Essentials of Specific Learning Disability Identification., Vincent C. Alfonso, Dawn P. Flanagan., Essentials of Psychological Assessment., 2018., 640 pages   

ეს წიგნი დასწავლის პრობლემების მართვის გზამკვლევია. წიგნის ავტორები დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან. წიგნში მოცემულია დასწავლის პრობლემების (დისლექსია, დისკალკულია, დისგრაფია და სხვა) გამოვლენის, იდენტიფიცირებისა და ინტერვენციის შესაძლებლობები. დასწავლის პრობლემების ან მისი რისკების ადრეული გამოვლენა უაღრესად მნიშვნელოვანია ბავშვის კეთილსაიმედო განვითარების უზრუნველსაყოფად. დასწავლის პრობლემები ეწოდება მდგომარეობებს, რომელთა დროს აღინიშნება სირთულეები წერითი ან მეტყველებითი ინფორმაციის აღქმაში, მათემატიკურ კალკულაციაში, მოძრაობის კოორდინაციაში ან ყურადღების კონცენტრირებაში. აღნიშნული პრობლემები, როგორც წესი, თავს იჩენს ადრეულ ბავშვობაში, თუმცა მისი გამოვლენა მხოლოდღა სასკოლო ასაკში ხდება. ეს წიგნი მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის იმ პროფესიონალებს, რომლებიც ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობენ. აძლევს მათ პრაქტიკულ რჩევებს დასწავლის პრობლემების დროულად გამოსავლენად, აგრეთვე აცნობს ჩარევის მეთოდებს ასეთი პრობლემების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით. ეს არის წიგნის მეორე, შევსებული, რედაქცია, სადაც შესულია ახალი მონაცემები არავერბალური დასწავლის პრობლემების, ძირითადი სწავლის სირთულეების და სამეტყველო-ენობრივი დარღვევების შესახებ. ყურადღება გამახვილებულია დიფერენციალური დიაგნოსტირების საკითხზე.  წიგნში დეტალურად არის მოწოდებული ინფორმაცია იმ დახმარების შესახებ, რასაც შეიძლება მივმართოთ ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვის მხარდასაჭერად. იმის გაცნობიერება, თუ როგორ და როდის შეიძლება გამოვლინდეს დასწავლის პრობლემები და  სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების ცოდნა, პირველი და გადამწყვეტი საფეხურია მოსწავლეთა მხარდაჭერის საქმეში. თუკი დასწავლის პრობლემები გამოვლენილი იქნება ადრეულად და გატარდება მხარდაჭერის ადექვატური ღონისძიებები, მაშინ ეს ზრდის შანსებს, რომ ბავშვის სწავლის უნარები კეთილსაიმედოდ განვითარდეს და მას მიღწევები ჰქონდეს სკოლაში. დასწავლის პრობლემები პოპულაციის 10-15%-ში აღინიშნება. ასეთი საყურადღებო სტატისტიკა კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის სასწავლო დაწესებულებების კვალიფიციურ მონაწილეობას აღნიშნული მდგომარეობების დროული გამოვლენის და ეფექტიანი ინტერვენციის თვალსაზრისით. წიგნი განკუთვნილია მენტალური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პროფესიონალების, სტუდენტებისა და დაინტერესებული მკითხველისთვის.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top