ეს წიგნი ამერიკის წიგნის ფესტივალის გამარჯვებულია და მიღებული აქვს ჯილდო საუკეთესო წიგნისათვის ფსიქოლოგიისა და მენტალური ჯანმრთელობის სფეროში. მას ბიპოლარული დაავადების მქონე ადამიანებისა და მათი ახლობლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო უწოდეს. წიგნის ავტორი, მედიცინის დოქტორი ფრენსიზ მარკ მონდიმორი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და ქცევითი მეცნიერების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ემოციური სფეროს დარღვევების კლინიკის დამფუძნებელი დირექტორია. ის ავტორია წიგნებისა: „მოზარდთა დეპრესია“, „მოსაზღვრე პიროვნული დარღვევები“, „ბიპოლარული დარღვევების მოკლე გზამკვლევი“. ბიპოლარული დაავადება შეზღუდული შესაძლებლობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია; განაპირობებს პიროვნების ცხოვრებისეული აქტივობის მრავალი სფეროს დისფუნქციას; დაკავშირებულია რისკის ქცევებისა და სუიციდის მაღალ რისკთან. პაციენტები დიდ სირთულეებს ეჩეხებიან ურთიერთობის, სწავლისა და მუშაობის კუთხით. ბიპოლარული დარღვევები წარმოადგენს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემას, რომელიც აზიანებს პიროვნების ემოციურ სფეროს, აქტივობას და ხასიათდება ბიპოლარული მიმდინარეობით – დათრგუნული და აწეული გუნება-განწყობილების მონაცვლეობით, დეპრესიისა და ჰიპომანიის თანმიმდევრული ეპიზოდებით. მსოფლიოში 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ბიპოლარული დაავადებით. გამოწვევად რჩება სტიგმა და დისკრიმინაცია, რაც თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს პაციენტების განათლებაზე, დასაქმებასა და ცხოვრების ხარისხზე. ფრენსიზ მონდიმორის ამ წიგნმა ათასობით ადამიანს გაუწია დახმარება. ის 2020 წელს გამოიცა მეოთხე რედაქციით და არის სრულად გადამუშავებული და განახლებული – ბიპოლარული დაავადების მიმართულებით კვლევისა და მკურნალობის სიახლეების გათვალისწინებით. წიგნში მოცემულია ბიპოლარული დაავადების სამკურნალო ახალი საშუალებები (მათ შორის – კეტამინი) და მათი ჩვენება, უკუჩვენება, გვერდითი მოვლენები. გაშუქებულია კვლევები, რომლებიც საკვები დანამატების გამოყენებას ეხება ბიპოლარული დარღვევების დროს, როგორებიცაა მაგალითად, ომეგა3 და N-აცეტილ ცისტეინი. აღწერილია თავის ტვინის მასტიმულირებელი მკურნალობა ახალი ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციით (TMS), აგრეთვე – ვაგუსის სტიმულაციის შესაძლებლობები. გაშუქებულია ფარმაკოგენომიკის საკითხები: სამკურნალო სტრატეგიის დაგეგმვა პაციენტის ინდივიდუალური გენეტიკური პროფილის ანალიზის საფუძველზე. წიგნში განხილულია მნიშვნელოვანი მიმართებები ბიპოლარულ დარღვევებსა და მოსაზღვრე პიროვნულ დარღვევებს შორის და მასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკური სირთულეები. გარდა სამკურნალწამლო საშუალებებისა, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ცხოვრების სტილის შეცვლასთან დაკავშირებულ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ ცხოვრების ხარისხს. მოცემულია რჩევები განსაკუთრებულ ვითარებებში ორიენტირებისთვის. აქცენტები კეთდება პაციენტის მხარდაჭერის სისტემის (სოციალური, იურიდიული, სადაზღვევო საკითხების მოგვარება) და ოჯახური მხარდაჭერის როლზე. განხილულია ფსიქოთერაპიის ადგილი ბიპოლარული დარღვევების შემთხვევებში, მათ შორის – კოგნიტურ-ბიჰევიორული და ოჯახური თერაპიის შესაძლებლობები. წიგნი ორგანიზებულია ექვს ნაწილად. პირველ ნაწილში იხილავთ ბიპოლარული დაავადების ზოგად მიმოხილვას. მეორე ნაწილში განხილულია ბიპოლარული დაავადების მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობები. მესამე ნაწილში საუბარია ბიპოლარული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებზე, მათ შორის – გენეტიკურ ფაქტორებზე. მეოთხე ნაწილი ეთმობა დაავადების ვარიაციებს: ასაკობრივ, სქესობრივ, პერსონალურ თავისებურებებს. მეხუთე ნაწილში განხილულია ცხოვრების სტილის, ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობა. მეექვსე ნაწილი წარმოადგენს შეჯამებას და პრობლემის გააზრებას სამომავლო პერსპექტივაში.
