Subpersonalities: The People Inside Us., John Rowan., Routledge., 1990., 242 pg

ის, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, ახალ ამბავს გაიგებს საკუთარ თავზე. ყველა ჩვენგანს გამოგვიცდია, როცა თავს გაორებულად ვგრძნობთ; როცა ჩვენი აზრი კონკრეტული საკითხის შესახებ არაერთგვაროვანია; როცა თითქოს ჩვენს ერთ ნაწილს ერთი რამ სურს, მეორე ნაწილს კი – მეორე რამ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი წიგნი პირველი, რომელიც ადამიანის ფსიქიკური ცხოვრების ამ საინტერესო მხარეს ეხება. ავტორის აზრით, ყველა ჩვენგანის პიროვნება შედგება სუბპერსონალიებისგან, რომლებიც თავს ავლენენ სხვადასხვა სიტუაციაში და რომელთა გაცნობით შეგვიძლია მივიდეთ საკუთარი პიროვნების უკეთ გაგებამდე, ურთიერთობების გაუმჯობესებამდე. ავტორი გვაცნობს სუბპერსონალიების წარმოშობის კონცეფციებს, გამოჩენილი მკვლევარების შრომებს ამ საკითხთან დაკავშირებით, აგრეთვე – საკუთარი მრავალწლიანი ფსიქოთერაპიისა და კონსულტირების პრაქტიკის საფუძველზე დაგროვილ გამოცდილებას. წიგნის ავტორი ჯონ როუენი ინგლისელი ფსიქოთერაპევტი და კლინიკური სუპერვაიზერი იყო. ის პროფესიულ წრეში ცნობილია, როგორც ჰუმანისტური ფსიქოლოგიისა და ინტეგრალური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი პიონერი, ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის უბადლო პრაქტიკოსი და სუბპერსონალიების კონცეფციის ავტორი. წიგნი ოთხი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში განმარტებულია, თუ რა არის სუბპერსონალიები, როგორ ვლინდება ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში. მეორე ნაწილში საუბარია სუბპერსონალიების ფუნქციებსა და როლზე, მათ გამოყენებაზე ფსიქოთერაპიაში. მესამე ნაწილი გვაცნობს სუბპერსონალიების წარმოშობის კონცეფციას, სამეცნიერო კვლევებსა და კონცეფციის კრიტიკას. მეოთხე ნაწილში საუბარია სუბპერსონალიების შესახებ სწავლების პერსპექტივებზე. წიგნი განკუთვნილია პიროვნების ფსიქოლოგიით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის, აგრეთვე – საკუთარი პიროვნებით დაინტერესებული მკითხველთა წრისთვის. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top