დეპრესიის ტიპები

დეპრესია მენტალური დაავადებაა. ის წარმოადგენს ემოციური სფეროს დარღვევას და გამოხატულია გუნება-განწყობილების დაქვეითებით, ინტერესების შესუსტებითა და აქტივობის შემცირებით. დეპრესია განაპირობებს აგრეთვე კოგნიტური პროცესების შეფერხებას, მადის ცვლილებას და ძილის დარღვევებს.

დეპრესიად არ მიიჩნევა ცხოვრებისეული პრობლემით (როგორიცაა მაგალითად, სამუშაოს დაკარგვა, განქორწინება და სხვა) გამოწვეული გუნება-განწყობილების დაქვეითება. დეპრესია ეს არის განგრძობითი მდგომარეობა, რომლის ხანგრძლივობა სულ მცირე 2 კვირაა და გუნება-განწყობილების დაქვეითების გარდა მთელ რიგ სიმპტომებს მოიცავს.

მკურნალობის გარეშე დეპრესია პროგრესირებს, ღრმავდება და აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს; შეიძლება განაპირობოს თვითდაზიანებისა და სუიციდია ტენდენციები. კარგი ამბავი არის ის, რომ დეპრესია მართვადია. დეპრესიის მკურნალობის ყველაზე ეფექტიანი მიდგომა მედიკამენტური ჩარევისა და ფსიქოთერაპიის კომბინირებაა.

დეპრესია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მენტალური დაავადებაა. აშშ სტატისტიკით ყოველწლიურად მოსახლეობის 7%-ში რეგისტრირდება დეპრესია, 16%-ში კი არსებობს დეპრესიის გამოცდილება ცხოვრების მანძილზე. მკვლევარები თვლიან, რომ სინამდვილეში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რამდენადაც ბევრი ადამიანი, ვისაც დეპრესიის სიმპტომები აღენიშნება, არ მიმართავს ექიმს და რჩება დიაგნოსტირების მიღმა. იმავე აშშ-ში ბავშვთა დეპრესიის მაჩვენებელი 4.4%-ია.

განარჩევენ დეპრესიის რამდენიმე ტიპს, რომელთათვის დამახასიათებელია განსხვავებული მიმდინარეობა და სიმძიმე.

  • კლინიკური დეპრესია (დიდი დეპრესია). ეს ტიპი დეპრესიებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება. მისთვის ტიპიური სიმპტომებია: გუნება-განწყობილებისა და აქტივობის დაქვეითება, მოტივაციის დაკარგვა. სიმპტომოკომპლექსი გრძელდება სულ მცირე 2 კვირის მანძილზე. შეიძლება აღინიშნებოდეს ძილის პრობლემები და მადის დაქვეითება. იმის მიხედვით, თუ რამდენი სიმპტომი აღენიშნება პაციენტს და რამდენად მკვეთრადაა ეს სიმპტომები გამოხატული, განარჩევენ მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და მძიმედ მიმდინარე კლინიკურ დეპრესიას. აღწერილია ერთეული დეპრესიული ეპიზოდი, რომლითაც დეპრესია მთავრდება და აღარ მეორდება. თუკი ასეთი ეპიზოდი კვლავ მეორდება, მაშინ მას განიხილავენ, როგორც რეკურენტულ დეპრესიულ დაავადებას.
  • პერსისტენტული ანუ ქრონიკული დეპრესია. ეს არის ხანგრძლივი მიმდინარეობის დეპრესია, რომლის სიმპტომები ნარჩუნდება 2 წელზე მეტი დროით. აღნიშნულის გამო დეპრესიის ეს ტიპი დიდ სირთულეს უქმნის პაციენტს, რამდენადაც მას ფაქტობრივად არ აქვს რელაფსის – სიმპტომების ჩაწყნარების პერიოდები. როგორც წესი, სიმპტომები საშუალო სიმძიმისაა, რაც გამოხატულია გუნება-განწყობილების ზომიერი დაქვეითებით: პაციენტი შეიძლება თავს მოუსვენრად ან უბედურად გრძნობდეს, თუმცა ეს არ არღვევდეს მის ყოველდღიურ ცხოვრებას ისე, როგორც ამას ადგილი აქვს დიდი დეპრესიის დროს. ძირითად დისკომფორტს განაპირობებს ის, რომ სიმპტომები ხანგრძლივი დროით ნარჩუნდება. ზოგიერთ შემთხვევაში პერსისტენტული დეპრესიის ნიშნები შეიძლება ისევე მკვეთრად იყოს გამოხატული, როგორც დიდი დეპრესიის ეპიზოდის შემთხვევაში. თუ პერსისტენტული დეპრესია დიდი დეპრესიის სიმპტომებით მიმდინარეობს, მას ორმაგ დეპრესიას უწოდებენ.
  • სეზონური აფექტური დარღვევა. ზოგიერთი ადამიანი დეპრესიას უჩივის წლის მოკლედღიან თვეებში – გვიან შემოდგომიდან ზამთრის სეზონის ჩათვლით. განპირობებულია რა დღის სინათლის ნაკლებობით, როგორც წესი, გაზაფხულის დადგომასთან ერთად ასეთი დეპრესია უკან იხევს და პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება.
  • პოსტნატალური დეპრესია. ბევრ ქალს მშობიარობის შემდეგ აღენიშნება გუნება-განწყობილების დაქვეითება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მშობიარობის შემდგომი ანუ პოსტნატალური დეპრესია. დეპრესიის ამ ტიპის სიმპტომები არ განსხვავდება დეპრესიის ტიპიური სიმტომებისგან. მშობიარობის შემდგომი დეპრესია ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ისეთი მძიმე ფორმით მიმდინარეობდეს, რომ ქალს მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნას ახალშობილის მოვლაში. ბავშვის დაბადებით გარშემო ყველა ბედნიერია, დედა კი თავს უბედურად გრძნობს. ამის გაგება გარემოცვას ხშირად უჭირს, რამაც შეიძლება განაპირობოს ბრალდება და თვითბრალდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს დეპრესიის სურათს.
  • პრემენსტრუალური დისფორიული მდგომარეობა. ზოგიერთი ქალი უჩივის დეპრესიის სიმპტომების განვითარებას მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში – პრემენსტრუალურ პერიოდში. მენსტრუაციის დაწყებისთანავე კი თვითშეგრძნება უმჯობესდება. ამ ფორმის დეპრესიის დროს სიმპტომები შეიძლება მერყეობდეს მოუსვენრობიდან და იმპულსურობიდან დაწყებული, გუნება-განწყობილების დაქვეითებით და ღრმა სევდით დამთავრებული. შესაძლოა აღინიშნოს აგრეთვე დაღლილობა და კონცენტრირების პრობლემები.
  • სხვა სამედიცინო მდგომარეობით გამოწვეული დეპრესიული დარღვევა. ბევრ სამედიცინო მდგომარეობას შეუძლია დეპრესიის გამოწვევა. ასეთებია ჰიპოთირეოზი, გულის დაავადებები, ინსულტი, ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებები, სიმსივნური დაავადებები, გაფანტული სკლეროზი. ძირითადი დაავადების წარმატებულ მართვასთან ერთად, დეპრესიის მხრივაც მდგომარეობა უმჯობესდება.
  • ატიპიური დეპრესია. ეს მდგომარეობა ტიპიური დეპრესიისგან განსხვავდება იმით, რომ ახასიათებს გუნება-განწყობილების გაუმჯობესება ცხოვრებისეულ დადებით მოვლენებზე საპასუხოდ (განწყობის რეაქტიულობა). ატიპიური დეპრესიისთის დამახასიათებელია უპირატესად მადის გაძლიერება.

წყარო:

https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK279288

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/9290-depression

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top