კვებითი ქცევის დარღვევები ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ მდგომარეობების მნიშვნელოვანი გავრცელებისა და მათთან დაკავშირებული სიკვდილობის რისკის გამო დიდი ყურადღება ეთმობა ადექვატურ ინტერვენციას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კვებითი ქცევის დარღვევების მქონე ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა მათი ახლო გარემოცვის მხრიდან, რასაც ხშირად გადამწყვეტი როლი აქვს მკურნალობის შედეგიანობის თვალსაზრისით. სპეციალისტები მხარდაჭერის ცენტრალურ რგოლად ოჯახს და ახლო გარემოცვას მოიაზრებენ და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მათი ცნობიერების ამაღლებას კვებითი ქცევის დარღვევებისა და იმ პრაქტიკის შესახებ, რომელიც დახმარებას გაუწევს ასეთი დარღვევების მქონე ადამიანებს. ეს წიგნი პირველად 1997 წელს გამოიცა და მაშინვე გახდა კლასიკური გზამკვლევი. ის განკუთვნილია კვებითი ქცევის დარღვევების მქონე ადამიანების ოჯახის, მეგობრების, ახლო გარემოცვისთვის და მიზნად ისახავს გვასწავლოს, თუ როგორ დავუჭიროთ მხარე ჩვენთვის ძვირფას ადამიანს, რომელსაც კვებითი ქცევის აშლილობა აღენიშნება. აქ წარმოდგენილი წიგნი მეოთხე რედაქციაა. ავტორები პაციენტთა ოჯახის წევრებს და ახლობელ ადამიანებს უახლეს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ მეთოდებს სთავაზობენ, რომლებიც მოსახერხებელი და ეფექტიანი იქნება კვებითი ქცევის დარღვევების მქონე ადამიანის დახმარების გზაზე. წიგნში აღწერილია კლინიკური მაგალითები, ნაჩვენებია დახმარების რეალური საშუალებები, აღწერილია აუცილებელი ინსტრუმენტები და მათი შეფასებისა და შერჩევის კრიტერიუმები. ავტორები გვაწვდიან კონკრეტულ რჩევებს და მხარდაჭერის ხერხებს, რითაც შევძლებთ კვებითი ქცევის დარღვევის მქონე ჩვენთვის ძვირფასი ადამიანის დახმარებას და მასთან კარგი კომუნიკაციის შენარჩუნებას. ამ წიგნში ინფორმაციის, მეთოდების და პრაქტიკული რჩევების კომბინაცია საშუალებას აძლევს ნებისმიერ მკითხველს, წარმატებით გაუძღვეს დახმარების გზას.
