის წოვას, რათა შეამციროს დედის გამუდმებული მზრუნველობის უკმარისობით გამოწვეული დაძაბულობა. ორალური სტადია მთავრდება ლაქტაციის დასრულების შემდეგ. ყველა ახალშობილი განიცდის გარკვეულ სირთულეებს ძუძუს ან საწოვარას მოცილებასთან დაკავშირებით, რადგან ამით მას ართმევენ ორალურ სიამოვნებას. რაც უფრო დიდია ეს სირთულეები ანუ რაც მეტია ლიბიდოს კონცენტრირება ორალურ სტადიაზე, მით უფრო ძნელი ხდება განვითარების მომდევნო სტადიებზე არსებულ კონფლიქტებთან გამკლავება.ფროიდის აზრით პირი მნიშვნელოვან ეროგენულ ზონად რჩება მთელი სიცოცხლის მანძილზე. მოზრდილებშიც კი შეინიშნება ორალური ქცევის ნარჩენი გამოვლინებები საღეჭი რეზინის მოხმარების, ფრჩხილების კვნეტის, მწეველობის, კოცნის და ჭამის გაძლიერებული მიდრეკილების სახით. ყოველივე ამას ფროიდი განიხილავს, როგორც ლიბიდოს მიჯაჭვას ორალურ ზონასთან.
ფროიდის მიხედვით ფსიქოსექსუალური განვითარების ამა თუ იმ სტადიაზე შეიძლება მოხდეს ფიქსაცია, რაც განპირობებულია უკიდურესი ან არასაკმარისი დაკმაყოფილებით. ამგვარი ფიქსაცია შემდგომში პიროვნების ხასიათის თავისებურებებს განაპირობებს. მაგალითად, ორალურ სტადიაზე ფიქსაცია განაპირობებს ორალურ-პასიური პიროვნების ტიპის ჩამოყალიბებას. ასეთი ადამიანი მხიარული და ოპტიმისტი, მაგრამ პასიურია – უკიდურესად დამოკიდებულია სხვებზე, უმწიფარია, მიდრეკილია ინტროექციისაკენ, ნებისმიერ ფასად ეძიებს გამართლებას, მზრუნველობას, მისი ფსიქოლოგიური ადაპტაცია მდგომარეობს მიმნდობლობასა და კეთილგანწყობის მაძიებლობაში.
სიცოცხლის პირველი წლის მეორე ნახევარში იწყება ე.წ. ორალურ-აგრესიული ანუ ორალურ – სადისტური ფაზა: ბავშვს უჩნდება კბილები, რომელთა წყალობით კბენა და ღეჭვა ფრუსტრაციის მოხსნის მნიშვნელოვან საშუალებად იქცევა. ამ სტადიაზე ფიქსაცია შემდგომში ვლინდება ისეთი პიროვნული თვისებების სახით, როგორებიცაა კამათისადმი მიდრეკილება, პესიმიზმი, სარკაზმი, ცინიზმი, სხვათა ექსპლუატაცია და სხვებზე დომინირება საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.
II სტადია: ანალური სტადია. ანალური სტადია იწყება 18 თვიდან და გრძელდება 3 წლის ასაკამდე. ბავშვი მნიშვნელოვან დაკმაყოფილებას ღებულობს ფეკალიების შეკავებით და გამოყოფით. ის თანდათანობით სწავლობს სწორი ნაწლავისა და ანალური სფინქტერის მიდამოს დაძაბულობის ზრდას კმაყოფილების გაძლიერების მიზნით. თუკი ზემოთ აღნიშნული ტენდენცია უკიდურესად გავრცელდა ქცევის სხვა სახეებზე, მაშინ შეიძლება განვითარდეს ანალურ-შეკავებითი პიროვნების ტიპი. ასეთი ადამიანი უჩვეულოდ ჯიუტია, მეთოდური და მაკონტროლებელია, პუნქტუალური და აკურატულია, ძუნწი და ავტონომიურია, ვერ იტანს უწესრიგობასა და გაურკვევლობას. ფროიდი დარწმუნებულია, რომ საშუალება, რომლითაც მშობლები ან აღმზრდელები ბავშვს ტუალეტს აჩვევენ, ასახვას პოვებს მის შემდგომ პიროვნულ განვითარებაზე. ტუალეტის ჩვევების გამომუშავების კვალდაკვალ მშობლების შექებისა და წახალისების გამოყენება განაპირობებს შემდგომში პიროვნების პოზიტიურ თვითშეფასებას და შემოქმედებითი უნარების განვითარებასაც. ანალური ფიქსაციის მნიშვნელოვანი მიზეზია ბავშვის ტუალეტთან დაკავშირებით მშობლების სიმკაცრე. აღნიშნულის ფიქსაციის შედეგად ყალიბდება პიროვნების ანალურ-გამოდევნითი ტიპი. ასეთ ადამიანს ახასიათებს დესტრუქციული ტენდენცია, მოუსვენრობა, იმპულსურობა, სადისტური სისასტიკე, სასიყვარულო კავშირებში პარტნიორებს აღიქვამს, როგორც ფლობის ობიექტს. ანალური სტადიიდან დასაბამს იღებს პიროვნების თვითკონტროლისა და თვითრეგულაციის ყველა ფორმა.
III სტადია: ფალური სტადია. 3-6 წლის ასაკში ლიბიდოს ენერგია და შესაბამისად, მისი ზეგავლენით განპირობებული ინტერესი გადანაცვლდება ახალ ეროგენულ ზონაში – გენიტალიების მიდამოში. ამავე სტადიაზე ვითარდება და გადაიჭრება ოიდიპოსის კომპლექსი – ფსიქოსექსუალური განვითარების ცენტრალური ფენომენი. ის თავ იჩენს და ვითარდება 3-6 წლის ასაკში და შემდეგ, როგორც ფროიდი ამბობს, იღუპება ანუ განიდევნება და გზას უთმობს ლატენტურ პერიოდს. ამ სტადიაზე ბავშვი აწარმოებს ე.წ სექსუალურ გამოძიებას – ათვალიერებს და იკვლევს საკუთარ და სხვათა სასქესო ორგანოებს, ინტერესდება ბავშვის გაჩენისა და სქესობრივი ურთიერთობების საკითხებით, ხშირია ფარული ჭვრეტის ტენდენცია. უდავოა, რომ ბავშვის წარმოდგენები ამ სფეროში ბუნდოვანი, მცდარი და უკიდურესად არაზუსტად ფორმულირებულია, თუმცა ფროიდი ვარაუდობს, რომ ბავშვს იმაზე უფრო ნათლად ესმის სექსუალურობის არსი, ვიდრე ეს მშობლებს წარმოუდგენიათ.
ოიდიპოსის კომპლექსში მოიაზრება ყოველი ბავშვის გაუცნობიერებელი ლტოლვა საწინააღმდეგო სქესის მშობლის მიმართ, მისი დასაკუთრებისა და მეორე მშობლის ჩამოცილების ტენდენცია. ფროიდი ოიდიპოსის კომპლექსს უწოდებს ნევროზების ბირთვულ კომპლექსს, რამდენადაც მისი გადაულახავი ასპექტები, მომდევნო წლებში, პიროვნების ნევროტული ქცევის მოდელების ძირითად მასალას წარმოადგენს. ნორმაში ოიდიპოსის კომპლექსი ბიჭებსა და გოგონებში განსხვავებულად ფორმირდება და ვითარდება:
ბიჭისთვის სიყვარულის პირველი ობიექტი არის დედა. ცდილობს დაეუფლოს მას და იწყებს მის მოხიბვლას, ის ისწრაფვის ითამაშოს მამის როლი, რომელიც ეღობება მის სურვილს. მამა ხდება მისი მთავარი კონკურენტი და მტერი. იმავდროულად ბიჭი ხვდება მამის უპირატესობას და ესმის, რომ მამა არ მოითმენს დედისადმი მის რომანტიულ გრძნობებს. ბიჭს ეშინია, რომ მამა დააკარგვინებს პენისს (კასტრაციის შიში). სწორედ კასტრაციის შიში განაპირობებს ოიდიპოსის კომპელექსის განდევნას, რაც აღიძვრება კასტრაციით დამუქრების შემდეგ. უმეტეს შემთხვევაში კასტრაციით მუქრას ქალი (დედა) ახორციელებს მამაკაცის (მამა, ექიმი, მეზობელი კაცი) სახელით და ის იმდენად სასქესო ორგანოთი თამაშის აკრძალვას არ უკავშირდება, რამდენადაც ჩასველების აკრძალვას (რაც მომდევნო წლების ნევროზებში ეაკულაციასთან დაკავშირებული პრობლემების სახით იჩენს თავს). კასტრაციის შიში აიძულებს ბიჭს უარი თქვას დედისადმი ლტოლვაზე. 5-7 წლის ასაკობრივ შუალედში ოიდიპოსის კომპლექსი ფართოვდება: ბიჭი ცნობიერიდან განდევნის დედისადმი ლტოლვას და იწყებს იდენტიფიცირებას მამასთან (აგრესორთან იდენტიფიცირება), რაც რიგ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს: პირველ რიგში ბიჭი იძენს მისთვის, როგორც მომავალი მამაკაცისთვის, საჭირო ქცევების, ღირებულებების და მორალური ნორმების კონგლომერატს. მეორეს მხრივ, ამ გზით ბიჭს შეუძლია შეინარჩუნოს დედა (ქალი), როგორც სიყვარულის ობიექტი, რამდენადაც ახლა მასაც გააჩნია ის ატრიბუტები, რასაც დედა აფასებს მამაში (მამაკაცში). ოიდიპოსის კომპლექსის გაფართოვების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ ბიჭი ინტერნალიზებას უკეთებს მშობელთა მხრიდან აკრძალვებს და ამ გზით მზადდება ნიადაგი სუპერ-ეგოს განვითარებისთვის. ამდენად, სუპერ-ეგო ოიდიპოსის კომპლექსის გაფართოვების შედეგია.
გოგონებში ოიდიპოსის კომპლექსმა ელექტრას კომპლექსის სახელწოდება მიიღო. ისევე როგორც ბიჭებში, სიყვარულის პირველი ობიექტი გოგონებშიც არის დედა, თუმცა ფალურ სტადიაზე გოგონა აცნობიერებს, რომ, მამის, ძმის ან სხვა მამრობითი ადამიანისგან განსხვავებით, მას არ აქვს პენისი, რომელიც ძალის, სრულფასოვნების უკმარისობასთან სიმბოლიზირდება. გოგონას უჩნდება სურვილი ჰქონდეს პენისი, რასაც ფროიდი პენისის შურს უწოდებს. პენისის შური კასტრაციის შიშის ფსიქოლოგიური ანალოგია. პენისის შური და მასთან დაკავშირებული არასრულფასოვნების განცდა აიძულებს გოგონას, დედის მიმართ რისხვა და საყვედური გამოავლინოს, რადგან დედამ გააჩინა ის პენისის გარეშე. ფროიდი უშვებს, რომ გოგონას საკუთარი ქალურობის დაბალი შეფასება აქვს – საკუთარ გარეგნობას დეფექტურად მიიჩნევს და იმავდროულად, ცდილობს დაეუფლოს მამას, რადგან სწორედ მამას აქვს სასურველი ორგანო. იცის რა, რომ ვერ მოიპოვებს პენისს, გოგონა ეძებს სექსუალური დაკმაყოფილების სხვა, პენისის შემცვლელ, საშუალებებს – სექსუალური სიამოვნება ფოკუსირდება კლიტორზე. გოგონებში კლიტორულ მასტურბაციას, ზოგჯერ, ახლავს მასკულინური ფანტაზიები, სადაც კლიტორი ხდება პენისი. ფროიდის აზრით გოგონა თანდათანობით თავისუფლდება ელექტრას კომპლექსისგან მამისადმი ლტოლვის დათრგუნვისა და დედასთან იდენტიფიკაციის გზით. გოგონა ცდილობს დაემსგავსოს დედას და ამ გზით სიმბოლურად უახლოვდება მამას – მას ეზრდება შანსი ოდესმე ცოლად გაყვეს მამაკაცს, რომელიც მამის მსგავსი იქნება.
ფალურ სტადიაზე ფიქსირებული მამაკაცი ამაყი და თავმომწონეა, ისწრაფვის წარმატებებისკენ, გამუდმებით ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი მამაკაცურობა და სქესობრივი სიმწიფე. აღნიშნულის ერთ-ერთი გზაა ქალთა გულების უმოწყალო დაპყრობისკენ სწრაფვა (ე.წ. დონ ჟუანის მოდელი). ფალურ სტადიაზე ფიქსირებული ქალი მიდრეკილია მამაკაცთა მოხიბვლის, ფლირტებისა და უწესრიგო სქესობრივი კონტაქტებისადმი, თუმცა ერთი შეხედვით ის ძალიან გულუბრყვილო და გამოუცდელი შეიძლება ჩანდეს სქესობრივ ურთიერთობებში (ე.წ. მაცდური გოგონა) ან პირიქით – ქალი იბრძვის მამაკაცებზე ბატონობისთვის, ის უკიდურესად მიზანსწრაფული და თავდაჯერებულია (ე.წ. კასტრირებული ქალი).
ოიდიპოსის კომპლექსის პრობლემის გადაუჭრელობას ფროიდი განიხილავს, როგორც შემდგომი ნევროტული დარღვევების ერთ-ერთ საფუძველს, განსაკუთრებით – იმპოტენციისა და ფრიგიდულობის თვალსაზრისით.
ოიდიპოსის კომპლექსის მნიშვნელობა ის შედეგები აჩვენებს, რომლებიც დგება ამ კომპლექსის გაფართოვება-დაძლევის შედეგად: 1. ინცესტის არიდება; 2. აგრესორთან იდენტიფიცირების საშუალებით საკუთარ სქესთან იდენტიფიცირება; 3. აკრძალვების ინტერნალიზებით სუპერ-ეგოს ფორმირება.
ფროიდი ფსიქოსექსუალური განვითარების ფალურ ფაზას, კერძოდ – ინფანტილური სექსუალურ გამოძიებებს, მოიაზრებს შემეცნებითი ცნობისმოყვარეობის საფუძვლად. ინფანტილური სექსუალური გამოძიების განდევნის შემდეგ შემეცნების განვითარება შეიძლება სამი სხვადასხვა გზით წარიმართოს:
- შემეცნება, იზიარებს რა ინფანტილური სექსუალურობის ბედს, პარალიზებული რჩება, შემეცნების თავისუფლება იზღუდება გონებრივ შეფერხებამდეც კი და ამგვარი მდგომარეობა ძლიერ ბიძგს აძლევს ნევროტულ დაავადებას.
- ინტელექტუალური განვითარება საკმარისად ძლიერია და ამდენად, ის არ ითრგუნება სექსუალური შინაარსების განდევნის კვალდაკვალ, თუმცა განდევნილი სექსუალურობა არაცნობიერიდან ბრუნდება ანალიზირებისკენ მიდრეკილების სახით და რამდენადაც ის სექსუალურიდან იკვებება, შემეცნებითი პროცესი შეფერილია სექსუალური პროცესისთვის დამახასიათებელი ტკბობით და შიშით.
- შემეცნების ეს ტიპი ყველაზე იშვიათი და ყველაზე სრულყოფილია. ამ შემთხვევაში განდევნილი სექსუალური მასალა, არაცნობიერიდან ცნობიერში შემოჭრის ნაცვლად, სუბლიმირდება შემეცნებისკენ ლტოლვის სახით, რაც ჩაანაცვლებს სექსუალურ აქტივობას.
ლატენტური პერიოდი. 6-7 წლის ასაკის შემდეგ, ვიდრე სქესობრივი გარდატეხის პერიოდამდე, დგება სექსუალური “მიწყნარების” ფაზა ე.წ. ლატენტური პერიოდი, როცა ბავშვის ლიბიდო მიმართულია სუბლიმაციისკენ – სექსუალურობასთან კავშირის არმქონე საქმიანობებისკენ – სწავლის, სპორტის, თანამშრომლობის სახით. ლატენტურ პერიოდს არ განიხილავენ ფსიქოსექსუალური განვითარების ცალკე სტადიად, რამდენადაც ამ დროს სექსუალური ინსტიქტი თვლემს და ადგილი არ აქვს ახალი ეროგენული ზონების ფორმირებას.
IV სტადია: გენიტალური სტადია. სქესობრივი სიმწიფის დადგომასთან ერთად ხელახლა თავს იჩენს სექსუალური და აგრესიული მოთხოვნილებები, მათთან ერთად კი – სქესობრივი ინტერესი მეორე ადამიანისადმი და ამ ინტერესის ასაკობრივი გაცნობიერება. გენიტალური პერიოდი მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. მისი საწყისი ფაზა ხასიათდება ორგანიზმში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური ცვლილებებით, რაც მოზარდის მომატებულ აგზნებადობას და სექსუალურ აქტივობას განაპირობებს. ფროიდის მიხედვით ყველა მოზარდი ადრეული გარდატეხის ასაკში გაივლის “ჰომოსექსუალურ” პერიოდს – ახალი აღტკინება მიმართულია საკუთარი სქესის ადამიანისკენ. ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი, მეგობარი, თანატოლი. მოზარდი უპირატესობას ანიჭებს საკუთარი სქესის თანატოლებთან ურთიერთობას. თანადათანობით ლიბიდოს სექსუალური ობიექტი საწინააღმდეგო სქესის პარტნიორი ხდება. აღნიშნული სახის გატაცებები, ნორმაში, ქორწინებით სრულდება. პიროვნების გენიტალური ტიპი, ფსიქოანალიზის თეორიის მიხედვით, იდეალურ ტიპად არის მიჩნეული. ასეთი ადამიანი მომწიფებული და პასუხისმგებელია სოციალურ თუ სექსუალურ სფეროებში, სიხარულს და დაკმაყოფილებას ღებულობს სასიყვარულო ურთიერთობებში.
