შფოთვა ძლიერ გავრცელებული მდგომარეობაა, ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვშფოთავთ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ჯანმრთელობა, ფული, სწავლა, სამსახური, და ოჯახი. როცა შფოთვა ხდება მუდმივი ან უკიდურესად გამოხატული, ყალიბდება შფოთვითი დარღვევა, რომელიც ხასიათდება ნევროტულობით, შიშისა და საფრთხის განცდით, მოუსვენრობით. საგულისხმოა, რომ შფოთვის მდგომარეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ფსიქოლოგიური დისკომფორტით, არამედ შემაწუხებელი ფიზიკური სიმპტომებიც აღინიშნება . შფოთვითი დარღვევები მენტალური ჯანმრთელობის ყველაზე ხშირი პრობლემაა. სტატისტიკის მიხედვით აშშ-ში შფოთვითი დარღვევით 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს , მათგან მხოლოდ 37% მიმართავს მკურნალობას. შფოთვა ართულებს გარემოსთან ადაპტაციას და ხელს გვიშლის ყოველდღიურ საქმიანობაში. შფოთვის პრევენცია ადვილი ამოცანა არ არის, თუმცა სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ყოველდღიური სტრესის შემცირებით ჩვენ ვამცირებთ შფოთვის განვითარების ალბათობას. აღნიშნული მიზნით მოწოდებულია ისეთი რეკომენდაციები, როგორებიცაა: რელაქსაციის ტექნიკები, ფიზიკური ვარჯიში, ძილის რეჟიმის მოწესრიგება, კოფეინის, კანაფისა და სხვა ნეირომასტიმულირებელი აგენტების მოხმარებაზე უარის თქმა, ჯანსაღი ურთიერთობები. სტრესისა და შფოთვის არიდების რეკომენდაციებს შორის სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მაინფდულნესის პრაქტიკა. მაინდფულნესი არის არაგანსჯითი დამოკიდებულება, ყურადღების კონცენტრირება ამჟამინდელ მოვლენებზე – „აქ და ახლა“ ყოფნის მდგომარეობა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი განცდებისა და აზრების გაცნობიერებას მათი აღმოცენების მომენტში; ეს კი ამცირებს მათ გარდაქმნას ავტომატურ რეაქციებად. მაინდფულნესის ტექნიკები არ წარმოადგენს სარელაქსაციო მედიტაციებს, ეს არ არის ტრანსის მდგომარეობის მიღწევა, ეს არ არის რეალობიდან გასვლა, არამედ მაინდფულნესი არის თვითრეგულირება, ფსიქიკური პროცესების გაცნობიერებული წარმართვა და ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც მუშაობენ ჩვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის. ეს წიგნი დაგეხმარებათ შეიმციროთ ყოველდღიური სტრესი და შფოთვა. ამისთვის წიგნში მოწოდებულია შესასრულებლად მარტივი და ეფექტიანი პრაქტიკული სავარჯიშოები და ტექნიკები, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ ფიზიკური და ემოციური სიმშვიდე, გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი და მიაღწიოთ კეთილდღეობას. სახელმძღვანელოში მოცემულია 8-კვირიანი პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ ყოველდღიურად გააუმჯობესოთ საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობა და დაძლიოთ შფოთვითი სიმპტომები. აქ არ არის საუბარი რამდენიმესაათიან მედიტაციებზე, არამედ რეკომენდირებული პრაქტიკა საშუალებას გაძლევთ, დროის სიმცირის პირობებშიც კი, გათავისუფლდეთ შიშებისა და შფოთვისგან. სახელმძღვანელო დაგეხმარებათ სწრაფად აითვისოთ მაინდფულნესის ის ინსტრუმენტები, რომლებიც განაპირობებს შფოთვითი მდგომარეობების დაძლევას და ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებით ტკბობას.
