ეს წიგნი განკუთვნილია კრიმინალური ქცევით, კრიმინოლოგიით და საგამოძიებო-სასამართლო ფსიქოლოგიით დაინტერესებული მკითხველისთვის, აგრეთვე – დარგის პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის. ავტორები გვახედებენ დანაშაულებრივი ქცევის წარმოშობის ფსიქოლოგიურ სიღრმეებში; გვაცნობენ კრიმინალური ქცევის თანამედროვე კონცეფციებს და კრიმინალური ქცევის ფაქტორებს. წიგნში განმარტებულია კრიმინალური ქცევის ბუნება, მიზეზები, ტიპოლოგია და ფსიქოლოგიური მოდელები, რომლებიც ახსნას უძებნიან კრიმინალურ აქტივობას. ყურადღება ეთმობა კრიმინალური ქცევის ფსიქოლოგიური ფაქტორების გაგებას და იმას, თუ როგორ ხსნის ფსიქოლოგია კრიმინალის მიზეზებს, კრიმინალის ამა თუ იმ გამოვლინებას და კრიმინალური ქცევის შედეგებს, როგორც ინდივიდუალურ, ისე სოციალურ დონეებზე. აქ გაეცნობით ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: 1. კრიმინალური ქცევის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური თეორიები. 2. კრიმინალის ტიპები და მათი ფსიქოლოგიური ფაქტორები; ფსიქოპათია-სოციოპათიისა და პიროვნული დარღვევების როლი კრიმინალურ ქცევებში. 3. კრიმინალური ქცევის შეფასების მეთოდები: კლინიკური ინტერვიუ, ფსიქოლოგიური ტესტები, რისკების შეფასება; დიაგნოსტიკის გამოწვევები და კრიმინალური მიდრეკილების განჭვრეტის პრობლემა. 4. ინტერვენცია და რეაბილიტაცია: ფსიქოთერაპიული მიდგომები; რეაბილიტაციის, დანაშაულის რეციდივის შემცირების და მოზარდთა დანაშაულის პრევენციის პროგრამები; პროგრამების ეფექტიანობის შეფასება და გამოწვევები. 5. კრიმინალის სამართლებრივი რეგულირება და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა: საგამოძიებო-სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევა, კრიმინალური პროფილები, განაჩენის გამოტანის ფსიქოლოგიური კონტექსტი. წიგნში ყურადღება გამახვილებულია აგრესიისა და ძალადობის პრობლემაზე; განხილულია აგრესიისა და ძალადობის თეორიები, აგრესიისა და ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორები (მათ შორის, ნივთიერებებზე დამოკიდებულება, ბავშვობის ტრავმა, სოციალური ფაქტორები), ძალადობის პრევენცია და ამ მხრივ დღეისთვის არსებული გამოწვევები.
