ალცჰაიმერის დაავადება ასაკობრივი დემენციების ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა. მასზე დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის 4% მოდის, სიკვდილის მიზეზთა შორის მეშვიდე ადგილზეა და ხანში შესული ადამიანების შეზღუდული შესაძლებლობების მთავარი გამომწვევია. ალცჰაიმერის დაავადება თავის ტვინის ნეიროდეგენერაციული ცვლილებების საფუძველზე ვითარდება და ხასიათდება მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების თანდათანობითი განადგურებით, ემოციური სფეროს დარღვევებით და იმგვარი პროგრესირებადი დეზორიენტაციით, რაც ელემენტარული უნარ-ჩვევების მოშლასაც კი განაპირობებს. მსოფლიოში 55 მილიონზე მეტი ადამიანია დიაგნოსტირებული დემენციით; ყოველწლიურად 10 მილიონი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. 2019 წელს დემენციის გლობალურმა ეკონომიკურმა ტვირთმა 1.3 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აშშ სტატისტიკის მიხედვით 6 მილიონზე მეტი ამერიკელი, რომელთა უმრავლესობის ასაკი 65 წელი და მეტია, ცხოვრობს ალცჰაიმერის დაავადებით. წარმოდგენილ წიგნში – „ეს ალცჰაიმერის დაავადება?: 101 აქტუალური შეკითხვა მეხიერების დარღვევისა და დემენციის შესახებ“ – იპოვით ექსპერტულ პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც ასაკობრივი დემენციის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს იმ ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრებს დაესვათ ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი ან თვითონ მათ შეეხოთ მეხსიერების გაუარესების პრობლემა. წიგნის ავტორი, ჯონს ჰოპკინსის ფსიქიატრიისა და მედიცინის დეპარტამენტის ემერიტუსი პროფესორი, გერიატრიული ფსიქიატრიისა და ნეიროფსიქიატრიის განყოფილების დამფუძნებელი დირექტორი, პიტერ რაბინსი, დარგის უმაღლესი კლასის ექსპერტია. მისი ავტორობით გამოცემულია ისეთი წიგნები, როგორებიცაა “დღეში 36 საათი: საოჯახო გზამკვლევი ალცჰაიმერის დაავადების, დემენციის და მეხსიერების დარღვევების დროს”, “დემენციის პრაქტიკული მოვლა”. წიგნი „ეს ალცჰაიმერის დაავადება?: 101 აქტუალური შეკითხვა მეხიერების დარღვევისა და დემენციის შესახებ“ გამოცემის დღიდან ბესტსელერი გახდა. განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის, დაწერილია გასაგები ენით და მეტად მოცულობითი ინფორმაცია მოწოდებულია კითხვა-პასუხის ფორმით. წიგნი ორგანიზებულია შვიდი თემატური სექციის სახით და მასში განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა: – როგორ გავარჩიოთ მეხსიერების პრობლემები დემენციისგან? – როგორ ხდება დემენციის აღმოჩენა და დიაგნოსტირება? – რა ფაქტორები უწყობენ ხელს დემენციის პროგრესირებას? – შესაძლებელია თუ არა დემენციის/ალცჰაიმერის დაავადების თავიდან აცილება? – როგორ გავიუმჯობესოთ სიცოცხლის ხარისხი დემენციის პირობებში? – როგორ მოვუაროთ დემენციის მქონე ადამიანს? – როგორია დემენციის მართვა, მათ შორის – მედიკამენტური? – როგორ ამოვიცნოთ ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომები? – როგორ დავუჭიროთ მხარი დაავადებულ ადამიანს და დავეხმაროთ ფსიქოლოგიურად? წიგნი ბრწყინვალე გზამკვლევად იქცა მილიონობით ადამიანისთვის, რომელთაც დემენციასთან ერთად ცხოვრება უწევთ. ეს არის გასაგები, სხარტი და საიმედო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დემენციის პირობებში სწორად ორიენტირება, ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება და გაუმჯობესება. წიგნი შეუცვლელი სახელმძღვანელოა დემენციის პრობლემის წინაშე მდგარი პაციენტებისთვის, ასევე – მათი ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანებისთვის, ფართო საზოგადოებისთვის.
