რატომ არის ბევრად უსიამოვნო ის, რომ გვაიგნორებენ, ვიდრე ის, რომ ღია კონფლიქტში ვართ? იმის მიუხედავად, რომ ღია კონფლიქტიც უსიამოვნო განცდებს აღძრავს, გამოცდილებაც და კვლევებიც აჩვენებს, რომ იგნორირება გაცილებით მტკივნეულია და განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი გვაიგნორებს.
კონფლიქტი წარმოადგენს ისეთ სივრცეს, სადაც ადგილი აქვს თვითგამოხატვას, ინფორმაციის გაზიარებას, პრობლემის გადაჭრაზე მიმართულ ქმედებას. იგნორირება კი გვრიყავს, გვაგდებს ეჭვში, გვიქვეითებს თვითშეფასებას და გვთრგუნავს. იგნორირებას, მისთვის დამახასიათებელი ემოციური სიცივის გამო, ცივ იარაღსაც ადარებენ.
იგნორირების მთავარი საფრთხე თვითონ იგნორირებული ადამიანის განცდებშია, იმაში, თუ როგორ ინტერპრეტირებს იგნორს. ის თუ, როგორ ინტერპრეტირებს ადამიანი იმას, რომ იგნორირების ობიექტი გახდა, დამოკიდებულია მის გამოცდილებასა და ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.
იგნორირება საფრთხეს უქმნის თვითშეფასებას. თვითშეფასებას შეიძლება ღია კონფლიქტიც ემუქრებოდეს, თუმცა იგნორირებისგან განსხვავებით ღია კონფლიქტი რეაგირების სივრცეს გვიტოვებს, იგნორირება კი სრულად გვიჭრის გზას თვითგამოხატვისთვის, გაზიარებისთვის, პრობლემის გამოკვეთისა და გადაჭრის გზების ძიებისთვის. კონფლიქტის დროს შეიძლება პირდაპირ დავსვა შეკითხვა: „რაში მდებ ბრალს? რას მერჩი? რა არ გავაკეთე სათანადოდ?“. იგნორირებული ადამიანი ასეთ გარკვეულობას მოკლებულია, მას ერთადერთი გზა დარჩენია – ჩაიძიროს თვითრეფლექსიაში, თვითონ იმტვრიოს თავი იმაზე, თუ „რა დააშავა“, რით აწყენინა ადამიანს, რის გამო უარყვეს. ნაცვლად კომუნიკაციისა, განცდებისა და ინფორმაციის მიმოცვლისა, იგნორირებული ადამიანი რჩება მარტო. ის ფიქრობს ხან ერთ, ხან მეორე, ხან მესამე შესაძლო მიზეზზე, თუ რატომ გახდა იგნორირების ობიექტი. ადამიანი იძირება საკუთარი ქმედებებისა და გამონათქვამების მოგონებაში, რომლებიც თითქოსდა „დამნაშავენი არიან“ იმაში, რომ ის დააიგნორეს. ეს კი გარდა იმისა, რომ ფიტავს მას, მნიშვნელოვნად აზარალებს თვითშეფასებასაც. ეს რომ ღია კონფლიქტი ყოფილიყო, პრობლემა გამოიკვეთებოდა, გაირჩეოდა, ამდენი ტანჯვის გარეშე გაირკვეოდა და ესა თუ ის გადაჭრა მოეძებნებოდა.
უმწეობა. იგნორირება გვიქმნის სიტუაციას, რომელიც ჩვენი კონტროლის მიღმაა. ეს კი უმწეობის განცდას აღგვიძრავს. ღია კონფლიქტის შემთხვევაში ორმხრივ ურთიერთობაში ვართ და ამიტომ კომუნიკაციის შინაარსიც და შედეგიც მეტ-ნაკლებად ორივე მხარის მიერ კონტროლირდება, იგნორირების შემთხვევაში კი იგნორირებული ადამიანი კარგავს სიტუაციის კონტროლის განცდას; მას მცდელობის გზაც კი მოჭრილი აქვს იმისთვის, რომ შევიდეს დისკურსში, ეცადოს პრობლემის გამოკვეთა და გადაჭრის გზების დასახვა.
უარყოფითი აზროვნება. იგნორირებული ადამიანი ზოგჯერ თავს ირწმუნებს, რომ საკმარისად “კარგი” არ არის იმისთვის, რომ ყურადღების ღირსი გახადონ. აქედან გამომდინარე, იგნორირებულმა შეიძლება დაასკვნას, რომ მეორე ადამიანს უბრალოდ არ უღირს ძალისხმევად მასთან ურთიერთობა. ადამიანმა შეიძლება დაასკვნას, რომ ის უმნიშვნელოა, უღირსია. „მე ყურადღების ღირსიც არ ვარ“ – ასეთი რწმენა გარდა იმისა, რომ ფსიქოემოციურად მტკივნეულია, უაღრესად კონტრპროდუქტიულიცაა – ის გვიკეტავს გზას, რომ ვიფიქროთ ურთიერთობის პრობლემაზე, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაზე და ახალი უნარებით კიდევ ერთხელ მოსინჯვაზე.
უარყოფა. იგნორირებული ადამიანი თავს უარყოფილად გრძნობს. ეს განსაკუთრებით მტკივნეულია მაშინ, თუ ადამიანი იმედოვნებდა ყურადღებას, აღიარებას, გაგებას, ამის სანაცვლოდ კი იგნორირება მიიღო. უარყოფა, როგორც წესი, მძიმე ემოციურ განცდებთან არის დაკავშირებული.
შფოთვა. იგნორირებამ შეიძლება ძლიერი შფოთვა გამოიწვიოს. იგნორირებული ადამიანი განუწყვეტლივ ფიქრობს იგნორირების მიზეზებზე; ხშირად მოიგონებს და აანალიზებს მომხდარს, გამუდმებით იხსენებს საკუთარ ქმედებებს, რომლებსაც შეიძლება ეს იგნორირება გამოეწვია. რაც ყველაზე დრამატულია, ამ წუხილის გაზიარების საშუალება არ ეძლევა ადრესატისათვის და ამდენად, მოჯადოვებულ წრეში აღმოჩნდება, რომლის ერთადერთი გამოსავალი ისევ და ისევ შფოთვაა.
ბრაზი და იმედგაცრუება. ზოგიერთმა ადამიანმა იგნორირება შეიძლება აღიქვას, როგორც მისდამი უპატივცემულობის ნიშანი, რაც იმედგაცრუებას და ბრაზს აღძრავს. აცნობიერებს რა, რომ როგორც პიროვნება პატივისცემას და ყურადღებას იმსახურებს, იგნორირება მასში რისხვას იწვევს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მის ფსიქოემოციურ მდგომარეობას და ართულებს ურთიერთობას, რომელზეც ასე წუხს.
ტრავმული რეაქცია. იგნორირებამ შეიძლება ტრავმული რეაქცია აღძრას განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანს წარსულში ისეთი გამოცდილება აქვს, სადაც მასთან ურთიერთობაში მყოფის დუმილი საფრთხესთან ასოცირდებოდა.
მიჯაჭვულობის დარღვევა. იგნორირებამ შეიძლება შეარყიოს ჩვენი დაცულობის განცდა; იგნორირების ვითარებაში თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობთ. ეს განსაკუთრებით მტკივნეულად ვლინდება იმ ადამიანებში, რომელთაც მიჯაჭვულობასთან დაკავშირებული მტკივნეული გამოცდილება აქვთ.
აკვიატებული აზრები. იგნორირებულ ადამიანს შეიძლება აკვიატებად ექცეს იმ პიროვნებაზე ფიქრი, ვინც აიგნორებს. ის შეიძლება გამუდმებით ცდილობდეს გაარკვიოს, თუ რას ფიქრობს, რას აკეთებს ის; უთვალთვალებდეს მას, დევნიდეს.
ფსიქოსომატური სიმპტომები. იგნორირებამ შეიძლება ისეთივე სტრესული რეაქცია აღძრას, როგორც – ნებისმიერმა სტრესორმა. სტრესი შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ სხეულებრივი სიმპტომები გამოიწვიოს, როგორებიცაა არტერიული წნევის ცვლილება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, საჭმლის მონელების პრობლემები და სხვა.
რატომ მიმართავს ადამიანი მეორე ადამიანის იგნორირებას? – ადამიანი მეორე ადამიანის იგნორირებას შეიძლება მიმართავდეს:
ა) როგორც აგრესიას:
- იგნორირება შეიძლება იყოს დასჯის ფორმა;
- იგნორირება შეიძლება იყოს კონტროლის და მანიპულაციის იარაღი;
ბ) როგორც თავდაცვას:
- იგნორირებით შეიძლება ადამიანი თავს იცავდეს იმ ურთიერთობისგან, რომელსაც სახიფათოდ აღიქვამს;
- იგნორირებით შეიძლება ადამიანი თავს იცავდეს ურთიერთობისგან, რომელიც მისთვის შფოთვის მომტანია.
რამდენიმე მარტივი და ქმედითი რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ ვუპასუხოთ იგნორირებას:
- გააცნობიერე რატომ მიმართავენ შენი მისამართით იგნორს. გააცნობიერე, ეს აგრესიაა თუ თავდაცვა. ეს დაგეხმარება კონკრეტული ურთიერთობის ანალიზში და მის ჯანსაღ კალაპოტში მოქცევაში.
- ნუ რეაგირებ იგნორირებაზე სასოწარკვეთით. იგნორირება ეს მისი ქცევაა და არა – შენი, ეს არ არის კავშირში შენს პიროვნებასთან, შენს პიროვნულ თვისებებთან.
- მიაქციე ყურადღება საკუთარ ღირებულებებს, დააწესე და დაიცავი პირადი საზღვრები და გახსოვდეს, რომ შენი პიროვნება არავის ყურადღებაზე არ არის დამოკიდებული.
- კომუნიკაციის წარუმატებლობა, რომელიც იგნორირებით გამოიხატა, უბრალოდ წარუმატებლობაა, ეს სამყაროს აღსასრული არ არის. წარმატებული კომუნიკაცია სწავლადია, ისწავლე ის, გაიუმჯობესე უნარები. კომუნიკაციის პრობლემა ტექნიკური პრობლემაა და მისი გაუმჯობესება შესაძლებელია.
- ჩადე ძალისხმევა იმ ურთიერთობებში, რომლებიც სიამოვნების, სიხარულის და ზრდის მომტანია და არა იმათში, რომლებიც გთრგუნავს.
- იგნორირებასთან დაკავშირებული ტრავმული განცდების შემთხვევაში, მიმართე დახმარებისთვის ფსიქოლოგს.
წყარო:
https://mentalzon.com/en/post/2916/why-is-ignoring-someone-so-emotionally-damaging
