How emotions are made: the secret life of the brain., Lisa Feldman Barrett., HarperCollins., 2017., 448 pg

ეს არის რევოლუციური წიგნი და აი, რატომ: მან გადატრიალება მოახდინა ემოციის წარმოშობის ტრადიციულ გაგებაში. ამ წიგნს სამართლიანად უწოდეს “საოცარი, შემეცნებითი მოგზაურობა ემოციის შესახებ მეცნიერებაში”. წიგნის ავტორი ლისა ფელდმან ბარეტი გამოჩენილი ფსიქოლოგი და ნეირობიოლოგია. მან შექმნა კონსტრუირებული ემოციის თეორია. განსხვავებით ტრადიციული თეორიებისგან, რომლებიც ემოციას ბიოლოგიურად პროგრამირებულ უნივერსალურ ფენომენად განიხილავენ, კონსტრუირებული ემოციის თეორია ამტკიცებს, რომ ემოციები არ არის თანდაყოლილი რეაქციები, არამედ კონსტრუირდებიან ტვინის მიერ რეალურ დროში – მომენტის, გამოცდილების, კულტურის და ინდივიდულური კონცეფციის მიხედვით. ემოციები არ წარმოადგენს ხისტად პროგრამირებულ რეაქციებს, არამედ ფორმირდება სენსორული ინფორმაციის და გამოცდილების საფუძველზე, რაც მას ანიჭებს ინდივიდუალურობას და უნიკალურობას. ტვინი ფუნქციონირებს, როგორც პროგნოზირების მანქანა, რომელიც იღებს რა სენსორულ ინფორმაციას, ამზადებს მასზე პასუხს უკვე არსებული ცოდნის (გამოცდილების) გამოყენებით, სწორედ ეს წარმოადგენს ემოციური პასუხის არსს და ის თუ, როგორ განვიცდით ემოციებს და ვკლასიფიცირებთ მათ, დამოკიდებულია ჩვენს კულტურალურ და ლინგვისტურ კონტექსტზე. სწორედ ამით აიხსენება სხვადასხვა კულტურაში არსებული სხვადასხვა ემოციური გამოხატულებები. ამ თეორიულმა კონცეფციამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია, მედიცინა, სამართალი და სხვა. მაგალითად, ემოციების, როგორც კონსტრუქტის გაგებამ ახალი სინათლე შეიტანა მენტალური ჯანმრთელობის მართვის, სამართლებრივი საქმისწარმოებისა და სააღმზრდელო საქმეში, რაც პრაქტიკული მიდგომების გაუმჯობესების წინაპირობა გახდა. მაგალითად, პიროვნების ემოციური პლასტის კულტურალურ კონტექსტში განხილვა შეიძლება მნიშვნელოვანი დასაყრდენი გახდეს მენტალური დაავადებების მკურნალობის პროცესში. საინტერესოა ემოციის, როგორც კონსტრუქტის გაგება ხელოვნური ინტელექტის განვითარების თვალსაზრისითაც: პერსპექტივაში ხელოვნური ინტელექტი შეძლებს განასხვავოს ემოციები კულტურალური და ინდივიდუალური მახასიათებლების ჭრილში და გამოვიდეს ემოციის მარტივი გაგების (მიმიკის დონეზე) შეზღუდულობიდან. წიგნი ახალ მიმართულებას და ასპარეზს უსახავს ემოციების ბუნებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებსაც. წიგნში დეტალურად არის გაშუქებული კონსტრუირებული ემოციების თეორია. ავტორი ამტკიცებს, რომ ემოციები არ არის უნივერსალური და ავტომატური, არამედ კონსტრუირებულია რეალურ დროში ტვინის მიერ სენსორული ინფორმაციის, შინაგანი სიგნალების ინტერპრეტაციის, გამოცდილების, კულტურალური და ლინგვისტური კონცეპტების გამოყენებით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტვინი ემოციას კი არ ავლენს, არამედ – ქმნის მას. კულტრალური და ლინგვისტური ფაქტორების სასარგებლოდ ერთი მაგალითიც კი ნათლად მეტყველებს, სხვადასხვა კულტურაში ემოციის გამომხატველი ისეთი სიტყვები არსებობს, რაც მეორე კულტურის ენაში საერთოდ არ არსებობს. თეორიის ცენტრალური იდეა არის ის, რომ ტვინი გამუდმებით ვარაუდობს; უბრალო რეაგირების ნაცვლად ის გამოიცნობს, თუ რა უნდა მოხდეს, რის შემდეგ, ეყრდნობა რა გამოცდილებას, ამზადებს სხეულს მოქმედებისთვის. ტვინი კონსტრუირებს ემოციებს ამ ვარაუდების საფუძველზე. ტვინი არ ელის, რომ ის გააოცონ, არამედ წინასწარმეტყველებს და ემოცია არის ამ წინასწარმეტყველების შედეგი. ბარეტს შემოაქვს სხეულის ბიუჯეტის კონცეფციაც. როცა დაღლილობას გრძნობთ, განიცდით სტრესს, თქვენი ტვინი ინტეპრეტირებს ამ სიგნალებს და შეიძლება შექმნას შფოთვის ან სევდის ემოციები მაშინაც კი, როცა გარემოში საამისო არაფერი ხდება. ამ მოდელის საშუალებით აიხსნება ემოციური მერყეობა და ემოციური გადაწვა. რა გავლენა შეიძლება ქონდეს ემოციების ცოდნას? – ემოციების ბუნების ცოდნის საფუძველზე შესაძლებელია ქცევის მოდელების კორექტირება. მაგალითად, ბავშვებსა და მოზარდებს საკუთარი ემოციის არსის გაცნობიერება დაეხმარება, იყონ ემოციურად უფრო სტაბილურები; ემოციების ბუნების ცოდნა დახმარებას გაუწევს სამართალდამცავ პრაქტიკას და კიდევ უფრო გაზრდის სამართლიანი გადაწყვეტილებების ხვედრით წილს. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top