The Social Psychology of Obedience Towards Authority: An Empirical Tribute to Stanley Milgram., Dariusz Doliński, Tomasz Grzyb., Taylor & Francis Group., 2020 pg

ამ წიგნის შთაგონების წყარო გახდა სტენლი მილგრემის სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ავტორიტეტისადმი მორჩილების შესახებ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კვლევად ითვლება სოციალურ ფსიქოლოგიაში. ექსპერიმენტის გზით 1960 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა სტენლი მილგრემმა აჩვენა, რომ ადამიანი ემორჩილება ავტორიტეტული ფიგურის მითითებებს მაშინაც კი, როცა ისინი დამაზიანებელია სხვა ადამიანებისთვის. ექსპერიმენტი მდგომარეობდა შემდეგში: ცდისპირი „მასწავლებლის” როლს ასრულებს, ხოლო „მოსწავლის” როლში ცრუ ცდისპირია, რომელსაც მაჯებზე ელექტროდებს ამაგრებენ და სკამზე სარტყელით აბამენ. „მოსწავლეს” ავალებენ მიწოდებული სიტყვების წყების დამახსოვრებას, პულტთან კი „მასწავლებელი” – ანუ ნამდვილი ცდისპირი – ზის და „მოსწავლის” პასუხებს აღნუსხავს. მცდარი პასუხების შემთხვევაში „მასწავლებელი” პულტის სათანადო ღილაკზე დაჭერით ელექტროდენის დარტყმით სჯის „მოსწავლეს” არასწორი პასუხისთვის. თანაც „მასწავლებელს” გადამრთველი აქვს, რომლითაც დენის ძაბვას 15-დან 450 ვოლტამდე ცვლის. სინამდვილეში კი დენი მხოლოდ სახელურზე მიერთებულ ვოლტმეტრამდე მიდის – და არა „მოსწავლემდე”, რომელიც არტისტობს და დენის ძაბვის მომატებისას ვითომ მომატებულ ტკივილს გამოხატავს. ცდის ხელმძღვანელი, ავტორიტეტული პროფესორი, ცდისპირს ანუ „მასწავლებელს” დროდადრო ძაბვის მომატებას ავალებს. მილგრემს აინტერესებდა, იტყოდნენ თუ არა ცდისპირები უარს ექსპერიმენტის გაგრძელებაზე მით უფრო, რომ ექსპერიმენტის დაწყებამდე მან საზოგადოების გამოკითხვა ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ როგორ მოიქცევიან ზემოთაღწერილ ექსპერიმენტულ სიტუაციაში. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, არა მხოლოდ ისინი, არამედ ზოგადად ადამიანების უმეტესობა „მოსწავლის” მიერ ტკივილის განცდის შემთხვევაში ექსპერიმენტის გაგრძელებაზე უარს იტყვის, ხოლო 450 ვოლტით დასჯის გამოყენებაზე, მათი აზრით, მხოლოდ პათოლოგიური ფსიქიკის მქონე თუ დათანხმდება. ექსპერიმენტის შედეგებმა საწინააღმდეგო გამოავლინა: ცდისპირთა („მასწავლებელთა”) 2/3-ზე მეტმა, მიუხედავად იმისა, რომ „მოსწავლისთვის” მტანჯველი ტკივილი უნდა მიეყენებინა, ექსპერიმენტში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი არ თქვა და, პროფესორის მოთხოვნით, მაქსიმალური „სასჯელი” გამოიყენა. ექსპერიმენტი მრავალჯერ იქნა გამეორებული და გადამოწმებული სხვადასხვა პირობებში. მილგრემის აზრით, ცდისპირების უმრავლესობა ექსპერიმენტულ ვითარებას „ზნეობრივი არჩევანის ვითარებად” არ აღიქვამს; მინდობილნი არიან რა ავტორიტეტს, ეს ადამიანები ავტორიტეტის „აგენტის”, ანუ დეპერსონალიზებული, პასუხისმგებლობამოხსნილი წარმომადგენლის როლს ასრულებენ (კონფორმისტული აგრესია). აქ წარმოდგენილ წიგნში მილგრემის ექსპერიმენტული კონცეპცია განხილულია  თანამედროვე თვალსაწიერიდან, იმ ემპირიული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც ახსნას უძებნიან სოციალური მორჩილების წარმოშობისა და განვითარების ფსიქოლოგიურ მექანიზმებს. გაშუქებულია 2020 წელს ჩატარებული კვლევა, რომელმაც მიზნად დაისახა მილგრემის შედეგების გადახედვა და კონცეპციის გაფართოება. წიგნში განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მორჩილების განვითარების ფაქტორები; მმართველობის ლეგიტიმურობის პრობლემა; პასუხისმგებლობის ტვირთი და მისი განაწილება; საკუთარი ქმედებისგან მორალური გაუცხოვება და რაციონალიზება; ექსპერიმენტის ეთიკური პრობლემა და თანამედროვე ექსპერიმენტული კვლევის ეთიკური გამოწვევები; კულტურალური, პოლიტიკური და სოციალური გავლენები ადამიანის ქცევაზე; ჯგუფის დინამიკა და ჯგუფის ძალა; ჯგუფური კონფორმიზმი, ლიდერობა და მორჩილება თანამედროვე ცხოვრების კონტექსტში: სამუშაო ადგილზე, ჯარში, პოლიტიკურ ინსტიტუტებში, ავტორიტარულ წყობილებებში; მილგრემის ექსპერიმენტის თანამედროვე კონცეფცია და ემპირიული მიგნებები. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top