ემოცია და გრძნობა

ის, თუ როგორ ვრეაგირებთ გარემომცველ სამყაროზე, განსაზღვრავს ჩვენს პიროვნებას და განაპირობებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. ადამიანის ფსიქიკური ფუნქციები, როგორებიცაა აღქმა, აზროვნება, მეხსიერება, წარმოსახვა, ნებელობა, ობიექტური სინამდვილის ასახვას იძლევა და ამიტომ მათ შემეცნების პროცესებს უწოდებენ. ფსიქიკურ ფუნქციებს შორის გვაქვს ერთი, რომელიც არა ობიექტურის, არამედ ჩვენი სუბიექტური მდგომარეობის მთლიანობითი ხასიათის ასახვას წრმოადგენს – ეს არის ემოცია. ემოცია მკვეთრად განსხვავდება ყველა სხვა ფსიქიკური ფუნქციისგან იმით, რომ სუბიექტური ხასიათისაა – ის სუბიექტის მდგომარეობად განიცდება. ემოციური განცდა მხოლოდ სუბიექტის მდგომარეობას წარმოადგენს. ემოცია ჩემი მდგომარეობაა და არა რომელიმე ობიექტის ნიშანი.

ემოცია ორპოლუსიანია, პოლუსები საპირისპირო წევრებისგან შედგება: სიამოვნება და უსიამოვნება/ აგზნება და შეკავება. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს პოლარობა სიმეტრიული კი არ არის, არამედ ასიმეტრიულია. ცხადია, სიამოვნება ერთი პოლუსია, უსიამოვნება – მეორე, მაგრამ სიმეტრიული რომ ყოფილიყო, მაშინ ყოველი სიამოვნების ემოციას თავისი საპირისპირო უსიამოვნების გრძნობა უნდა ჰქონოდა და პირიქით. ეს კი ასე არ არის. ჩვენ გვაქვს მთელი რიგი გრძნობებისა, რომელთაც საპირისპირო გრძნობა არ გააჩნიათ.

ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ემოცია და გრძნობა ერთი და იგივეა. სინამდვილეში ასე არ არის. ემოციური პროცესები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არსებობს ემოციური პროცესები, რომლებიც უფრო სუბიექტური და უფრო მთლიანობითი ბუნების არიან და არსებობს ემოციური პროცესები, რომლებიც უფრო ობიექტივირებული და უფრო დიფერენცირებული ბუნების არიან. პირველ შემთხვევაში ისეთ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, რომელიც სუბიექტის მთელ მდგომარეობას ეხება და მის მთლიან დახასიათებას უფრო იძლევა, ვიდრე რომელიმე განცდისას. ამ შემთხვევაში ემოციაზე ვსაუბრობთ. მეორე შემთხვევაში კი უთუოდ რაიმე კონკრეტული შინაარსის განცდა გვაქვს. მაგალითად, აღგვეძრა ემოციური განცდა ვარდის სურნელის შეგრძნების საპასუხოდ. აქ ემოცია შეგრძნების ობიექტის (სურნელოვანი ვარდი) დასახასიათებლად ჩნდება და ამდენად აქ ემოციური განცდა უფრო სპეცილურია, უფრო ობიექტივირებული. ამ შემთხვევაში გრძნობაზე ვსაუბრობთ. მართალია გრძნობაც სუბიექტის მდგომარეობაა, მაგრამ მასში ობიექტური მომენტი დიდ როლს თამაშობს: გრძნობა ისე განიცდება, თითქოს ობიექტს ცაკლე მხარე ქონდეს, რასაც ვგრძნობთ.

როგორც ჩანს, ემოცია და გრძნობა იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ემოცია უფრო მთლიანობითი და სუბიექტური განცდაა, ხოლო გრძნობა უფრო სპეციალური და ობიექტივირებული. ამდენად, არამხოლოდ მთელი ფსიქიკური შინაარსები იყოფა ორ ჯგუფად: 1. მთლიანობითი და სუბიექტური მდგომარეობები ანუ ემოციური განცდები და 2. ობიქეტური სინამდვილის ამსახავი ანუ შემეცნების პროცესები, არამედ თვითონ ემოციური პროცესიც ორ ჯგუფად იყოფა: 1. სუბიქტთან მეტად დაკავშირებული ანუ ემოციები და 2. ობიექტურ სინამდვილესთან დაკავშირებული ანუ გრძნობები.

კონკრეტული გრძნობის აღმოცენება ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ საგანს, აღვიქვამთ მას და ეს შინაარსი რაღაც ემოციურ მდგომარეობას ანუ გრძნობას იწვევს ჩვენში. ეს გრძნობა შეიძლება იყოს სიამოვნების ან უსიამოვნების. ამდენად, აღქმის საგანი არამხოლოდ ობიექტურ თვისებებს შეიცავს, არამედ იმ თვისებებსაც, რომლებიც ჩვენში სიამოვნების ან უსიამოვნების გრძნობას იწვევს. ამდენად, გრძნობა სუბიექტს კი არ ახასიათებს, არამედ ობიექტის იმ თვისებებს, რომლებიც სუბიექტზე ზემოქმედებაში იჩენს თავს. როცა ჩვენ ობიექტი გვაინტერესებს, მის ასახვაში არამხოლოდ ობიექტური თვისებები შედის, არამედ – სუბიექტურიც ანუ ის თვისებები, რომელთაც გრძნობის გამოწვევა შეუძლიათ.

გრძნობების ორ დიდ ჯგუფს განარჩევენ:

  1. გრძნობადი გრძნობები – ეს არის გრძნობები, რომელთაც აღქმის შედეგად ვღებულობთ და რომლებიც ობიექტურ შინაარსებთან დაკავშირებით განიცდებიან.
  2. უმაღლესი გრძნობები – ეს არის გრძნობები, რომლებიც რაიმე ესთეტური ღირებულების (მხატვრული ნაწარმოები, ბუნების მშვენიერება და სხვა) ან რაიმე ქცევის საპასუხოდ აღიძვრებიან. ეს გრძნობები ინტელექტუალური, ესთეტური და მორალური გრძნობებია.

ემოცია გრძნობისგან განსხვავებით, წმინდა სუბიექტურ მდგომარეობად განიცდება და არასდროს – ობიექტის თვისებად. ადვილი შესაძლებელია, რომ რომელიმე გრძნობა ემოციაში გადაიზარდოს. ავიღოთ რომელიმე გრძნობა და წარმოვიდგინოთ, რომ მისი ინტენსივობა თანდათან ძლიერდება. ინტენსივობის ზრდის პროცესში შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ამ გრძნობამ არამხოლოდ ობიექტის თვისების, არამედ სუბიექტის მდგომარეობის განცდის სახით იჩინოს თავი ცნობიერებაში. ამ შემთვევაში ჩვენ უკვე ემოციასთან გვექნება საქმე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გრძნობა და ემოცია განცდის ინტენსივობის სხვადასხვა საფეხურს წარმოადგენენ და რომ ემოცია უფრო ინტენსიურია, ვიდრე  გრძნობა, არა. 

ემოციების ოთხ ჯგუფს განარჩევენ. ორი ჯგუფი სასიამოვნო ემოციებია – სასიამოვნო აგზნება და სასიამოვნო შეკავება; ორი ჯგუფიც უსიამოვნო ემოციებია – უსიამოვნო აგზნება და უსიამოვნო შეკავება. არსებობს ემოციების უფრო გართულებული კლასიფიკაციებიც, მაგალითად მაკ-დაგოლის კლასიფიკაცია, რომელიც ინსტინქტების საფუძველზე ემოციებს აჯგუფებს 14 კატეგორიად:

  1. თავდაცვის ინსტინქტი – შიშის ემოცია
  2. აგრესიის ინსტინქტი – რისხვის ემოცია
  3. უკუგდების ინსტინქტი – ზიზღის ემოცია
  4. მშობლის ინსტინქტი – სინაზის ემოცია
  5. დამოკიდებულების ინსტინქტი – უმწეობის ემოცია
  6. გამრავლების ინსტინქტი – სქესობრივი ემოცია
  7. ცნობისმოყვარეობის ინსტინქტი – გაკვირვების ემოცია
  8. დამორჩილების ინსტინქტი – მორჩილების ემოცია
  9. თვითდამკვიდრების ინსტინქტი – სიამაყის ემოცია
  10. სოციალური ინსტინქტი – მარტოობის ემოცია
  11. ნადირობის ინსტინქტი – მადის ემოცია
  12. საკუთრების ინსტინქტი – ფლობის ემოცია
  13. მშენებლობის ინსტინქტი – შემოქმედების ემოცია
  14. სიცილის ინსტინქტი – მხიარულების ემოცია

მაკ-დაუგოლის კლასიფიკაციას დიდი კრიტიკა შეხვდა, რამდენადაც ადამიანის ემოციური ცხოვრება, რომელიც ასერიგ გადაჯაჭვულია სოციალურ განვითარებასთან, აქ ინსტინქტებზეა დაყვანილი. არსებობს შტერნის კლასიფიკაცია, რომლის მიხედვით განირჩევა შემდეგი ჯგუფები: ა) აწმყოს გრძნობები – აქ შედის გუნება-განწყობა, აფექტი; ბ) მომავლის გრძნობები – აქ შედის მოთხოვნილება, როგორც გრძნობა, მოლოდინი, შიში, იმედი; გ) წარსულის გრძნობები – აქ შედის სიახლოვის გრძნობა, სიყვარული, ერთგულება, პატრიოტიზმი, დარდი. პოპულარულია კურტ შნაიდერის კლასიფიკაცია, რომლის მიხედვით განირჩევა შემდეგი ჯგუფები:

ა) მდგომარეობის ემოციები:

სასიამოვნო: სიხარული, სიამოვნება, მხიარულება, ბედნიერება, სიმშვიდე, დარწმუნებულობა, კმაყოფილება.

უსიამოვნო: სევდა, დარდი, შიში, უხალისობა, ნაღველი, უმწეობა, სევდა, სასოწარკვეთა, წუხილი, ძრწოლა, წყენა, რისხვა, ბრაზი, შური, ეჭვი, მოწყენა, სიცარიელე.

ბ)საკუთარი თავის მიმართ ემოციები:

სასიამოვნო: ძალა, სიამაყე, თავმოყვარება, ჯიუტობა, ამპარტავნება.

უსიამოვნო: სირცხვილი, ბრალეულობა, სინანული, თავმდაბლობა.

გ) სხვის მიმართ ემოციები:

სასიამოვნო: სიყვარული, სიმპათია, ნდობა, თანაგრძნობა, პატივისცემა, ინტერესი, მოწონება, მადლიერბა, კეთილგანწყობა, თაყვანისცემა, აღფრთოვანება.

უსიამოვნო: სიძულვილი, ზიზღი, უნდობლობა, უგულვებელყოფა, მტრობა, დაცინვა, უკმაყოფილება, აღშფოთება.

წყარო:

https://therapy-central.com/2025/06/29/how-emotions-differ-from-feelings-and-why-it-matters

https://www.psychologytoday.com/us/blog/the-pleasure-is-all-yours/202202/the-important-difference-between-emotions-and-feelings

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top