The Lıfe-changıng Impact of Vıktor Frankl’s Logotherapy., Teria Shantall., Springer International Publishing., 2020., 303 pg

ეს წიგნი საინტერესოდ მოგვითხრობს ვიქტორ ფრანკლის ლოგოთერაპიის და მისი საკაცობრიო მნიშვნელობის შესახებ.  ლოგოთერაპია წარმოადგენს მიდგომას, რომელიც დაფუძნებულია ცხოვრების საზრისის ძიებაზე. ვიქტორ ფრანკლი ფსიქოლოგიის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია ჰოლოკოსტის საშინელება და სწორედ ამ მძიმე გამოცდილებით მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ცხოვრების საზრისის ძიებაა. ლოგოთერაპია განსხვავდება ტრადიციული ფსიქოთერაპიებისგან იმით, რომ ის ფოკუსირებულია არა სიმპტომების მკურნალობაზე, არამედ – კლიენტის დახმარებაზე იმაში, რომ აღმოაჩინოს ცხოვრების საზრისი ყველაზე უფრო დიდი უბედურების დროსაც კი. წიგნში სიღრმისეულად გაშუქებულია შემდეგი საკითხები: 1. ვიქტორ ფლანკლის ლოგოთერაპიის არსი: ლოგოთერაპიას ხშირად უწოდებენ ფსიქოთერაპიის მესამე ვენის სკოლას, ფროიდისა და ადლერის ფსიქოთერაპიული სწავლებების შემდეგ. ფრანკლის სწავლების ამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი და ამ აზრის ძიებაში მდგომარეობს გადარჩენის საიდუმლო. ფრანკლი ამბობს: „მას, ვინც იცის რისთვის ცხოვრობს, ყველაფრის გადატანა შეუძლია.“ 2. ლოგოთერაპიის არსებითი კონცეფციები: თავისუფალი ნება: ფრანკლი ამტკიცებს რომ ადამიანი თავისუფლად ირჩევს მის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი, როგორი საშინელიც არ უნდა იყოს ეს მოვლენები. ეს შინაგანი თავისუფლება უმნიშვნელოვანესია მისი ღირსებისა და თავისუფლების განცდისთვის. ფრანკლი თვლის, რომ ადამიანის პირველადი მოტივაცია სიამოვნება კი არ არის (როგორც ამას ფროიდი ამტკიცებდა) ან ძალაუფლება კი არ არის (როგორც ამას ადლერი ამტკიცებდა), არამედ საზრისის წვდომაა. ფრანკლი თვლიდა, რომ ტანჯვას საზრისი აქვს. მაშინაც კი, როცა ადამიანი ვერ ცვლის არსებულ მდგომარეობას, მას შეუძლია იპოვოს საზრისი იმისთვის, თუ როგორ უპასუხოს ამ მდგომარეობას. როცა ადამიანი ცხოვრების საზრისს კარგავს, ის განიცდის მდგომარეობას, რასაც ფრანკლი „ეგზისტენციურ ვაკუმს“ უწოდებს და რაც გამოიხატება მოწყენაში, დეპრესიაში, სიცარიელის განცდაში. ეს ვაკუმი აიძულებს ადამიანს ეძებოს ნუგეში არაჯანსაღ გასართობებში და დამოკიდებულებით ქცევებში. ფრანკლი ამტკიცებს, რომ სრული დაკმაყოფილება მოდის არა თვითაქტუალიზაციით, არამედ – თვითტრანსცენდენტულობით: საკუთარი თავის გადალახვით მაღალ მისიებში – იქნება ეს სიყვარული, შემოქმედებითობა თუ სხვა მისია. 3. ლოგოთერაპიის გამოყენება: ლოგოთერაპია გამოიყენება კლიენტებთან, რომლებიც განიცდიან ეგზისტენციურ კრიზისს, დეპრესიას, შფოთვას. ის დააფიქრებს ადამიანს ცხოვრების მიზანზე და საკუთარი ცხოვრების უნიკალურ მნიშვნელობაზე. თერაპიის გზაზე ადამიანი აცნობიერებს საკუთარი ცხოვრების საზრისს იმ გამოწვევების პირისპირ, რომელთა წინაშეც იმყოფება და ამ გაცნობიერების კვალდაკვალ გამოიმუშავებს უფრო მეტ მედეგობას. ამ პროცესს ეგზისტენციალური რეფლექსია ეწოდება. ფრანკლის სწამს, პიროვნებას, რომელმაც იპოვა ცხოვრების საზრისი, შეუძლია მიაღწიოს დაკმაყოფილებას და კეთილდღეობის განცდას.  ფრანკლის მიდგომა უამრავ ადამიანს დაეხმარა გამკლავებოდნენ ცხოვრებისეულ სირთულეებს, დანაკარგებს, ტრავმებს და ეს შეძლეს საკუთარ პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებით. 4. ლოგოთერაპიის როლი თანამედროვე ცხოვრებაში: ფრანკლის სწავლება დღესაც აგრძელებს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენას სხვადასხვა სფეროზე, მათ შორის – ფსიქოლოგიაზე, განათლებაზე, ლიდერობაზე და ა.შ. ლოგოთერაპია გამოიყენება კლინიკური მიზნებისთვის – ფსიქოპათოლოგიებთან და ფსიქოტრავმებთან გასამკლავებლად. ფრანკლის მიდგომა ადამიანებს ეხმარება პიროვნულ ზრდაში, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობის, მარტოობისა და უმიზნობის განცდის დაძლევაში. ფრანკლის ფილოსოფია დღესაც აგრძელებს ადამიანების შთაგონებას მთელ მსოფლიოში, ტრანსცენდენტული კულტურისა და კავშირების დამყარებას ადამიანებს შორის. ფრანკლი გვასწავლის, რომ საზრისი ის კი არ არის, რაც სხვებისგან გვეძლევა, არამედ ის არის, რასაც აქტიურად ვეძებთ და ვქმნით. 5. ტანჯვისა და სიკვდილის როლი საზრისის პოვნაში: ფრანკლის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი წვლილი ადამიანების დახმარებაში არის მისი ფოკუსირება ადამიანურ ტანჯვებზე. ის არ უყურებს ტანჯვას რაღაც ისეთს, რასაც უნდა გაექცე, არამედ ტანჯვას განიხილავს, როგორც ცხოვრების აუცილებელ მხარეს, რომელიც პიროვნული ზრდის საწინდარია. ტანჯვის საზრისის გაცნობიერებით ადამიანს შეუძლია გარდაქმნას ტკივილი რაღაც ღირებულად. სიკვდილის გარდაუვალობის გაცნობიერება კი ადამიანებს მეტ მოტივაციას აძლევს დააფასონ აწმყო მომენტები და იცხოვრონ ავთენტური ცხოვრებით. ეს წიგნი არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას გვაძლევს ლოგოთერაპიის შესახებ, არამედ წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს იმის შესახებ, თუ როგორ გავითავისოთ ცხოვრების საზრისის ძიებასთან დაკავშირებული პრინციპები. ფრანკლის სწავლება  უბერებელია, ის მუდამ აქტუალურია კაცობრიობისთვის. ამდენად, ეს წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ პროფესიონალებისთვის და ფსიქოლოგიის შესწავლით დაინტერესებული მკითხველისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის, რომელთაც ცხოვრების საზრისის ძიება ამოძრავებს.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top