ეს წიგნი ეხება ფსიქოანალიზში ტრავმის და დისოციაციის კვლევას, თეორიას და პრაქტიკას. ტრავმა ფსიქოანალიზის ცენტრალური პრობლემაა, განსაკუთრებული ყურადღება კი ტრავმის ინტერპერსონალურ ფაქტორებს ეთმობა. ცნობილია, რომ ტრავმული გამოცდილება ხშირია და ის შეიძლება დაკავშირებული იყოს, როგორც მასშტაბურ მოვლენებთან (მაგალითად, საომარი ტრავმა), ისე – ყოფით შემთხვევებთან. მატრავმირებელი ფაქტორის მასშტაბის მიუხედავად, ტრავმული გამოცდილება მძიმედ აისახება ადამიანის ფსიქიკაზე. რაც შეეხება დისოციატიურ მდომარეობას, როგორც ტრავმის შედეგს, მისი გამოვლენის ხარისხი ვარიაბელურია – ყოფითი დისოციატიური ეპიზოდებით დაწყებული დისოციატიური აშლილობით დამთავრებული. წიგნის ავტორები წამყვანი ექსპერტები არიან და საშუალებას გვაძლევენ, ღრმად გავაცნობიეროთ ტრავმისა და მასთან დაკავშირებული დისოციატიური პრობლემის არსი. წიგნში გაშუქებულია ტრავმისა და დისოციაციის კვლევის ისტორია და თეორიული საფუძვლები, ტრავმისა და დისოციაციის ბმა ცხოვრებისეულ პრობლემებთან, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დამყარებული ინტერვენციის სხვადასხვა მოდალობები. ნათლად არის განმარტებული, თუ როგორ ვითარდება პათოლოგიური დისოციაცია ტრავმის საფუძველზე და როგორ ახდენს ის, თავის მხრივ, ზეგავლენას პიროვნების ფსიქოლოგიურ ორგანიზაციაზე; ეს არის ტრავმასთან და დისოციაციასთან დაკავშირებული ის საკითხი, რომელიც ყველაზე უფრო პრობლემური და ძნელად ახსნადია. წიგნი ორგანიზებულია ოთხ ნაწილად. პირველ ნაწილში გაშუქებულია ტრავმისა და დისოციაციის ფსიქოანალიტიკური ასპექტების შესწავლის ისტორია. მეორე ნაწილში მოწოდებულია კომპლექსური ტრავმის, დისოციაციისა და დისოციატიური აშლილობის ფსიქოანალიტიკური კონცეპციები. მესამე ნაწილში გაეცნობით კომპლექსური ტრავმისა და დისოციატიური აშლილობის ფსიქოანალიტიკური თერაპიის შესაძლებლობებს. მეოთხე ნაწილში ნაჩვენებია ტრავმისა და დისოციაციის კვლევების შედეგები, ტენდენციები და პერსპექტივები. წიგნი განკუთვნილია ფსიქოანალიტიკოსების, ფსიქოთერაპევტების, ფსიქოტრავმატოლოგებისა და ფსიქოლოგიის შემსწავლელი სტუდენტებისთვის, აგრეთვე – ფსიქოტრავმის პრობლემატიკით დაინტერესებული მკითხველისთვის.
