ეს არის ვრცელი და ინფორმატიული წიგნი სწავლისა და სწავლების ფსიქოლოგის შესახებ. ის განკუთვნილია საგანმანათლებლო დარგის პროფესიონალების, სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის, რომელთაც სურთ, ღრმად გააცნობიერონ სწავლის პროცესი და ის, თუ რა მეთოდებით შეიძლება ამ პროცესში მიღწეული შედეგების გაუმჯობესება. წიგნში განხილულია განათლების ფსიქოლოგიისთვის ისეთი არსებითი საკითხები, როგორებიცაა კოგნიტურ-ემოციური და სოციალური განვითარება, მოტივაციის თეორიები, სწავლების სტრატეგიები და შეფასების მეთოდები. აქ გაეცნობით განათლების ფსიქოლოგიის ისეთი კორიფეების შრომებს, როგორებიც არიან პიაჟე, ვიგოდსკი, ერიკსონი. ავტორი განიხილავს კომპლექსურ ფსიქოლოგიურ კონცეპციებს, იშველიებს ცოცხალ მაგალითებს და სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ მიგნებებს. ეს წიგნი აკავშირებს ერთმანეთთან თეორიას და პრაქტიკას, რაც მას ღირებულ რესურსად აქცევს, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მასწავლებლებისთვის. ეს არის კარგად სტრუქტურირებული, ბრწყინვალე სახელმძღვანელო, რომელიც ერთნაირი ეფექტიანობით უწყობს ხელს სწავლისა და სწავლების პროცესში მასწავლებლებისა და მოსწავლეების წარმატებას; ეხმარება მასწავლებლებს, უკეთ მოარგონ სწავლების პროცესი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს; მოტივაციის ფსიქოლოგიური ასპექტების ცოდნა კი ერთ-ერთი წამყვანი გასაღებია მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების გზაზე. წიგნი წარმოადგენს როგორც პირდაპირი სწავლების, ისე კვლევაზე დაფუძნებული და თანამშრომლობითი სწავლების სტრატეგიების პრაქტიკულ გზამკვლევს. ავტორი გვაცნობს სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდებს, რაც, მოსწავლეებს უადვილებს ინფორმაციის ათვისებას და გამოყენებას. წიგნში ასევე ყურადღება ეთმობა საკლასო პროცესის ორგანიზებას, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა მასწავლებლისთვის. ამ მხრივ მოცემულია მთელი რიგი პრაქტიკული ტექნიკები – პოზიტიური და სწავლაზე ორიენტირებული საკლასო გარემოს შესაქმნელად. წიგნში ასევე განხილულია მოსწავლეთა ქცევის მართვის სტრატეგიები – ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დამყარებული, არაკონფლიქტური გარემოს შესაქმენლად. ავტორი გვაწვდის შეფასების რეკომენდაციებს, როგორებიცაა შუალედური და შემაჯამებელი შეფასებები, სტანდარტიზებული ტესტირება, პრეზენტაციაზე დამყარებული შეფასება. გვაჩვენებს ესა თუ ის შეფასების ინსტრუმენტი როგორ უნდა იქნას ოპტიმალურად გამოყენებული მოსწავლის მიღწევების გაუმჯობესების მიზნით. სახელმძღანელოს თხრობა ნათელი და გასაგებია; მდიდარია ცოცხალი მაგალითებით და შემთხვევებზე დაფუძნებული ანალიზით, რაც სასწავლო პროცესის რეალისტური და ეფექტიანი ილუსტრაციაა. და მაინც, ვისთვის არის განკუთვნილი ეს წიგნი? – მასწავლებლებისთვის, ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის მიმართულებების სტუდენტებისთვის, საგანმანათლებლო ადმინისტრაციისთვის, განათლების პოლიტიკის მესვეურებისთვის.
