“ადამიანის განვითარების“ მეცხრე რედაქციით გამოცემა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ სახელმძღვანელოს განვითარების ფსიქოლოგიაში, რომელიც სამაგიდო წიგნად იქცა ფსიქოლოგიით დაინტერესებული მკითხველების, სტუდენტებისა და დარგის პროფესიონალებისთვის. წიგნის ღირსებას წარმოადგენს ადამიანის განვითარების ყველა ეტაპის ზედმიწევნითი აღწერა, პრენატალური პერიოდისა და სიკვდილის პროცესის ჩათვლით. წიგნის ავტორები ადამიანის განვითარებას განიხილავენ, როგორც ბიოლოგიურ-გენეტიკური, სოციოკულტურალური და საკუთრივ ფსიქოლოგიური ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგს. ამგვარი ხედვა განვითარების თითოეული ეტაპის კომპლექსური ანალიზის და ადამიანის, როგორც ინდივიდის, პიროვნებისა და ქცევის სუბიექტის განვითარების კანონზომიერებების გამოვლენის საშუალებას იძლევა. განვითარების ყოველი სტადიისთვის აღწერილია ფიზიკური, კოგნიტური, ემოციური, ფსიქოლოგიური განვითარების თავისებურებები. ამასთან, განვითარების პროცესი გაშუქებულია მაღალი ინდივიდუალური ვარიაბელობის გათვალისწინებით, რაც მკითხველში ყოველი ადამიანის, როგორც ღირებულების რწმენას ნერგავს და ამყარებს. წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი მეთოდოლოგიურ და ეთიკურ საკითხებს. წიგნი ინფორმატიულად უაღრესად ტევადია და ის ადამიანის ასაკობრივ ფსიქოლოგიასთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას პასუხობს. ამასთან, უაღრესად ღრმა სამეცნიერო განსჯა მოწოდებულია მკითხველისათვის ადვილად აღსაქმელი ფორმით. ავტორებმა უგულვებელყვეს მსჯელობის სწორხაზოვნება და წარმოადგინეს ადამიანის განვითარების პრობლემატიკასთან დაკავშირებული განსხვავებული ხედვები, რაც მკითხველს საკითხის მასშტაბურ გააზრებასა და საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბებაში ეხმარება. წიგნი ორგანიზებულია ოთხი მოცულობითი ნაწილის სახით. პირველ ნაწილში გაშუქებულია მეთოდოლოგიური მიდგომები, მემკვიდრეობითობისა და გარემოს ურთიერთქმედების ასპექტები, პრენატალური განვითარების პერიოდი. მეორე ნაწილში აღწერილია ადრეული ბავშვობის ასაკის ფსიქოლოგიური თავისებურებები. მესამე ნაწილში აღწერილია მოზარდობის ასაკის ფსიქოლოგიური თავისებურებები. მეოთხე ნაწილში აღწერილია მოზრდილობის პერიოდის ფსიქოლოგია, რომელიც იწყება ადრეული მოზრდილობის ასაკით და სრულდება სიკვდილის პროცესის ფსიქოლოგიური ასპექტებით. წიგნს დართული აქვს მოცულობითი განმარტებითი ლექსიკონი, აგრეთვე – გამოყენებული წყაროების ნუსხა და ტერმინთა ანბანური საძიებელი.
