რა არის პროფესიული გადაწვა
პროფესიული გადაწვა არის ინდივიდუალური ფსიქოლოგიური პასუხი ქრონიკული ხასიათის სამუშაო სტრესზე, რომლის დაძლევა ვერ ხერხდება. გადაწვა გამოიხატება მოტივაციისა და შრომით კმაყოფილების დაქვეითებით, პროფესიული არაეფექტიანობის განცდით, რაც განაპირობებს მომუშავის ფიზიკურ და ემოციურ გამოფიტვას, შრომითი ეფექტიანობის შემცირებას. თუ აღმოაჩენ, რომ უმარტივესი დავალებების შესრულებაც გიჭირს, იმედგაცრუებული ხარ სამსახურით და კოლეგებით და გრძნობ, რომ ვერაფერს აკეთებთ კარგად, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ შენ პროფესიულ გადაწვას განიცდიდე. პროფესიული გადაწვა არ განიხილება, როგორც სამედიცინო მდგომარეობა, თუმცა წარმოადგენს ფაქტორს, რომელიც ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.
პროფესიული გადაწვის რისკს განაპირობებს მოტივირებული მომუშავის მოლოდინებსა და რეალურ სამუშაო ვითარებას შორის არსებული შეუსაბამობა. უმრავლეს შემთხვევაში მომუშავენი ამ შეუსაბამობის დაძლევის კონტრპროდუქტიულ გზებს მიმართავენ, რასაც მივყავართ კიდეც გადაწვამდე. მძიმე შემთხვევებში პროფესიულმა გადაწვამ შეიძლება აქტივობის მნიშვნელოვანი დაქვეითება, მენტალური პრობლემები და ფიზიკური ავადმყოფობაც კი გამოიწვიოს.
პროფესიული გადაწვის შემთხვევათა დაახლოებით 30%-ში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები გვხვდება. არსებობს მონაცემები პროფესიულ გადაწვასა და მეორე ტიპის დიაბეტს შორის. აგრეთვე ნაჩვენებია კავშირი პროფესიულ გადაწვასა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს შორის. პროფესიული გადაწვის მქონე ადამიანთა მხოლოდ 10% არის ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელი, უმრავლეს შემთხვევაში გადაწვა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
სამუშაო სტრესსა და ჯანმრთელობის პრობლემებს შორის კავშირის მექანიზმი უნდა ვეძიოთ სტრესის არსასურველ გავლენაში ორგანიზმზე. ამდენად, გადაწვის პრევენცია, პირველ რიგში, სამუშაო სტრესის მართვასთან არის დაკავშირებული. იმისთვის კი, რომ გადაწვის მდგომარეობა დაიძლიოს, აუცილებელია იმ სამუშაო პირობების ცვლილება, რომლებიც მომუშავის გადაწვას განაპირობებს. პროფესიულ გადაწვას შეიძლება მოჰყვეს როგორც დროებითი, ისე ქრონიკული შრომისუუნარობა.
პროფესიული გადაწვის სიმპტომები
პროფესიულ გადაწვას მრავლობით სინდრომსაც უწოდებენ, რომელიც არაერთი სიმპტომით იჩენს თავს:
გამოფიტვა. ადამიანი უჩივის ფიზიკური, ემოციური და გონებრივი დაღლილობის შეგრძნებას, რომელიც არ ქრება დასვენების შემდეგაც კი.
ემოციური მერყეობა. აღინიშნება ემოციური პროცესების რეგულირების უნარის დაქვეითება, გაძნელებულია ემოციური ქმედებების კონტროლი, ადვილად გაღზიანებადობა, ჭირვეულობა.
კოგნიტური დისფუნქცია. სახეზეა კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება: აზროვნების, მეხსიერების და ყურადღების პრობლემები. ადამიანი უჩივის გულმავიწყობას, დავალებაზე ფოკუსირების უუნარობას, სამუშაო შეცდომების რაოდენობის ზრდას.
სამუშაოსადმი ცინიკურობა. ადამიანი ავლენს სულ უფრო და უფრო უარყოფით და ცინიკურ დამოკიდებულებას სამუშაოსადმი. ამას სტრესულ ვითარებასთან გასამკლავებლად მივმართავთ, თუმცა ეს დისფუნქციური გზაა და კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას.
შრომითი ნაყოფიერების შემცირება. ადამიანი მისთვის ჩვეულზე გაცილებით ნაკლებად მუშაობს, არ აქვს წარმატება, მეტიც – სახეზეა დაბალი პროდუქტიულობა.
სამუშაოს გაცდენა. ადამიანი სულ უფრო ხშირად აცდენს სამუშაოს შეუძლოდ ყოფნის ან მოტივაციის ნაკლებობის გამო.
ფსიქოსომატური ჩივილები. ადამიანი უჩივის სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკვილის, მათ შორის – თავის, კუჭის, ხერხემლის. შეიძლება აღინიშნოს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, იმუნიტეტის დაქვეითება.
ძილის/კვების ჩვევების ცვლილებები. ადამიანი უჩივის უძილობას ან ზედმეტ ძილიანობას. შეიძლება აღინიშნოს მადის გაძლიერება ან პირიქით – უმადობა.
იზოლაცია. ადამიანი ხდება გაუცხოვებული, მინიმუმზე დაყავს კოლეგებთან კომუნიკაცია, თავს არიდებს კორპორატიულ ურთიერთობებს.
თავის დაღწევის მოთხოვნილება. აღინიშნება ფანტაზიები კარიერის შეცვლაზე ან სამსახურიდან წასვლაზე.
დაუფასებლობის განცდა. ადამიანს აქვს განცდა, რომ აკლია აღიარება და დაფასება; განიცდის დადებითი უკუკავშირების დეფიციტს.
სამუშაო გეგმდან ამოვარდნა. ადამიანი ჩამორჩება სამუშაო ტემპს, ერღვევა სამუშაოს შესრულების ვადები, ვერ ასრულებს დასახულ გეგმას.
გუნება-განწყობილების დაქვეითება. აღინიშნება დეპრესიის მსგავსი სიმპტომები, უსარგებლობის, უძლურებისა და სიცარიელის განცდა, შფოთვა.
პროფესიული გადაწვის დიაგნორტირება
გთავაზობთ კითხვარს თვითდიაგნოსტირებისთვის:
- სამსახურში უფრო მეტი ცუდი დღე გაქვს, ვიდრე კარგი?
- შაბათ-კვირის დასასრულს უჩვეულოდ დათრგუნული ან გაღიზიანებული ხარ?
- უჩივი ტკივილს? – მაგალითად, თავის, კუჭის, კისრის, ზურგის. გაქვს საჭმლის მონელების პრობლემა?
- გაწუხებს თავის ტკივილი ჩვეულებრივზე უფრო ხშირად?
- შეგეცვალა ძილი? – ჩვეულებრივზე ბევრად მეტი გძინავს ან პირიქით, ნაკლებად გძინავს?
- გიჭირს სამსახურზე კონცენტრირება ან იმის გაგება, თუ რას მოელიან შენგან?
- მხოლოდ ბოლო წუთს და ვადების დარღვევით ახერხებთ დავალების შესრულებას?
- თავს არიდებ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კომუნიკაციას? კონსულტაციას?
- ოცნებობ სამსახურიდან წასვლაზე?
- სამსახურის გარეთ საკმარისად დაღლილი ხარ იმისთვის, რომ რაიმეთი გაერთო ან საინტერესო აქტივობით დაკავდე?
- ეჭვი გეპარება შენი სამუშაოს ღირებულებაში?
- წელავ დროს მუშაობის დაწყებამდე?
- სამსახურში მიდიხართ ძალით და გიჭირთ დაწყება?
- კარგავ მოთმინებას კოლეგების ან კლიენტების მიმართ?
- უჩივი ენერგიის ნაკლებობას იმისთვის, რომ სამუშაო კარგად შეასრულო?
- გიჭირს სამუშაოზე კონცენტრირება?
- გრძნობ ნაკლებ კმაყოფილებას შესრულებული სამუშაოთი?
- გრძნობ იმედგაცრუებას სამსახურის გამო?
- ეჭვი გეპარება შენს პროფესიულ უნარებსა და შესაძლებლობებში?
- მიმართავ თუ არა ჭამას, ალკოჰოლს ან სხვა ნივთიერებებს იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნო?
თუ ამ კითხვების უმეტესობას დადებითი პასუხი გაეცით, მაშინ ეს უნდა გახდეს შენთვის სიგნალი იმისა, რომ პროფესიული გადაწვის წინაშე დგახარ. თუკი ყველა შეკითხვას დადებითი პასუხი გაეცი, მაშინ პროფესიული გადაწვა გაქვს და აუცილებლად მიმართე პროფესიონალს – ოჯახის ექიმს ან მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალს.
პროფესიული გადაწვის სიმპტომები ძალიან გავს დეპრესიის სიმპტომებს და ამიტომ დიფერენციალური დიაგნოზის გატარება საჭიროა, თუმცა დეპრესია არ განაპირობებს პროფესიულ გადაწვას, პირიქით კი შესაძლებელია – პროფესიულმა გადაწვამ განაპირობოს დეპრესია.
პროფესიული გადაწვის მიზეზები
საინტერესო ფაქტია ის, რომ პროფესიული გადაწვა შეიძლება განაპირობოს როგორც დატვირთულმა სამუშაომ, ისე – არასაკმარისმა დატვირთვამ. პირველ შემთხვევაში გადაწვის მიზეზი ხდება გამუდმებული და არასტაბილური ტემპით მუშაობით გადაღლა. მეორე შემთხვევაში გადაწვის მიზეზი ხდება არასაკმარისი დატვირთვის გამო განვითარებული მოტივაციის, ჩართულობისა და სამუშაოსადმი ინტერესის დაქვეითება და გამოფიტვა. პროფესიული გადაწვის აბსოლუტური ფორმულა არ არსებობს, ამიტომ ერთი და იგივე რისკ-ფაქტორი ყველა ადამიანში აუცილებლობით არ გამოიწვევს გადაწვას. პროფესიული გადაწვის პოტენციური მიზეზებიდან გამოყოფენ შემდეგს:
პროფესიული გადაწვის შესაძლო მიზეზები:
ა) კორპორატიული რისკ-ფაქტორები:
– არასტაბილური სამუშაო დატვირთვა
– მაღალი მოთხოვნებისა და დაბალი რესურსების კომბინაცია
– საკუთარ სამუშაოზე კონტროლის ნაკლებობა
– ნათლად არცოდნა იმისა, თუ რას მოელიან შენგან
– არასაკმარისი ჯილდო
– კორპორატიული ურთიერთობის ნაკლებობა და სამსახურებრივი კონფლიქტები
– სამართლიანობის ნაკლებობა
– პროგნოზირების სირთულე
– მომუშავის პიროვნულ ღირებულებებთან შეუსაბამობა
– სოციალური ჩართულობისა და მხარდაჭერის ნაკლებობა
– შეურაცხყოფა, მუქარა, შევიწროვება, ძალადობა
ბ) პიროვნული რისკ-ფაქტორები:
- პიროვნული თვისებები: პერფექციონიზმი, ჰიპერკონკურენტულობა, მაღალი ნევროტულობა
- მაღალი ემოციური ჩართულობა
- დახმარების თხოვნასთან დაკავშირებული სირთულეები
- სამუშაო ამოცანების პრიორიტეტულობის განსაზღვრის სირთულეები
- სამსახურთან/პროფესიასთან პიროვნული გაიგივება
გ) ცხოვრების წესის რისკ-ფაქტორები:
- უეცარი ავადმყოფობა
- ოჯახის წევრის უეცარი ავადმყოფობა და/ან მისი ბინაზე მოვლის აუცილებლობა
- ორ ან მეტ სამსახურში მუშაობა
- დროის ნაკლებობა
- სამსახურისა და სამსახურის გარეთ ცხოვრების დაუბალანსებლობა
ერთი და იგივე სამუშაო პირობები ერთ მომუშავეში იწვევს პროფესიულ გადაწვას, ხოლო მეორე მომუშავეში – არა. არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ პიროვნული თავისებურება შეიძლება წარმოადგენდეს გადაწვისადმი მოწყლვადობის საფუძველს. მაგალითად, ის პირები, რომლებიც ნევროტიზმის უფრო მაღლ ქულებს და ექსტრავერსიას აჩვენებენ, უფრო მიდრეკილნი არიან გადაწვისკენ დაბალი ნევროტიზმის და ინტროვერსიის ჯგუფისგან განსხვავებით. მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ ჩართულობის ხარისხს. კერძოდ, უკიდურესი ჩართულობა მიჩნეულია მნიშვნელოვან ტრიგერად და განსაკუთრებით მაში, როცა მიზანი მიუღწეველი ხდება. გადაწვის ხარისხთან დაკავშირებულია მომუშავის მოლოდინების ხარისხთან. მაღალი მოლოდინები და ამბიციური მიზნები განაპირობებს ძალისხმევის ზრდას, რაც განაპირობებს გამოფიტვის მაღალ რისკს. მოლოდინებსა და რეალურ შედეგებს შორის შეუსაბამობამ შეიძლება ძლიერი იმედგაცრუება გამოიწვიოს. რა თქმა უნდა ინდივიდუალური ფაქტორები, ცალკე აღებული, არ განაპირობებს პროფესიულ გადაწვას, არამედ მხოლოდ ურთიერთქმედებაში სიტუაციურ ფაქტორებთან, რომლებიც მაპროვოცირებელ როლს ასრულებენ. გარდა ამისა არსებობს მონაცემები, რომ წარსულმა სამუშაო გამოცდილებამ შეიძლება განაპირობოს აგრეთვე პროფესიული გადაწვისადმი მოწყლვადობა. საინტერესოა ისიც, რომ პროფესიული გადაწვა უფრო ხშირია ქალებში, მამაკაცებთან შედარებით.
პროფესიული გადაწვის შედეგები
პროფესიულმა გადაწვამ შეიძლება ისეთ შედეგებამდე მიგვიყვანოს, როგორებიცაა:
- გონებრივი და ფიზიკური გამოფიტვა
- პიროვნული იზოლაცია
- ემოციური არასტაბილურობა
- დაძაბული სამუშაო ურთიერთობები
- ქრონიკული დაავადებები, მათ შორის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები
- იმუნიტეტის დაქვეითება
- სამსახურიდან ან სამუშაო ადგილიდან წასვლა
პროფესიული გადაწვის ეტაპები
პროფესიული გადაწვის ჩამოყალიბება ეტაპებად მიმდინარეობს, განარჩევენ 5 ეტაპს:
პირველი ეტაპი: თაფლობის თვე
აღფრთოვანებული ხარ სამუშაოთი, რომელსაც ასრულებ და იმითაც, თუ როგორ ასერულებ მას. თავს ენერგიულად, შემოქმედებითად გრძნობ. არ გაწუხებს ის, რომ შესვენება გამოტოვე ან გვიანობამდე დარჩი. სამწუხაროდ, სამსახურში, ისევე როგორც ცხოვრებაში, თაფლობის თვე სამუდამოდ გრძელდება. სწორედ თაფლობის თვეში ვიწყებთ ქცევის ისეთი ნიმუშების გამომჟღავნებას, რომელთაგან თავის დაღწევა მოგვიანებით ეტაპებზე ძნელი ხდება.
მეორე ეტაპი: ბალანსი
ყველაფერი კარგადაა, მაგრამ სამსახურმა დაკარგა თავისი ბრწყინვალება. უკვე გაქვს კარგი და ცუდი დღეები. ამჩნევ, რომ მაშინაც კი, როცა სამუშაოს კარგად ასრულებ, ეს მეტს და მეტს მოითხოვს შენგან. შეიძლება შენიშნო თავს, რომ რაღაც გავიწყდება, რომ სტრესს განიცდი და ამის გამო ვერ იძინებ.
მესამე ეტაპი: ქრონიკული სტრესის სიმპტომები
უფრო ხშირად გრძნობ სტრესს და მოუსვენრობას. უფრო ადვილად ღიზიანდები და გწყინს შინ თუ გარეთ. დაღლილობას გრძნობ, აპათიას. ენერგიის შესანარჩუნებლად კოფეინზე ხარ დამოკიდებული. შეიძლება ცინიკური დამოკიდებულება გივითარდება სამსახურის მიმართ, დეპრესიის ნიშნებს ატყობ თავს, ეჭვი გეპარება, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი. შეიძლება ე.წ. კვირა დღის საშინელება დაგეწყოს, რაც უარესდება და უარესდება. შაბათ-კვირა სტრესში გაგდებს იმის გამო, რომ მას სამუშაო კვირა მოყვება.
მეოთხე ეტაპი: გადაწვა
სახეზეა გადაწვის ფსიქოემოციური და ფიზიკური სიმპტომები. შეიძლება დაიწყო სამსახურის გაცდენა, საქმის გადადება, ვადებში აცდენა. ფიქრობ სამსახურიდან წასვლაზე, ამ ყველაფრისგან გაქცევაზე, რათა თავი დააღწიო ვითარებას.
მეხუთე ეტაპი: ჩიხი
გადაწვა გახდა შენი გარემო. შეიძლება არც გახსოვდეს დრო, როცა ასე არ გრძნობდი თავს. ამ ეტაპზე შეიძლება მენტალური პრობლემები დაიწყოს, შფოთვის და დეპრესიის სიმპტომები.
პროფესიული გადაწვის მართვა
პროფესიული გადაწვის მქონე ადამიანების უმრავლესობა ოცნებობს უბრალოდ ჩაალაგოს ნივთები და წავიდეს სამსახურიდან. ეს უკიდურესი ზომაა და ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ ზომას, თუმცა გირჩევთ დაიწყო ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც დაგეხმარება გადაწვის დაძლევაში სამსახურიდან წასვლის აუცილებლობის გარეშე. მაშ ასე, 10 პრაქტიკული რჩევა:
- გააცნობიერე საკუთარი განცდები
პროფესიული გადაწვა და მასთან დაკავშირებული განცდები განუყოფელია ემოციებისგან. სწორედ ემოციებია პირველი მიმნიშნებელი იმისა, თუ რა ხდება ჩვენს თავს. ყური უგდე საკუთარ განცდებს, როდის აღგეძვრება ემოციები და რა ტიპის. განცდების გაცნობიერება დაგეხმარება წყენის და იმედგაცრუების დაძლევაში, ემოციური გამოფიტვისგან თავის დაცვაში.
- გააცნობიერე და დაიცავი პირადი საზღვრები
ხშირად შენი გადაღლის მიზეზი არის ის, რომ გამუდმებით ამბობ „დიახ“, თანა ისე, რომ არ იაზრებ რა დრო და ენერგიაა საჭირო იმ სამუშაოს შესასრულებლად, რასაც ასე მყისიერად თანხმდები. ჯანსაღი საზღვრების დაწესებით შეძლებ გააკონტროლო შენი დრო და შესაძლებლობები, ნაკლებად გადაიღლები და დაგრჩება ენერგია სამსახურის გარე აქტივობებისთვისაც. დააბალანსე სამუშაო და პირადი ცხოვრება.
- გააუმჯობესე ურთიერთობები
გადაწვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის ნაკლებობაა. გააუმჯობესე კოლეგებთან ურთიერთობა. ეს გაგიზრდით მიკუთვნებულობის განცდას; გაგიუმჯობესებთ სამუშაო რესურსებთან წვდომას და გაგიადვილებთ თანამშრომლობას, დახმარების მიღებას და გაცემას.
- იმუშავე სამსახურში
დაგეგმე ცხოვრება ისე, რომ იმუშაო სამსახურში და იცხოვრო სამსახურის გარეთ. დაგეგმე ერთიც და მეორეც. დაგეგმე პირადი ხოვრების პრიორიტეტები და დააბალანსე მათი განხორციელება სამუშაოსთან მიმართებით. მიმართე ფიზიკური საზღვრების დაწესებას. მაგალითად, პირადი მოწყობილობიდან წაშლილი გაქვს სამსახურის ელ. ფოსტა და ა.შ.
- ეძებეთ გამარჯვება წვრილმანებში
გადაწვის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი საკუთარი არაეფექტიანობის განცდაა. ცხოვრების ნებისმიერი წარმატება, სულ მთლად წვრილმანიც კი, მიიჩნიე გამარჯვებად, დააფასე ის და ეს საშუალებას მოგცემს, რომ უფრო ქმედუნარიანი იყო საქმეში. სცადე გამარჯვება განიცადო ისეთი წვრილმანებით, როგორიცაა სემინარზე უბრალოდ დასწრება. მოკლე დავალების შესრულება ან თუნდაც საკუთარი საწერი მაგიდის უჯრების მოწესრიგება.
- გაუზიარე შენი წუხილი ხელმძღვანელს
ისეთი ცვლილებების გატარებაში, რომელიც აუცილებელია პროფესიული გადაწვის პრობლემის გადასაჭრელად. ლიდერს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გადაწვის პრევენციაში. იქონიე კავშირი-უკუკავშირი, გაუზიარე ის თუ რას და როგორ განიცდი და აღივქვამ სამუშაო ადგილას, რა მხარდაჭერა გესაჭიროება. განიხილეთ ერთად ვარიანტები. თუ შენი ძალისხმევით მიუხედავად, სამსახური არაფრის ცვლილებას აპირებს, არ ავლენს მხარდაჭერას და თანამშრომლობას, მაშინ განიხილე ეს ვარიანტი, შეიცვალო სამსახური, რომელიც გაზიანებს.
- იზრუნე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე
გადაწვის ერთ-ერთი მიზეზი თავის მოვლის ინტერესის ნაკლებობაა. გამოყავი დრო კვებისთვის, წყლის პროცედურებისთვის, ვარჯიშისთვის და დასვენება-ურთიერთობებისთვის. მოიწესრიგე ძილი.
- გაავარჯიშე კოგნიცია
როცა ვმუშაობთ, გასაკვირი არ არის ის, რომ ყურადღება ყოველთვის ერთნაირად კონცენტრირებული არ გვქონდეს ან ის, რომ რაღაც დაგვავიწყდეს. ჩვენ ადამიანები ვართ. ამიტომ ჩვევად გაიხადე საკუთარი თავის შემოწმება. დააყენე შეხსენება სმარტფონზე ან კომპიუტერზე. უბრალო შეკითხავას „რა მჭირდება ახლა?“ შეიძლება წარმოუდგენლად ძლიერი ეფექტი ქონდეს.
- ითხოვე დახმარება
გადაწვა ხშირად გამოუხატავი მოთხოვნილებების შედეგიცაა. ითხოვე დახმარება, როცა ეს გჭირდება. სთხოვე დახმარება ოჯახის წევრებს, კოლეგებს, ხელმძღვანელებს და თქვენ აღმოაჩენთ, რომ იმაზე მეტი მხარდაჭერა გაქვთ, ვიდრე გგონიათ. მიიღე მხარდაჭერა. გაუზიარე პრობლემა ახლობელ ადამიანებს, მიიღე მათგან მხარდაჭერა. ასეთი საუბრები შეიძლება მნიშვნელოვნად დაგეხმაროს. თუ სამსახური გთავაზობს თანამშრომლების დახმარების პროგრამას, ისარგებლე ასეთი მხარდაჭერით.
- მიმართე რელაქსაციის პრაქტიკას.
მიმართე აქტივობებს, რომლებიც შეგიმცირებს სტრესს და დაძაბულობას. ეს შეიძლება იყოს იოგა, მაინდფულნესი, სუნთქვითი ვარჯიშები, ვიზუალიზაცია.
წყარო:
https://oshwiki.osha.europa.eu/en/themes/understanding-and-preventing-worker-burnout
https://www.mayoclinic.org/healthy-lifestyle/adult-health/in-depth/burnout/art-20046642
https://www.betterup.com/blog/signs-of-burnout-at-work
