The Dissociative Identity Disorder., Deborah Bray Haddock., McGraw Hill LLC., 2001., 224 pages

ამ წიგნს დიდი ინტერესით შეხვდნენ როგორც პროფესიონალი მკითხველები, ისე ის ადამიანები, რომელთაც პირადად შეეხო იდენტობის დისოციატიური დარღვევა. წიგნში ნათლად არის განმარტებული იდენტობის დისოციატიური დარღვევების ფენომენი, მისი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საკითხები; ამომწურავად არის აღწერილი დისოციატიური და პოსტტრავმული სიმპტომატიკა, მიმოხილულია დიფერენციალური დიაგნოსტირების პრობლემები. წიგნში საუბარია იმ პრობლემების შესახებ, რომელთაც ტრავმული გამოცდილება განაპირობებს ურთიერთობებსა და ყოველდღიურ აქტივობაში; საუბარია აგრეთვე თვითგამკლავების სირთულეების თაობაზე. დისოციატიური დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას შედეგად მოაქვს დესტიგმატიზაცია და დეპათოლოგიზაცია, საკუთარი ტრავმული გამოცდილების წინაშე სირცხვილის დაძლევა, ნდობის გაზრდა, საზოგადოებასთან გაზიარებისა და მისგან დახმარების მიღების მოთხოვნილება. წიგნში ვრცლად არის განხილული თერაპიული მიდგომები, თავად თერაპიის პროცესი, მისი დილემა და გამოწვევები. მოწოდებულია აგრეთვე სასარგებლო პრაქტიკული სავარჯიშოები. ავტორი დიდ ყურადღებას უთმობს დისოციატიური დარღვევის მქონე ადამიანის მოტივაციას, განიხილავს მას, როგორც აქტიურ რგოლს თერაპიის პროცესში და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პასუხისმგებლობის აღებას საკუთარი მდგომარეობის მართვაზე. წიგნი ორგანიზებულია ათი თავის სახით. პირველ თავში მოცემულია დისოციატიური მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა, ტერმინოლოგიის განმარტება და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები. მეორე თავში განხილულია დისოციატიური მდგომარეობის განვითარება, მენტალური პრობლემა და ადაპტაციური ფუნქცია, თავის ტვინის განვითარება და ემოციების მართვა. მესამე თავში საუბარია დისოციატიური დარღვევების დიაგნოსტირების შესაძლებლობებზე – დისოციაციის ინდიკატორებზე, დიფერენციალურ დიაგნოსტირებაზე, დიაგნოსტიკურ ინსტრუმენტებზე; მოწოდებულია შესაბამისი შკალები და კითხვარები. მეოთხე თავში განხილულია თერაპიული მიდგომები, რომლებიც გამოიყენება დისოციატიური დარღვევების სამკურნალოდ. მეხუთე თავში აღწერილია თერაპიის მიმდინარეობა და მისი ეტაპები. მეექვსე თავში საუბარია თერაპიის პროცესში წარმოქმნილი სირთულეებისა და გამოწვევების შესახებ. მეშვიდე თავში აღწერილია ფარმაკოლოგიური საშუალებები. მერვე თავში საუბარია ჯგუფური თერაპიის შესაძლებლობებზე – საზოგადოებისადმი ნდობის გაძლიერებაზე, მხარდაჭერის ჯგუფებსა და ფსიქოგანათლების ჯგუფებზე. მეცხრე თავში მოცემულია თვითდახმარებისა და გამკლავების ინსტრუმენტები – გაცნობიერება-მიღება, კომუნიკაციის ტექნიკები, ინფორმაცია ახლობელი ადამიანებისთვის; საუბარია ცხოვრების ჯანსაღი წესის, როგორც გამკლავების საშუალების შესახებ. მეათე თავში მოცემულია საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის გზები. ეს წიგნი სამაგიდო წიგნად იქცა კლინიცისტებისთვის და დარგის სხვა სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მან დიდი დახმარება გაუწია დისოციატიური დარღვევების მქონე ადამიანებს პრობლემის უკეთ გაცნობიერებასა და მასთან გამკლავებაში. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top