ეს წიგნი არის გემბლინგის თეორიისა და კვლევის ოთხტომეულის პირველი ტომი. მასში გაშუქებულია გემბლინგის, როგორც გართობის საშუალების, ისე დამოკიდებულებითი ქცევის, ფსიქოლოგიური ფაქტორების კვლევის შედეგები. წიგნის ავტორი მიკალ აასვედი მინესოტას უნივერსიტეტის ადიქციის შემსწავლელი ცენტრის მკვლევარია. საკაცობრიო აზროვნებაში დიდი ხნის მანძილზე გაბატონებული მორალისტური თეორიების საპირისპიროდ, ის გემბლინგს განიხილავს, როგორც ფსიქიკურ ფენომენს და გვაცნობს თეორიებს, რომლებიც ხშირად ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა ყველა მათგანი აღრმავებს ჩვენს თვალსაწიერს გემბლინგის პრობლემასთან მიმართებაში. წიგნში განხილულია გემბლინგის ფსიქოდინამიკა; მოცემულია ფსიქოლოგიური თეორიები, რომლებიც ცდილობენ ახსნან, თუ რატომ თამაშობენ ადამიანები აზარტულ თამაშებს; მოცემულია პრობლემის ფსიქოანალიტიკური წიაღსვლები ისეთ ავტორებზე დაყრდნობით, როგორებიც არიან ფროიდი, ვონ ჰატინგბერგი, ბერგლერი, გრინსონი, სტეკელი და სხვ. ფსიქოანალიტიკური თეორიები გემბლინგს განიხილავს, როგორც ლიბიდოს ინვესტიციას და ადამიანის ფსიქოსექსუალური განვითარების სხვადასხვა სტადიებზე მომხდარი ფიქსაციების შედეგს. ფსიქოანალიტიკური თეორიების გარდა წიგნში განხილულია პერსონოლოგიური თეორია, ბიჰევიორული თეორიები. განხილულია ბიჰევიორული მოდელები და ოპერანტული კონდიციები. საგულისხმოა, რომ ავტორი ყველა თეორიულ მიმდინარეობას ურთავს კრიტიკასაც, სადაც ნაჩვენებია მათი შეზღუდვები. წიგნი იწყება შეკითხვით: „რატომ თამაშობენ ადამიანები აზარტულ თამაშებს?“ და პასუხად შემოთავაზებულია ბევრი თეორია, რომლებიც დაეყრდნო კვალიფიციურ კვლევებს, მათ შორის – კლინიკურ კვლევებსაც. წიგნის მიზანია ახსნას გემბლინგის ფსიქოლოგიური მოტივაცია; ახსნას განსხვავება გემბლინგს, როგორც გართობის საშუალებასა და გემბლინგს, როგორც დამოკიდებულებით ქცევას შორის; როგორ ხდება ისე, რომ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია აკონტროლოს გემბლინგის ქცევა, ხოლო სხვანი კი ამას ვერ ახერხებენ მაშინაც კი, როცა თამაშის ქცევა საფრთხეს უქმნის მათ ურთიერთობებს, სამსახურს, ოჯახს, ფინანსებს, მატერიალურ ქონებას.
