The Bipolar Workbook: Tools for Controlling Your Mood Swings., Monica Ramirez Basco., Guilford Publications, Inc., 2015., 237 pages

ეს პრაქტიკული სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიპოლარული დაავადების მქონე ადამიანებისთვის, რათა დაეხმაროს მათ დაავადების სიმპტომების უკეთ გაცნობიერებაში, მათთან გამკლავებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ბიპოლარული დაავადება მენტალური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაა, რომელიც განაპირობებს გუნება-განწყობილების, კონცენტრირებისა და აქტივობის ცვლილებებს. ბიპოლარული დაავადებისთვის დამახასიათებელია ემოციური რეგისტრის ესტრემალური პოლარიზება – გუნება-განწყობილების უკიდურესად აწეული და უკიდურესად დაწეული  ეპიზოდების მონაცველობა. გარდა ამისა შეიძლება გამოვლინდეს ფსიქოტური სიმპტომებიც – ჰალუცინაცია ან ბოდვა. ბიპოლარული მდგომარეობა სერიოზულად აზიანებს პიროვნების ჯანმრთელობას, საქმიანობას და ურთიერთობებს. იმის მიუხედავად, რომ ბიპოლარული დაავადება დღემდე მნიშვნელოვან სამედიცინო-სოციალურ გამოწვევად რჩება, მისი მართვა შესაძლებელია და ამ მხრივ მნიშვნელოვანია თვითონ პაციენტის ჩართულობა. ეს წიგნი მიზნად ისახავს ბიპოლარული დაავადების მქონე ადამიანების მოტივირებას იმისთვის, რომ თავად შეასრულონ აქტიური როლი დაავადების სიმპტომთა ამოცნობის, მათი გამკლავებისა და პრევენციის საქმეში. წიგნი ათი ათასობით ადამიანის გზამკვლევად იქცა. მისგან მიღებულ სარწმუნო ინფორმაციასა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით შესაძლებელი ხდება ფსიქიკური ბალანსის მიღწევა და მკურნალობისგან მაქსიმალური შედეგის მიღება. წიგნის ავტორი, კლინიკური ფსიქოლოგი მონიკა რამირესი, წამყვანი სპეციალისტია. ის საერთაშორისო ექსპერტია კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში. ავტორი გვასწავლის სავარჯიშოებს, რომელთაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავართ დიდ სიცხადესთან და საკუთარი ძალების რწმენასთან ბიპოლარული მდგომარეობის დაძლევის საქმეში. გვეხმარება განსაკუთრებული უნარების გამომუშავებაში, რომლებიც გამოსადეგია როგორც ჰიპომანიის, ისე დეპრესიის ეპიზოდებთან გამკლავებისთვის. აქ ნახავთ აგრეთვე სტრატეგიებს სტრესის მართვის, ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის კუთხით. ცოცხალი მაგალითებით არის ნაჩვენები ის გზები, თუ როგორ უნდა იქნას მოყვანილი ესა თუ ის ტექნიკა ქმედებაში. წიგნი ტრადიციული თავების ნაცვლად ორგანიზებულია პრაქტიკული საფეხურების სახით. სულ ხუთი ასეთი საფეხურია. პირველ საფეხურზე ისწავლით, თუ როგორ აკონტროლოთ გუნება-განწყობილების ნახტომები და როგორ გამოყოთ ერთმანეთისგან ბიპოლარული დაავადების სიმპტომები და საკუთარი „მე“. მეორე საფეხურზე ისწავლით საკუთარი გუნება-განწყობილების მდგომარეობის გამოცნობას, გამშვები მექანიზმების გამოვლენას და მათთან გამკლავებას.  მესამე საფეხურზე ისწავლით იმ ფაქტორების თავიდან არიდებას, რომლებიც თავს ცუდად გაგრძნობინებენ, გამოიმუშავებთ უნარს, თუ როგორ არ მისცეთ ემოციებს საშუალება აკონტოლონ თქვენი აზრები. მეოთხე საფეხურზე ისწავლით, თუ როგორ შეამსუბუქოთ სიმპტომები. მეხუთე საფეხრუზე შეიძენთ პრობლემის გადაჭრის, სტრესთან გამკლავების უნარებს, გაიმყარებთ ჯანსაღ ჩვევებს და გამოუმუშავებთ საკუთარი მიღწევებით კმაყოფილებას.  

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top