Personality Theories: Basic Assumptions, Research and Applications., Daniel J. Ziegler.,McGraw-Hill., McGRAW-HILl., 1992

ეს არის ფსიქოლოგიის დარგში ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი წიგნი, რომელიც გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ იქცევიან ადამიანები ასე და არა – სხვაგვარად. აქ თავმოყრილია პიროვნების ფსიქოლოგიის ყველაზე წონადი თეორიები და რაც მთავარია, ყურადღება გამახვილებულია მათ პრაქტიკულ მნიშვნელობაზე. ამ წიგნში თქვენ ნახავთ მწყობრად და ნათლად გადმოცემულ მთელ იმ ცოდნას, რომელსაც თეორიულად ეყრდნობა პიროვნების ფსიქოლოგია. თეორიების ამ მრავალფეროვნებაში გარკვევა შეგიქმნით წარმოდგენას პიროვნების ფსიქოლოგიის დარგის და მისი კვლევის მთელი სირთულის შესახებ. ავტორებმა მიზნად დაისახეს და შესანიშნავად გაართვეს თავი არსებული თეორიების სისტემატიზირებას კონცეპტუალური კრიტერიუმების მიხედვით, რაც მკითხველს უადვილებს ამ მრავალფეროვნებაში გარკვევას და ცოდნის სინთეზს. ასეთი კრიტერიუმებია: თავისუფლება/დეტერმინიზმი, რაციონალურობა/ირაციონალურობა, ქოლიზმი/ელემენტარიზმი, კონსტიტუციონალიზმი/ინვაირომენტალიზმი, ცვალებადობა/არაცვალებადობა, სუბიექტურობა/ობიექტურობა, პროაქტიულობა/რეაქტიულობა, ჰომეოსტაზი/ჰეტეროსაზი, ცნობადობა/არაცნობადობა. წიგნში ვრცლად და საინტერესოდ არის მოთხრობილი პიროვნების ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდების, მათი ღირებულებებისა და შეზღუდვების შესახებ. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კვლევის ეთიკურობის პრობლემებს. წიგნი ორგანიზებულია თორმეტი თავის სახით. პირველ თავში განხილულია პიროვნების ფსიქოლოგია, როგორც დარგი და პიროვნება, როგორც კვლევის ობიექტი, აგრეთვე – თეორია, როგორს სამეცნიერო მოცემულობა, მისი არსებითი კრიტერიუმები და კომპონენტები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი ხდება თეორიის შეფასება. მეორე თავში განხილულია პიროვნების ფსიქოლოგიაში კვლევისა და შეფასების მიდგომები, არსებული მეთოდები და მათი სარწმუნობის პრობლემა. მესამე თავიდან გაეცნობით კონკრეტულ თეორიებს პიროვნების ფსიქოლოგიაში, როგორებიცაა ზიგმუნდ ფროიდის პიროვნების ფსიქოდინამიური თეორია, ალფრედ ადლერის პიროვნების ინდივიდუალური თეორია, კარლ გუსტავ იუნგის პიროვნების ანალიტიკური თეორია, ერიკ ერიკსონის პიროვნების ეგოს თეორია, ერიჰ ფრომის პიროვნების ჰუმანისტური თეორია, კარენ ჰორნის პიროვნების სოციოკულტურული თეორია,  გორდონ ოლპორტის პიროვნების დისპოზიციური თეორია, რაიმონ კეტელის პიროვნების სტრუქტურული თეორია, ჰანს აიზენკის პიროვნების ტიპოლოგიური თეორია, ბერას ფრედერიკ სკინერის ოპერატიული დასწავლის თეორია, ალბერ ბანდურას პიროვნების სოციო-კოგნიტური თეორია, ჯულიან როტერის სოციალური დასწავლის თეორია, ჯორჯ კელის პიროვნების კოგნიტური თეორია, აბრაჰამ მასლოუს პიროვნების ჰუმანისტური თეორია, კარლ როჯერსის პიროვნების ფენომენოლოგიური თეორია. თითოეული თეორიის აღწერას მოსდევს მისი შემაჯამებელი დებულებები, ემპირიული ვალიდაცია და პრაქტიკაში გამოყენება. თითოეული თავი მთავრდება თვითშეფასების კითხვარით, ტერმინთა განმარტებით და ბიბლიოგრაფიით. ასეთი სტრუქტურირება სახელმძღვანელოს მოხერხებულს და მიმზიდველს ხდის სტუდენტებისთვის. ბოლო თავში საუბარია პიროვნების ფსიქოლოგიის განვითარების ხედვებსა და პერსპექტივებზე. წიგნი მდიდარია პრაქტიკული სექციებით, მაგალითებით. აქ ჰარმონიულად არის შერწყმული ერთმანეთთან განხილული თემის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. წიგნი განკუთვნილია ფსიქოლოგიის შემსწავლელი სტუდენტებისთვის და პიროვნების ფსიქოლოგიით დაინტერესებული მკითხველისთვის.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top