ფიზიკური სიმპტომის წარმოშობა და მისი სუბიექტური განცდა მკვლევართა დიდი ინტერესის საგანია. ფიზიკური სიმპტომი ყველას განგვიცდია და აღგვიქვამს ის, როგორც ფიზიოლოგიური სიგნალი, თუმცა სხეულებრივი სიმპტომები ხშირად გაურკვეველი წარმოშობისაა, არაერთმნიშვნელოვანია და ინტერპრეტაციის აღმძვრელია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ხშირად ერთმანეთს დაშორებულია ის, რასაც ჩვენ კონკრეტულ სიმპტომთან დაკავშირებით სუბიექტურად განვიცდით და ის, რაც ორგანიზმში ობიექტურად ხდება. ამდენად, ფენომენი, რომელსაც ფიზიკურ სიმპტომს ვუწოდებთ, ფსიქოლოგიის შესწავლის საგანიც არის, რამდენადაც ფიზიკური სიმპტომის შეგრძნებაც და აღქმაც ფსიქიკური ფენომენებია. ფიზიკური სიმპტომი შეიძლება ფსიქიკური შინაარსით იყოს გამოწვეული და პირიქით, ფიზიკურმა სიმპტომმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური პროცესი. ფიზიკური სიმპტომის გაცნობიერება დამოკიდებულია მთელ რიგ შინაგან და გარეგან სტიმულებზე და ამდენად, ის ვერ იქნება მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილების ზუსტი ასახვა. ფიზიკურ და ფსიქიკურ ფენომენებს შორის კავშირით წიგნის ავტორი ერთ-ერთი ექსპერიმენტული კვლევის დროს დაინტერესდა. მან შენიშნა, რომ ცდისპირების მხრიდან საკუთარი სხეულებრივი სიმპტომების აღქმასა და მათ აღწერაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენდა მკვლევართა მხრიდან ფსიქოლოგიური მანიპულაცია მაშინაც კი, როცა მათი ფიზიოლოგიური სტატუსი უცვლელი იყო. აქედან დაიწყო საკითხით დაინტერება და აღმოჩნდა, რომ არცთუ ბევრი კვლევა არსებობდა სომატურ-სენსორული გამოცდილების ფსიქოლოგიური ფაქტორების შესახებ. წიგნის ავტორია ტეხასის უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულების ემერიტუსი პროფესორი ჯეიმს პენებაკერი. მისი სამეცნიერო ინტერესია კორელაციების კვლევა ლინგვისტურ, ჯანმრთელობის და სოციალურ მოვლენებს შორის. ავტორია არაერთი წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომისა. აქ წარმოდგენილ წიგნში მოცემულია ის თეორიები და ჰიპოთეზები, რომლებიც ახსნას უძებნიან ფიზიკური სიმპტომების აღქმისა და აღწერის ფსიქოლოგიურ პროცესებს. გაშუქებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: – როდის ვაფიქსირებთ შეგრძნებას პირველად? – როგორ ორგანიზდება სპეციფიკური შეგრძნებები აღქმის სქემებში? – რა შესაბამისობაშია ერთმანეთთან ობიექტური და აღქმული ფიზიკური სიმპტომი? – როგორ ხდება ფიზიკური და ემოციურად აღქმული სიგნალების კატეგორიზება? – როგორია ფიზიკური სიმპტომის აღწერაში ინდივიდუალური ფაქტორების როლი?
