The Narcissism Epidemic: Living in the Age of Entitlement., Jean M. Twenge, W. Keith Campbell., Atria Books, 2010, 343 pages

ნარცისიზმი შეიძლება განვმარტოთ, როგორც უკიდურესად დადებითი და გაზვიადებული წარმოდგენა საკუთარ თავზე. სად და როდის ვიძენთ ამ თვისებას? – ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში. ჩვენი გარემოცვა, მშობლები გვაჩვევენ იმას, რომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებულები. ისინი გვაძლევენ არა უპირობო სიყვარულს, არამედ სიყვარულს ჩვენი იმ თვისებების სანაცვლოდ, რომელთაც სხვების აღფრთოვანება შეუძლია და ჩვენც ვასრულებთ ამ როლს – „ნახეთ, რა მაგარი ვარ!“ ასე თანდათანობით ვსწავლობთ იმას, რომ შეიძლება თავი დავაღწიოთ ფრუსტრაციას, თუკი აღვაფრთოვანებთ გარემოცვას. ასე ყალიბდება გრანდიოზული „მე“. თანამედროვე სამყაროში ნარცისიზმს ვხვდებით ყველგან – პოლიტიკაში, ოჯახში, სამსახურში, სამეგობროში. დღევანდელობაში ხუთჯერ მეტად ვსარგებლობთ პლასტიკური ქირურგიით და კოსმეტოლოგიით, ვიდრე ათი წლის წინ. ნარცისიზმით გაჟღენთილია სოციალური ქსელები, მისით გაჯერებულია მოზარდთა ურთიერთობები, რაც არცთუ იშვიათად სასტიკ ხასიათს იძენს. ეს არის ის, რაც ხდის ადამიანებს დეპრესიულებს, მარტოსულებს, ვალებში ჩაფლულებს.  წიგნის „ნარცისიზმის ეპიდემია“ ავტორები არიან ამერიკელი ფსიქოლოგები ჯინ ტვინგე და კიტ კემბელი. ჯინ ტვინგე, სან დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისმა პირველმა წიგნმა „თაობა მე“, რომელიც მიეძღვნა 20-40 წლის ასაკობრივი ჯგუფის  ემოციურ და პროფესიულს გამოწვევებს თანამედროვე ცხოვრებაში, დიდი დებატები გამოიწვია საზოგადოებაში. ახლა ჯინ ტვინგე კიტ კემბელთან ერთად გამოდის კიდევ ერთი მძაფრი თემით, რომელიც უკვე ყველა ასაკობრივ და კლასობრივ ჯგუფს ეხება: თანამედროვე კულტურაში ნარცისიზმის დამღუპველი გავრცელება და მისი კატასტროფული შედეგები. კიტ კემბელი ჯორჯიის უნივერისიტეტის პროფესორი და 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. წიგნში „ნარცისიზმის ეპიდემია“ ავტორები დაუფარავად საუბრობენ თანამედროვე სამყაროში ნარცისიზმის საგანგაშო მატებაზე და გვისახავენ გზას, თუ როგორ შეიძლება შევაჩეროთ ეს ტენდენცია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ნარცისიზმს ვეჩეხებით ყველგან: ურთიერთობებში, მათ შორის – ოჯახში, სამსახურში, ეკონომიკურ ცხოვრებაში, სასწავლებელში, საზოგადოებასა და პოლიტიკაში. ასე განსაჯეთ, გლობალური ეკონომიკაც კი ზიანდება ნარცისტული, რისკიანი და არარეალისტური თავდაჯერებულობის გამო.  როგორც საზოგადოებას, ჩვენ გვაქვს შანსი, შევაჩეროთ ეს ეპიდემია მისი გამოვლენით, იმ ფაქტორების მინიმიზაციით, რომლებიც განაპირობებენ ნარცისიზმის გავრცელებას და მისი მკურნალობით ყველგან, სადაც კი გადავეყრებით მას. წიგნი გვასწავლის, თუ როგორ ამოვიცნოთ ნარცისიზმი, როგორ შევებრძოლოთ მას, როგორ დავძლიოთ თანამედროვეობის ეს საგანგაშო ეპიდემია.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top