კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961) ფსიქოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურაა. ის კლასიკური სიღრმისეული ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულების, ანალიზური ფსიქოლოგიის, ფუძემდებელია. იუნგი ერთნაირად დიდი მოვლენაა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში. ის მისი დროის უდიდესი ფსიქოთერაპევტია. იუნგმა ფსიქიკური არაცნობიერის ცნება გააღრმავა კოლექტიური არაცნობიერის შესახებ სწავლებით. აქ წარმოდგენილ კრებულში შესულია კარლ გუსტავ იუნგის რჩეული თხზულებები. წიგნის პირველი ნაწილი „ფსიქიკის ბუნებისა და ფუნქციონირების შესახებ“ მოიცავს ოთხ თხზულებას: „ტრანსფორმაციის სიმბოლოები“, „ფსიქიკის ბუნებისათვის“, „ეგოსა და არაცნობიერის ურთიერთმიმართება“, „ფსიქოლოგიური ტიპები“. ამავე ნაწილში განთავსებულია კიდევ ორი თხზულება: „კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპები“ და „დედის არქეტიპის ფსიქოლოგიური ასპექტები“. წიგნის მეორე ნაწილი „პათოლოგიისა და თერაპიის შესახებ“ მოიცავს სამ თხზულებას: „სიზმრების ბუნებისათვის“, „შიზოფრენიის პათოგენეზისათვის“, „ტრანსფერის ფსიქოლოგია“. წიგნის მესამე ნაწილში შესულია „რელიგიისა და ალქიმიის ფსიქოლოგიის პრობლემის შესავალი“ და „ფსიქოლოგია და რელიგია“. წიგნის მეოთხე ნაწილი „ადამიანის განვითარების შესახებ“ მოიცავს ესსეის „ქორწინება, როგორც ფსიქოლოგიური ურთიერთქმედება“. წიგნი განკუთვნილია ფსიქოლოგიის შემსწავლელი სტუდენტებისთვის, ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტებისთვის, აგრეთვე – ფსიქოლოგიით, კერძოდ, სიღრმისეული ფსიქოლოგიით დაინტერესებული მკითხველისთვის.
