Fundamentals of Psychological Disorders – 3rd edition., Bridley and Daffin Jr.., Washington State University., 2024

„ფსიქიკური დარღვევების საფუძვლები“ არის ვრცელი სახელმძღვანელო, რომელიც შემუშავებულია ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ და მისი მიზანია, დაეხმაროს მკითხველს ფსიქიკური დარღვევების არსის, მათი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სიღრმისეულად გაცნობიერებაში. სახელმძღვანელო მოიცავს ფსიქიკური დარღვევების ფართო სპექტრს, როგორებიცაა: შფოთვითი დარღვევები (გენერალიზებული შფოთვითი დარღვევა, პანიკური დარღვევა, ფობიები), გუნება-განწყობილების დარღვევები (დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა), ფსიქოტური დარღვევები (შიზოფრენია, ფსიქოზები), პიროვნული დარღვევები (მოსაზღვრე მდგომარეობები, ანტისოციალური პერსონალური დარღვევები), ნეიროგანვითარების დარღვევები (ობსესიურ-კომპულსიური დარღვევები), ტრავმასა და სტრესთან დაკავშირებული დარღვევები (პოსტტრავმული სტრესული აშლილობა). დეტალურად არის განხილული თითოეული მათგანის ეთიოპათოგენეზი, კლინიკური სურათი, დიაგნოსტირება და მკურნალობა. ყურადღება გამახვილებულია მენტალური ჯანმრთელობის მულტიფაქტორულობაზე – ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების როლზე მენტალური დაავადებების განვითარების პროცესში. ხაზგასმულია ამ ფაქტორების გათვალისწინების მნიშვნელობა არა მხოლოდ დაავადების გაგების, არამედ მისი მკურნალობის მიმართულებით. ავტორები ეყრდნობიან უახლეს სამეცნიერო მონაცემებს, დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს და მკურნალობის მეთოდებს. ყურადღებას უთმობენ მენტალური ჯანმრთელობის კულტურალურ და ეთიკურ ფაქტორებს. სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ძლიერი მხარე სწორედ მენტალური ჯანმრთელობის გაგების ბიოფსიქოლოგიური მოდელის წამოწევაა. ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ბიოლოგიურ ფაქტორებზე, მათ შორის – გენეტიკურ, ნეირობიოლოგიურ და თავის ტვინის სტრუქტურულ-ფუნქციურ ფაქტორებზე. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, განხილულია კოგნიტური, ემოციური და ქცევითი ფაქტორები, ხოლო სოციალური ფაქტორებიდან – ოჯახის დინამიკა, კულტურისა და სოციოეკონომიკური სტატუსის გავლენები. ასეთი მიდგომა მკითხველს ეხმარება კომპლექსურად გაიაზროს მენტალური დაავადებები, თუ როგორ განაპირობებს მრავლობითი ფაქტორების ურთიერთქმედება ფსიქიკური კონდიციების განვითარებას და პროგრესირებას. სახელმძღვანელო ეფუძნება უახლეს სამეცნიერო კვლევებს ფსიქოლოგიაში, ნეირომეცნიერებაში და კლინიკურ პრაქტიკაში. წიგნის თავები მდიდარია კლინიკური მაგალითებით, რაც უფრო ნათელს ხდის თეორიულ წარმოდგენას, განსაკუთრებით – დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საკითხებზე. თითოეული დაავადებისთვის მოწოდებულია დიაგნოსტიკური კრიტერიუმები, რომლებიც შესაბამისობაშია მენტალური დაავადებების დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის სახელმძღვანელოსთან (DSM-5). წიგნში გაშუქებულია სამკურნალო მიდგომების დიდი მრავალფეროვნება – ფარმაკოლოგიური ინტერვენციიდან დაწყებული, სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიდგომით დამთავრებული. აქვე მოტანილია ის სამეცნიერო კვლევები, რომლებიც აჩვენებენ სხვადასხვა თერაპიული მიდგომების ეფექტიანობას, მათ შესაბამისობას ინდივიდუალურ საჭიროებებთან. სახელმძღვანელოში აქცენტირებულია მენტალური ჯანმრთელობის კულტურული და ეთიკური პრობლემატიკა. კერძოდ, როგორ აისახება განსხვავებული კულტურის კონტექსტი ფსიქიკური დაავადების გაგებასა და მკურნალობის საქმეში. წამოჭრილია სტიგმის პრობლემა და სხვადასხვა ეთიკური დილემა. საუბარია მენტალური ჯანმრთელობის პერსპექტივების შესახებაც, მათ შორის – ახალი ტექნოლოგიების როლის, ნეიროპლასტიურობის შესახებ წარმოდგენის გაღრმავებისა და ინტერდისციპლინური ინტეგრაციის გაძლიერების შესახებ. მიუხედავად თემატური დატვირთულობისა, წიგნის თხრობა ნათლად გასაგებია, თავები ორგანიზებულია მოხერხებულად – შემაჯამებელი დებულებების, თვითშეფასების კითხვარებისა და ტერმინთა განმარტებების ჩათვლით. სახელმძღვანელო განკუთვნილია ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის შემსწავლელი სტუდენტებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ფსიქიატრებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, მენტალური ჯანმრთელობის სხვა პროფესიონალებისთვის. ეს არის თანამედროვე სამეცნიერო მტკიცებულებებზე და მდიდარ კლინიკურ გამოცდილებაზე დაფუძნებული, კარგად სტრუქტურირებული და ინფორმატიული წიგნი ფსიქიკური დაავადებების პრობლემატიკით დაინტერესებული მკითხველისთვის. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top