ამ წიგნში თავმოყრილია კლასიკური და თანამედროვე სწავლებები იმის შესახებ, თუ როგორია ადამიანის ემოციის, კოგნიციისა და ქცევის მიმართება ფულთან. ფსიქოლოგიას აინტერესებს ფული, როგორც ადამიანის ქცევის ფაქტორი და ამ თვალსაზრისით – თავის ტვინი, როგორც ფინანსური ცენტრი. წიგნი წარმოადგენს იმ ნეირობიოლოგიური მექანიზმების ინტერდისციპლინურ ანალიზს, რომლებიც ფინანსური ქცევითი ოპერაციების, მათ შორის ფსიქოპათოლოგიური პატერნების, უკან დგას. ავტორთა მიერ გაშუქებულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა ფულის მატერიალური, სიმბოლური და ანთროპოლოგიური მდგენელები; ფულის ობიექტური და სუბექტური ღირებულებები; ფულის ცნობიერი და არაცნობიერი გავლენები; ფულის გამომუშავებისა და ხარჯვის, მოგებისა და წაგების ფსიქოლოგიური ასპექტები; ფულადი სტიმულების მოტივაციური და კოგნიტური კონტროლი. საზოგადოებაში ფულის მნიშვნელობა ფულის შესახებ ფსიქოლოგიურ ცოდნას საჭიროს ხდის ისეთი სფეროებისთვის, როგორებიცაა სოციალური ფსიქოლოგია, ორგანიზაციული და ინდუსტრიული ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, ეკონომიკა და პოლიტიკა. წიგნი ორგანიზებულია სამი ნაწილის სახით. პირველ ნაწილში მოცემულია ფულის, როგორც ფსიქოლოგიური ფაქტორის მიმოხლვა: მეტაფორული, ანთროპოლოგიური და მოტივაციური ასპექტები. მეორე ნაწილში განხილულია ფულთან დამოკიდებულების ბიოლოგიური და კოგნიტური მექანიზმები. მესამე ნაწილში მოცემულია ფულის გამომუშავებისა და ხარჯვის ფსიქოლოგიური პროცესები და ფულის, როგორც ფაქტორის როლი ინტერპერსონალურ ურთიერთობებში.
