Obsessive-compulsive and Related Disorders., Dan J. Stein, Samar Reghunandanan, Naomi Fineberg., Oxford University Press., 2015., 142 pg

საზოგადოებაში არსებობს მითი, რომ ობსესიურ-კომპულსიური მდგომარეობა პიროვნული შტრიხია და ის ყველა ადამიანს აღენიშნება მეტ-ნაკლებად. სინამდვილეში კი ობსესიურ-კომპულსიური მდგომარეობა სერიოზული მენტალური დაავადებაა, რაც შესაძლებლობების შეზღუდვის და ცხოვრების ხარისხის გაუარესების მიზეზია. პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე ობსესიურ-კომპულსიური მდგომარეობების გავრცელების სიხშირე და ის სირთულეები, რომელთაც ის განაპირობებს არა მხოლოდ ინდივიდის, არამედ ოჯახის და სოციუმის ცხოვრებაში. ობსესიურ-კომპულსიური დარღვევა ეწოდება მდგომარეობას, რომლისთვისაც დამახასიათებელია უკონტროლო აკვიატებული აზრები (ობსესია) და უკიდურესად განმეორებადი ქცევა (კომპულსია). ობსესიური აზრები, წარმოდგენები თუ  მოთხოვნილებები იწვევენ ძლიერ შფოთვას, რომლის თავიდან ასარიდებლად ადამიანი მიმართავს კომპულსიურ ქცევას, თუმცა კომპულსიური ქცევა ობსესიური აზრების დაძლევაში ვერ ეხმარება და პიროვნება ერთგვარ მოჯადოებულ წრეში ექცევა, სადაც აკვიატებულ ფიქრებს ასევე აკვიატებული ქმედებები ცვლის და პირიქით. პირველი სიმპტომები შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, თუმცა, როგორც წესი, თავს იჩენს გვიანი ბავშვობის და ადრე ახალგაზრდობის ასაკში. ისიც მართალია, რომ ადამიანების უმრავლესობას ცხოვრების გარკვეულ მომენტში ობსესიური აზრების ან კომპულსიური ქცევის გამოცდილება აქვს, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ობსესიურ-კომპულსიური დაავადება ქვია, რომლის შემთხვევაში ობსესიისა და კომპულსიის ციკლი ისეთ ექსტრემალურ ხასიათს იძენს, რომ მოიცავს პიროვნების უდიდეს დროს და ენერგიას, იწვევს ძლიერ სტრესს და ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობას. წიგნი ეძღვნება ობსესიურ-კომპულსიური და მსგავსი მდგომარეობების დიაგნოსტირების, შეფასებისა და მართვის საკითხებს. აქ თქვენ გაეცნობით ობსესიურ-კომპულსიური დარღვევების ფენომენოლოგიას, პათოგენეზს, ფარმაკოთერაპიასა და ფსიქოთერაპიის შესაძლებლობებს. წიგნს დართული აქვს წყაროების საძიებელი და შეფასების შკალები, რომლებიც ერთნაირად სასარგებლო იქნება, როგორც პაციენტების, ისე – კლინიცისტებისთვის. განხილულია კონკრეტული ობსესიურ-კომპულსიური გამოვლინებები, როგორებიცაა დისმორფული დარღვევები, ტრიქოტილომანია, ექსკორაციები და სხვა. წიგნი განკუთვნილია მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალების, პაციენტებისა და დაინტერესებული მკითხველისთვის. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top