„ბავშვთა და მოზარდთა ანომალური ფსიქოლოგია“ ბავშვთა და მოზარდთა ასაკის ფსიქოპათოლოგიის ვრცელი სახელმძღვანელოა. წიგნში მოცემულია ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოპათოლოგიის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლები და ქარაქტეროლოგიური, ეპიდემიოლოგიური, ეტიოლოგიური ასპექტები, აგრეთვე – კონკრეტული მდგომარეობების შეფასების და მკურნალობის სტრატეგიები. წიგნის ცენტრალურ ინტერესს წარმოადგენს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური პრობლემების ანალიზი განვითარების ფსიქოლოგიის კონტექსტიდან. არსებითი კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ ქცევა მრავლობითი ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგია; მოზარდთა ქცევითი პრობლემები მჭიდრო კავშირშია სოციალურ და კულტურალურ კონტექსტთან და რომ ემპირიული მეთოდები წარმოადგენს ყველაზე უფრო საიმედო საშუალებას ქცევის სირთულის გასაგებად. წიგნი განიხილავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: დიაგნოსტიკისა და კლასიფიკაციის პრობლემატიკა; გენეტიკური ფაქტორებისა და ტვინის ადრეული განვითარების როლი და მათი ინტერაქცია გარემო ფაქტორებთან; ოჯახისა და თანატოლების როლი; სქესის, კულტურის და ეთნიკური ფაქტორების როლი; პრევენციისა და ადრეული ინტერვენციის მნიშვნელობა; სამეცნიერო მტკიცებულებებზე დამყარებული მკურნალობა; სოციალური პრობლემების როლი, როგორებიცაა ბავშვთა მიმართ სისასტიკე, ბავშვთა ასაკში ნივთიერებების მოხმარება, ბულინგი და ვიქტიმიზაცია, ომი და ტერორიზმი. წიგნში შეტანილია სასარგებლო თვალსაჩინოებები; მოიცავს ორასამდე სურათს და ცხრილს, ფოტომასალას. თხრობა მოქნილია, ნათლად გასაგები და ადვილად აღქმადი სხვადასხვა გამოცდილების მქონე მკითხველისთვის. უხვად არის მოცემული კლინიკური შემთხვევები, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს მთელი სიცხადით გააცნობიეროს დასმული პრობლემატიკა. ცალკე ბლოკებად არის გამოყოფილი „აქცენტები“, სადაც განხილულია ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა ჩვილთა მენტალური ჯანმრთელობა, ვაქცინაციასთან დაკავშირებული სამეცნიერო მტკიცებულებები, აუტიზმი, სუიციდი, სექსუალური უმცირესობები, სტიგმატიზაცია. წიგნში მოცემულია აგრეთვე სასარგებლო ონლაინ-რესურსები. წიგნი განკუთვნილია ფსიქოლოგებისა და კლინიკური ფსიქოლოგებისთვის, აღმზრდელებისა და მასწავლებლებისთვის, ბავშვთა ფსიქოლოგია-ფსიქოპათოლოგიის შემსწავლელი სტუდენტებისთვის.
